
გლობალურ ეპიდვითარებასთან შედარებით, ჩვენ მივდივართ სასურველი, რბილი ეპიდსცენარით,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
„განვიხილავთ ყველა შესაძლო სცენარს და მოვახდენთ მის რევიზიას. ამ ეტაპზე მივდივართ ყველაზე რბილი სცენარით. 130 გახდა უკვე. ეს იქნება ყოველდღე მატებადი, მაგრამ საბედნიეროდ, არ გვყავს არც ერთი გარდაცვლილი.
ზოგად, გლობალურ ეპიდვითარებასთან შედარებით, ჩვენ მივდივართ სასურველი, რბილი ეპიდსცენარით, მაგრამ არ გვაქვს უფლება, რომ მივეცეთ თვითკმაყოფილებას.
უნდა განვიხილოთ ყველა შესაძლო, მათ შორის, ურთულესი სცენარიც, რადგან თვითონ ეპიდვითარება, ეპიდემიოლოგიური ხასიათი არის ფეთქებადსაშიში.
შესაძლოა, ყოველდღე შეიცვალოს ვითარება, ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ყველა სცენარისთვის მზად და ამ საკითხებს განვიხილავთ დღეს“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 130 შემთხვევაა დაფიქსირებული.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები






















