
არქიმანდრიტი საბა ჟღენტი ამბობს, რომ ყინწვისის მონასტერში მომხდარ ინციდენტზე ინფორმაცია არ აქვს. მისი დაჭრის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია კი ტყუილია.
მისი თქმით, ეს ინფორმაცია მისმა უამრავმა ახლობელმა წაიკითხა და მედიამ ინფორმაცია შეცდომით გაავრცელა.
„გულნატკენი ვარ, რომ ასეთი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება. ჩვენ მშობლები, ახლობლები გვყავს და ასეთი ცრუ ინფორმაცია რომ ვრცელდება, ვიღაცაზე ეს ცუდად მოქმედებს… ძალიან ძნელია ამის ატანა.
მე მხედავთ, როგორ ვარ და რა მდგომარეობაში ვარ – დაუჭრელი და ცოცხალი ვარ, მადლობა ღმერთს,“ – ამბობს არქიმანდრიტი საბა ჟღენტი ტელეკომპანია „პირველთან“ ჩართვისას.
ჟურნალისტის კითხვაზე, რა მოხდა ყინწვისის მონასტერში და რატომ დაიწყო შსს-მ გამოძიება იარაღის უკანონოდ შეძენა/შენახვის მუხლით – არქიმანდრიტი საბა ამბობს, რომ მან ეს არ იცის.
„მე მინდა გითხრათ: რომ შსს-მ ჩაატარა ოპერაცია, საიდან ამოიღო ის იარაღი… მე არ ვიცი, ვის ჰქონდა იარაღი…
შსს ბევრ სამუშაოს ატარებს და ბევრგან აქვს იარაღი ამოღებული, მე რომ ეს ინფორმაცია მქონდეს, მაშინ ტაძრის წინამძღვარი კი არა, ვიქნებოდი შსს მინისტრი და მეცოდინებოდა რომელი იარაღი საიდან ამოიღეს.
მე ვარ კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, საბა ჟღენტი, არქიმანდრიტი.
მე უარვყოფ იმას, რომ აქ საბას კოშკში, რაიმე ოპერაცია ჩატარდა და იარაღი ამოიღეს.
მამა დავითთან, რა მოხდა ტაძარში, რა იარაღი ამოიღეს – ეს მე არ ვიცი. მამა დავითს უნდა ჰკითხოთ. მე არ მაქვს ინფორმაცია…,“ – ამბობს არქიმანდრიტი საბა ჟღენტი.
შეგახსენებთ, რომ მედიაში დილიდან ვრცელდება ცნობები ყინწვისის მონასტერში სასულიერო პირებს შორის მომხდარი დაპირისპირების შესახებ.
ამავე ინფორმაციის თანახმად, რომელსაც ეპარქიაში კატეგორიულად უარყოფენ, ერთ-ერთი სასულიერო პირი მეორემ დაჭრა.
დიანა ტრაპაიძის დღის ამბები – არქიმანდრიტი საბა (ჟღენტი)
➡ არ ვარ დაჭრილი, ცოცხალი ვარ მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის ➡ მე უარვყოფ, რომ აქ საბას კოშკში, კეთილგონიერი ავაზაკი სახელობის ტაძარში არანაირი ოპერაცია არ ჩატარებულა და არანაირი იარაღი არ ამოუღიათ 👥 ინტერვიუ არქიმანდრიტ საბასთან (ჟღენტი) – კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის ტაძრის წინამძღვარი
Gepostet von TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი am Mittwoch, 22. April 2020






















