
ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე სეტეფანემ სუჯუნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში წირვა აღავლინა.
წირვის შემდეგ მიტროპოლიტმა მრევლს ქადაგებით მიმართა და სიფრთხილისკენ მოუწოდა. მეუფემ ქადაგების ბოლოს ჟურნალისტები დალოცა.
“დავლოცავ ჩვენ მასმედიას, რომლებიც ზოგი შეცდომაშია, ზოგი არასწორად მოქმედებს, მაგრამ მე მაინც ვიცი, რომ მრავალი ჟურნალისტი არის სულიერად ისეთი ადამიანი, რომ არ სურს ბოროტების გავრცელება და სურს სიკეთე და თქვენ უნდა გამოხატოთ თქვენი დამოკიდებულება სიკეთისადმი, თქვენი სიუჟეტებით, თქვენი გადაცემებით. თქვენთვის ეს პროფესიაა და სასუფეველში წასასვლელად გჭირდებათ ასეთი მოქმედება, რომ ადამიანები კი არ დაბრკოლდნენ და ბოროტებაში კი არ ჩავარდნენ, არამედ მონახონ გზა სიკეთისა. მე დაგლოცავთ და გისურვებთ, რომ სიკეთის გზაზე გეტარებინოთ ხალხი. თქვენ გყავთ ძალიან დიდი აუდიტორია”, – განაცხადა მეუფე სტეფანემ.
ცნობისთვის, 8 მარტს დაპირისპირება მოხდა მარტვილის ეპარქიაში. შედეგად, ეპარქიის მოაჯირიდან ჟურნალისტები და ოპერატორები გადაცვივდნენ.
დაშავდა ასევე „ტვ პირველის“ ოპერატორი ალეკო ხაზალია, ჟურნალისტი პაპუნა შუშანია და „რუსთავი 2“-ის ის ოპერატორი დათო კონჯარია.
ეპარქიაში ის დიაკვნები და მრევლი შეიკრიბა, რომლებსაც მიტროპოლიტმა სტეფანემ მღვდელმსახურება შეუჩერა. ისინი მისგან ახსნა-განმარტებას ითხოვენ.
ეპარქიასთან შეკრებილმა სასულიერო პირებმა და მრევლმა მეუფე სტეფანეს გაშვება და მეუფე პეტრე ცაავას დაბრუნება მოითხოვეს.
ახალმა მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ ბრძანება #2 გამოსცა, სადაც ახსნილია დეტალურად, თუ რატომ შეუჩერდათ ეპარქიაში მოღვაწე დიაკვნებს კონსტანტინე გაბისონიას და პეტრე ღუდუშაურს მღვდელმსახურება.






















