
სოციალურ ქსელში მრავალშვილიანი დედა მომხმარებლებს სთხოვს, მის წერილს ყურადღება მიაქციონ და ვისაც შეუძლია, სამკაულები იყიდონ, რათა ხუთ არასრულწლოვან ბავშვს საჭმელი უყიდოს.
„იქნებ გამოჩნდეს ვინმე ძალიან გთხოვთ.სასწრაფოდ ვყიდი ვერცხლის საყურეებს და ბეჭედს პრობი 925 გიშრის ქვებით, 90 ლარად.
სასწრაფოდ მჭირდება ფული, მყავს ხუთი პატარა, ვარ ფეხმძიმედ და ამიტომ ვყიდი, მისი ფასია 120 ლარი და გავყიდი 90 ლარად.“ – წერს ნანა.

„პრაიმტაიმი“ ამ ოჯახის ისტორიით დაინტერესდა და წერილის ავტორს დაუკავშირდა.
პანდემიამ ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა. გამონაკლისი არც ნანა ბეგაძის ოჯახი აღმოჩნდა. მისი მეუღლე უმუშევარი დარჩა. თუმცა, მათი ცხოვრება სულ სხვანაირი იყო და მომავალიც სულ სხვანაირად წარმოედგინა.
ახლა, მისი იმედი ვერცხლის საყურე და ბეჭედია, რომლის გაყიდვითაც პატარებს კარტოფილი, პური და მაწონი უნდა უყიდოს…
„ხუთი შვილის დედა ვარ და ახლა, მეექვსე ბავშვზე ორსულად ვარ. ვარკეთილში ქირით ვცხოვრობთ. მეუღლე პანდემიის გამო, უმუშევარი დარჩა.
მანამდე კერძო კომპანიაში მუშაობდა, მაღალსართულიან შენობებში ვიტრაჟებსა და მინებს წმენდდა.
8, 6, 5, 4, 3 წლის პატარების დედა ვარ. სოციალურად დაუცველები ვართ. მართალია, სოციალური დახმარება გვერიცხება, ქირის ნაწილით ადგილობრივი მუნიციპალიტეტი გვაფინანსებს, მაგრამ მაინც არ გვყოფნის…
სანამ სოციალური დახმარება ჩაირიცხება ხოლმე, ბოლო ერთი კვირა გვიჭირს. ყოველთვის მაღაზიიდან ნისიად პროდუქტს ვერ ვიღებთ.
ახლაც, ასეთ სიტუაციაში ვართ. ბავშვებისთვის პროდუქტი მჭირდება რომ ელემენტარული რამ ვაჭამო… ვიცი, რომ ბევრს უჭირს. ვიცი, რომ უამრავს მედიკამენტი და საჭმელი სჭირდება, ამიტომ დახმარებას არ ვითხოვ.
ვისაც შეუძლია და ვისაც სამკაულები უყვარს, იქნებ ჩემგან ვერცხლის სამეული იყიდოს, რომ შვილებს კარტოფილი, პური და მაწონი ვუყიდო.
უფასო სასადილოთი ვსარგებლობდით, თუმცა იქ ძირითად სიაში ვერ მოვხვდით და თუ რამე დარჩება დამატებითი სიის მიხედვით, გაგატანთო, გვითხრეს.
ფეხით მივდიოდით და ნახევარ პურზე მეტი არ შეგვხვედრია, არავინ არაფერს ტოვებდა რომ ერთი ქილა წვნიანი მაინც წამოგვეღო.
ნახევარი პურისგან ბავშვებს თითო ნაჭერიც არ ხვდებოდათ. ამიტომ, უბნის მაღაზიაში ნისიად ვიღებთ ხოლმე, მაგრამ ყოველთვის ვერ გვაძლევენ.
ახლა, სწორედ ასეთ მდგომარეობაში ვართ. ამიტომ, ვყიდი უკანასკნელ სამკაულს.
სახლი გურიაში გვაქვს. ლანჩხუთის რაიონში. იქ ჩემი პენსიონერი მშობლები და მრავალშვილიანი და ცხოვრობს. ჩვენც იქ გადავიდოდით, მაგრამ ჩვენი სახლი დაიშალა, კედლები ჩამოინგრა, ფაქტობრივად ისინიც ღია ცისქვეშ არიან დარჩენილები.
მათ ჩვენზე მეტად უჭირთ, გაურკვეველი მიზეზის გამო, სრულიად უშემოსავლო ოჯახს, რომელიც ნანგრევებში ცხოვრობს, სოციალურ დახმარებასაც არ აძლევენ“ – ამბობს მრავალშვილიანი დედა.























