
ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოები 15 ივნისისთვის დასრულდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„გლდანის რაიონის ორი ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაცია, რომელიც გასულ წელს დავიწყეთ, დასასრულს უახლოვდება. ამჟამად მიმდინარეობს ზედა ფენების მოწყობა კონკრეტული გზის მონაკვეთზე.
15 ივნისისთვის ორივე ცენტრალური ქუჩა დასრულებული იქნება.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იმ თვალსაზრისით, რომ მიწის ქვემოთ არსებული კომუნიკაციები მთლიანად შეიცვალა.
აქ იგება სპეციალური, მოდიფიცირებული ასფალტი, რომელიც ჩვენ გასულ წელს ბარათაშვილის აღმართზე გამოვიყენეთ.
ჭავჭავაძის გამზირზე დავიწყეთ ამ კონკრეტული მოდიფიცირებული ასფალტით გზის მოწყობა და ამავე მაღალი ხარისხის ასფალტს ვაგებთ ახლა გლდანშიც. გარდა ამისა, ორკილომეტრიან მონაკვეთში მოეწყო ბეტონის ფერდდამჭერი ჯებირები, გაგანიერდა ტროტუარები.
იყო კონკრეტული ადგილები, სადაც უბრალოდ ფეხით მოსიარულეთათვის შეუძლებელი იყო გადაადგილება ტროტუარის სიმცირის გამო და ეს ყველაფერი იქნა გათვალისწინებული ამ პროექტში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 12 955 554 ლარი დაიხარჯა. სამუშაოებს, რომელიც ივნისის შუა რიცხვებში დასრულდება, კომპანია „ენ სი სი“ აწარმოებს.
























