10:32 | 2021-12-04 ავტორი: Prime Time

რომელი პროფილის ექიმთან მისვლა ესირცხვებათ და ეგოიმებათ საქართველოში – ნახეთ, რას ამბობს ცნობილი ექიმი

რომელი პროფილის ექიმთან მისვლა ესირცხვებათ და ეგოიმებათ საქართველოში – ნახეთ, რას ამბობს ცნობილი ექიმი

სახიფათო, საზოგადოებისთვის ფსიქიური სიჯანსაღისთვის მავნე ტალღა უვლის ქვეყანას, – ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია წერს.

 

მისი თქმით, ფსიქოთერაპიის სეანსი საქართველოში მიუღებლად მიაჩნიათ, რაც სავალალო შედეგებს იწვევს.

 

„შესანიშნავად მესმის: პოლიტიკური მიზანშეწონილობითაა განპირობებული აუარება ხუმრობა, რაც ყოფილი პრეზიდენტის ფსიქიატრთან კონსულტაციას მოაყოლეს. ხუმრობათა დიდი ნაწილი გაცვეთილია და „ნაპოლეონის თემას“ არ ცილდება. ამ, თითქოს უწყინარი ქილიკით, კი ძალიან ცუდი საქმე კეთდება: უფრო მძაფრდება ფსიქიატრთან კონსულტაციის გამო დაღდასმულობის საქართველოში დამკვიდრებული უგოიმესი, 21-ე საუკუნესთან სრულიად შეუსაბამო კლიშე!

 

ზუსტად იგივე ხედვა აქვთ სამწუხაროდ, დღეს მოსახლეობას, როგორც 100 წლის წინ – როცა ფსიქიატრთან ნამყოფი ქალი ვერ გათხოვდებოდა! ჩემდა სამწუხაროდ, ახალგაზრდებსაც არა აქვთ სწორი ინფორმაცია. ამ ბოლო პერიოდში მომიწია რამდენიმე შემთხვევამ, როცა სრულიად დარწმუნებული ვიყავი, რომ სასარგებლო იქნებოდა რამდენიმე ახალგაზრდა ადამიანს, ჩემი მეგობრების შვილებს, ძმიშვილებს, ევლოთ ფსიქოთერაპიის სეანსზე და ეს ძალიან წაადგებოდათ მათ ყოველდღიურობაში. ჩვეულებრივი მოვლენაა, განვითარებულ ქვეყნებში და გარკვეულწილად, პრესტიჟულობის და საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის გამომხატავიც. ძლივს დავიყოლიეთ, იმიტომ რომ ესირცხვილებოდათ! იმიტომ, რომ დემონიზირებულია ფსიქიატრია ჩვენი უკიდურესად ჩამორჩენილობის გამო!

 

დღესაც, ძალიან ხშირად, ფსიქიური პრობლემების მქონე ადამიანები მიჰყავთ ნევროპათოლოგთან – უფრო მსუბუქად ჟღერს და იმიტომ. აუარება ძმაკაცი მყავს ნევროპათოლოგი აქაც, ფბზე, ვინც ამ სტატუსს წაიკითხავს და მათი თანდასწრებით გეუბნებით: არცერთმა ნევროპათოლოგმა არ იცის ადამიანის ფსიქოლოგია და პათოლოგია! არაა ეს მათი საქმე. ისევე, როგორც არცერთმა ფსიქიატრმა არ იცის ნევროპათოლოგის ჩაქუჩის ხმარებაც კი.

 

ამიტომ, სტრესულ სიტუაციებში კი არა, ჩვეულებრივ, ყოველდღიურ რუტინულ ცხოვრებაშიც კი სასარგებლოა გყავდეთ თქვენი ფსიქოთერაპევტი და ამაში არაფერია არც სამარცხვინო, არც დასაცინი! დასაცინი ჩემი აზრით პირიქით, ის გოიმებია, ვისაც 21-ე საუკუნეში ფსიქიატრია მხოლოდ „ნაპოლეონებთან“ ურთიერთობა ჰგონიათ და ამით აბრკოლებენ ახალგაზრდა, საზოგადოების აზრს შემყურე ახალგაზრდებს ფსიქიური სიჯანსაღის თანამედროვე ხედვებისგან“, – ვკითხულობთ გადელიას ფეისბუკ-პოსტში.

 

ნახეთ ყველა მნიშვნელოვანი სიახლე და ვიდეოები ამ ბმულზე

ავტორი: Prime Time

X