
გუშინ, “პრაიმტაიმს” ერთ-ერთი მკითხველი დაუკავშირდა და ზესტაფონელი მარიამ სუხიაშვილის შესახებ ინფორმაციის სასწრაფო გავრცელება სთხოვა, გამოქვეყნდა სტატია სათაურით: “როცა გაუსაძლისი ტკივილები აწუხებს, არ ამბობს, რათა დედამ არ ინერვიულოს – 20 წლის მარიამს ექიმებმა დიაგნოზი ვერ დაუსვეს”. ეს ადამიანი მარიამის ნათლია, ნესტან სარალიძე-ბერიაა, რომელიც დღეს ისევ დაგვიკავშირდა და სამწუხარო ამბავი მოგვაწოდა.
20 წლის მარიამის დიგანოზირება მოხერხდა, მას თურქეთში სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს… ჯერ ისევ კვლევები მიმდინარეობს და სტადია ჯერ განსაზღვრული არ არის. იმისთვის, რომ მარიამს ქიმიოთერაპია დაუწყონ, მანამდე სასწრაფოდ 5 000 დოლარია საჭირო.
“ჯერ კიდევ გუშინ, არაფერი ვიცოდით მარიამის დაავადებაზე. გვიან ღამით კი გავიგეთ, რომ სიმსივნე ჰქონია. საქართველოში ტყუილად აწვალეს ეს პატარა გოგო. აქ ერთი წლის წინ, საკვერცხეზე ოპერაცია გაუკეთეს, როგორც აღმოჩნდა, სიმსივნური უჯრედები საკვერცხიდან მუცელში გაიბნა, ლავიწის ძვალთანაც აღმოჩნდა.
თურქი ექიმები სასწრაფო წესით, 5 000 დოლარს ითხოვენ. მარიამს მხოლოდ დედა ჰყავს, რომელიც შშმ პირია და ისინი სოციალურად დაუცველები არიან. იმის გამო, რომ მშობელი მის მკურნალობას ვერ დააფინანსებს, იქნებ საზოგადოების ერთობამ ეს გოგო გადაარჩინოს. იმედს არ ვკარგავ, რომ მისთვისაც გავერთიანდებით და დავეხმარებით, თუნდაც 1 ლარით.” – ამბობს ნათლია.
ახალგაზრდა გოგოს მუცელი სითხით ევსება, ექიმები უღებდნენ, მაგრამ ვერც გამომწვევ მიზეზებს ადგენდნენ და ვერც მკურნალობის კურსს საზღვრავდნენ. როგორც ჩვენთან საუბარში, მარიამის ნათლია, ნესტან სარალიძე ამბობს, ნათლულს კვლევები ჯერ ქუთაისში, შემდეგ თბილისში დაუწყეს, ბოლოს კი, ინფექციური საავადმყოფოდან ანალიზები გერმანიაში გაიგზავნა, მაგრამ ვერც იქ მოხერხდა დიაგნოზირება.
სწორედ ამიტომ, ნათლიის ინიციატივით, გოგონა თურქეთში გაემგზავრა და ახლახანს ცნობილი გახდა, რომ მას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს…






















