
ყველა ჩვენთაგანს ალბათ არაერთხელ ჰქონია შეგრძნება, რომ საერთოდ არ ახსოვს სრული ჩამონათვალი იმ პროდუქტებისა რაც დღის განმავლობაში მიიღო. ეს ფაქტი შეგვიძლია დავაბრალოთ დღის სხვა აქტივობებს, რომლებიც მიგვაჩნია, რომ უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე კვებაზე კონცენტრირება.
ჩვენ ვმუშაობთ, ვმოძრაობთ, ვკითხულობთ, ვუყურებთ ტელევიზორს ან გვიჭირავს ჩვენი მობილური ტელეფონი და სოციალური ქსელებით ვერთობით, ამიტომ კვებაზე ფიქრი მეორე ხარისხოვანი ხდება.
გონება გადართულია საქმეზე, ბავშვებზე, სერიალში მთავარ გმირზე და დაძაბულ მოვლენებზე, სოციალურ ქსელში ნანახ საინტერესო ფოტოზე და შესაბამისად საკვების მიღება ხდება ინსტიქტური, ვიღებთ იმას რაც ხელთ მოგვხვდება, ანუ ნაკლებ დროს ვუთმობთ კერძზე და პროდუქტზე დაფიქრებას. – ამ ყველაფერზე „პრაიმტაიმის“ მკითხველს ფიტნეს მენტორი სანდრო გოგოხია ესაუბრება.
შეიძლება ამ ფაქტმა სიმსუქნის ეპიდემია გამოიწვიოს?
რატომაც არა. შეერთებული შტატები და ინგლისი ამ პრობლემამ სრულად მოიცვა, ევროპის არაერთი სხვა ქვეყანაც უჩივის მზარდ სტატისტიკას. საქართველოში კი სტატისტიკის თანახმად მოსახლეობის 20%-ზე მეტი არის ჭარბწონიანი.
როგორ გავუმკლავდეთ გაფანტული გონების დროს მიღებული საკვებით მომატებულ კილოგრამებს?
გსმენიათ, თუ არა რაიმე გონივრულ კვებაზე? გონიერი ცხოვრება გულისხმობს არსებულ მომენტზე ფოკუსირებას, მშვიდად გააზრებას და აღქმას ყველა იმ მოვლენის, შეგრძნების, ფიქრის რაც ამ არსებულ მომენტში ხდება. ცხოვრებისეული გონიერების პრინციპები ვრცელდება აგრეთვე კვებაზეც.
გონივრული კვება გულისხმობს სრულად გააზრებას ყველა იმ პროცესის რაც კვების დროს მიმდინარეობს. აღნიშნული პროცესი აუცილებლად უნდა იყოს პირველხარისხოვანი, გამორთეთ ტელევიზორი, გადადეთ ტელეფონი და კონცენტრირდით მხოლოდ საკვებზე.
პირველი ეტაპი იწყება იმის გაანალიზებით, ნამდვილად მოვიდა შიმშილის გრძნობა, თუ უბრალოდ ემოციური შიმშილია.
შემდეგი პროცესი არის დაფიქრება საკვების შერჩევისას, გაანალიზება რომელი პროდუქტი დაგვანაყრებს ისე, რომ შიმშილის გრძნობა მოკლას რამოდენიმე საათით.
აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ შერჩეული პროდუქტების ან კერძის შემადგენლობას, რამდენად ჯანსაღია, რამდენად გადამეტებულად აქვს კერძს სოუსები, ცხიმი.
აუცილებლად წინასწარ უნდა მოვიფიქროთ, როგორ გავხადოთ კერძი გემრიელი ზედმეტი არაჯანსაღი დანამატების გარეშე, ვინაიდან თუ გემრიელად არ მივირთმევთ ჯანსაღ კვებაზეც ხელს ჩავიქნევთ.
და ბოლოს, წინასწარ გავთვალოთ პორციის ზომა, ვინაიდან ვიცით, რომ რამდენ საკვებსაც დავიდებთ თეფშზე იმდენივეს მივირთმევთ.
რატომღაც არსებულ რეალობაში ადამიანები კვებას მაქსიმალური ყურადღებით და მაქსიმალური კონცენტრაციით არ უდგებიან. ან ვიღებთ ყველაფერს რაც ხელთ მოგვხვდება და დახარბებული თვალით გვინდება და ეს მოქმედება არის მეორე ხარისხოვანი, ვინაიდან ფონად აუცილებლად არის ჩართული კომპიუტერი ან ტელევიზორი, ან გადავდივართ მკვლელ დიეტაზე და ვშიმშილობთ.
არადა საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ კონცენტრირება, წინასწარ გააზრება და შემდეგ მოქმედება, ხოლო მოქმედების მომენტში პროცესზე ფოკუსირება. სწორედ ამაშია ხიბლი გონიერი ცხოვრების, რაც შემდეგ გონივრულ კვებაში გადადის.
ვეცდები რამოდენიმე მნიშვნელოვანი რჩევა მოგცეთ იმისთვის, რომ გონივრული კვებისკენ პირველი ნაბიჯები გადავდგათ.
საყიდლებზე აუცილებლად წადით სიით, რომელიც წინასწარ გექნებათ გაანალიზებული. სიაში უნდა შედიოდეს ჯანსაღი პროდუქტები, რომელთაგანაც დაამზადებთ გემრიელ კერძებს, რომელზეც ასევე წინასწარ გექნებათ ნაფიქრი.
ასევე შეიძინეთ ერთი ისეთი პროდუქტი, რომელიც უბრალოდ გიყვართ, რომ მარტივად ხელმისაწვდომი იყოს სახლში და ამის გამო ხელახლა მარკეტში წასვლა არ გახდეს საჭირო, ვინაიდან ამ უკანსაკნელის შემთხვევაში იყიდით ყველაფერს რასაც დაინახავთ და მოგინდებათ. მსგავსი მოქმედება არის საწინდარი იმისა, რომ თავიდან აიცილოთ იმპულსური შესყიდვები.
მაგიდას არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიუსხდეთ ძალიან მშიერი, ვინაიდან ამ შემთხვევაში თქვენ არც დაფიქრების და არც გაანალიზების დრო არ გექნებათ და მიიღებთ ყველაფერს რასაც მაცივარში ან მაგიდაზე დაინახავთ. თქვენი ყველა მოქმედება იქნება ორიენტირებული მხოლოდ კუჭის გავსებაზე და არა ჭამისგან სიამოვნების მიღებაზე.
დააფასეთ თქვენი საკვები. შუა კვების დროს გაჩერდით რამოდენიმე წამით და გაიაზრეთ, თუ რა ჯანსარად იკვებებით, რა კარგი შედეგი მოაქვს მსგავს კვებას, როგორც სხეულის სილამაზისთვის ასევე ჯანმრთელობისთვის. ისიამოვნეთ პროცესით და მაქსიმალურად ფოკუსირდით მომენტზე.
კერძის მომზადების პროცესში დააკვირდით ყველა დეტალს. მოამზადეთ დაუზარებლად, ყველა დეტალის გათვალისწინებით.
თუ კერძს უკვეთავთ რესტორანში, მშვიდათ გადახედეთ მენიუს, გაანალიზეთ რომელი კერძი არის უფრო ჯანსაღი ინგედიენტებისგან შემდგარი, დეტალების გარკვევაში დაიხმარეთ მიმტანი. შეუკვეთეთ ჯერ ერთი კერძი, შეიძლება მეორე საჭირო აღარც იყოს.
საკვები დაღეჭეთ ნელა, შეიგრძენით გემო მაქსიმალურად, აიღეთ პატარა ლუკმა და ისიამოვნეთ.
მეგობრებო, კვება არ არის მეორეხარისხოვანი მოვლენა ჩვენს ცხოვრებაში. მივაქციოთ მეტი ყურედღება და დავუთმოთ მეტი დრო.
ვკონცენტრირდეთ ყველა იმ დეტალზე რაც კვების პროცესში არის მნიშვნელოვანი. სწორი და ჯანსაღი კვება მარტივად მიიღწევა გონივრული მიდგომით, რაც საწინდარია ჯანსაღი და ლამაზი სხეულის.























