
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მამის, ლევან შაქარაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თუმცა, ამ ინფორმაციას ოჯახის ახლობელი და ადვოკატი, მირიან ნიკოლაძე უარყოფს.
„მადლობა ყველა ჟურნალისტს, ვინც ინფორმაცია გადაამოწმა ოჯახთან. გიორგის მამა, ლევან შაქარაშვილი გახლავთ ჯანმრთელი, იმყოფება სახლში, დადის სამსახურში და შესაბამისად, ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ გახლავთ არასწორი“, – წერს ნიკოლაძე სოცქსელში.
შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 19 წლის ფეხბურთელი ასფიქსიით, ანუ წყალში დახრჩობით გარდაიცვალა. სხეულზე დაფიქსირებული დაზიანებები კი მას სიკვდილამდე 10-20 წუთით ადრე აქვს მიყენებული.
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ ექვსივე არასრულწლოვანს პატიმრობა მიუსაჯა.























