
საქართველოს ექსპრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის მიძღვნილი სიმღერა „მიშა მაგარია“ NFT-ით ვაჭრობის ვებგვერდზე, Openseas-ზე აიტვირთა და მისი ფასი 12.02 ეთერიუმია რაც 55 000 $-ს შეადგენს.
NFT (Nonfungible Token) ჩაუნაცვლებელი ციფრული ინფორმაციაა და ის კრიპტოვალუტა ეთერიუმის ბლოკჩეინის ნაწილია.
სიმღერა „მიშა მაგარია“ ჯგუფ „სახეს“ ყოფილმა სოლისტმა, პარლამენტის ყოფილმა წევრმა და ასევე გარემოს დაცვის ყოფილმა მინისტრმა, გოგა ხაჩიძემ დაწერა. აღნიშნულ სიმღარეზე კლიპი 2007 წელს გადაიღეს.
თუ რატომ გადაწყვიტა გოგა ხაჩიძემ სიმღერის გაყიდვა, ამ კითხვაზე „პრაიმტაიმს“ უპასუხა:
„ვყიდი იმიტომ რომ სწორი დრო და მომენტია, უნიკალური პროდუქტია და NFT გამოცდილებაც საინტერესოა.
ვფიქრობ, ხვალ უფრო ძვირად გაიყიდება
ჯერჯერობით ერთმა დააფიქსირა ყიდვის სურვილი, ოღონდ დაბალ ფასად. ამ პლატფორმაზე პირველად ვყიდი მუსიკას“, – გვითხრა გოგა ხაჩიძემ.
გოგა ხაჩიძე 2004 წლის მარტიდან ამავე წლის დეკემბრამდე იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები“.
2004 წლის დეკემბრიდან 2005 წლის მარტამდე იყო საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში.
2005 წლის მარტიდან 2008 წლის ნოემბრამდე წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში.
2008 წლის 1 ნოემბრიდან დაინიშნა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრად. ამ პოსტს იკავებდა 2012 წლის სექტემბრამდე.
2012-2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“.
ასევე დაგაინტერესებთ ⇓

























