
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთში, ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1950 წელს დაბადებული ა.ზ. დააკავეს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანში, სამეზობლო დავის ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლით მეზობლად მცხოვრებ ბიძაშვილსა და მის მეუღლეს – გ.ზ.-ს და მ.ზ.-ს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ა.ზ., ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მომხდარიდან მალევე, სოფელ გურჯაანის მიმდებარე ტერიტორიაზე, მინდორში დააკავეს“, – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადეაში.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – გლუვლულიანი სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო. ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.






















