19:15 | 2020-05-26 ავტორი: Prime Time

გურული გლეხის ლექსი, რის გამოც ავტორი ქვეყნიდან სამუდამოდ გაასახლეს

გურული გლეხის ლექსი, რის გამოც ავტორი ქვეყნიდან სამუდამოდ გაასახლეს

დღეს 26 მაისია… საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. თუმცა 1918 წელს მოპოვებული დამოუკიდებლობა დიდხანს არ გაგრძელებულა…

 

საქართველოს ოკუპაციის შემდეგ საბჭოთა ხელისუფლება სასწრაფო წესით შეუდგა ქვეყნის მენშევიკებისაგან გაწმენდას.

 

ხშირ შემთხვევაში ადამიანების დასაპატიმრებლად განსაკუთრებული მიზეზი არ არ სჭირდებოდათ.

 

საკმარისი იყო, რამე დაგეწერა, ან გეთქვა ისეთი, რაც ბოლშევიკებს არ მოეწონებოდათ, რომ ადამიანის ბედი ერთ წამში გადაწყვეტილიყო.

 

გურული გლეხის, პავლე კალანდაძის გადასახლების საბაბი ის თეთრი ლექსი გახდა, რომელიც მან საქართველოს გასაბჭოების შემდეგ შეთხზა.

 

თუმცა რეალური მიზეზი ის იყო, რომ პავლე კალანდაძე მენშევიკი გახლდათ და მენშევიკების მთავრობაში ჯანდაცვის განყოფილებაში მდივნის თანამდებობა ეკავა.

 

პავლე კალანდაძე ჩოხატაურის რაიონში, სოფელ ხიდისთავში ცხოვრობდა. ის საკმაოდ განათლებული იყო, ამიტომ კერძო მოწაფეებიც მრავლად ჰყავდა.

 

მოგვიანებით კი ერთ-ერთი მოწაფე, თამარი ცოლადაც შეირთო და სამი შვილი შეეძინათ.

 

პავლე კალანდაძე 1922 წლის თებერვალში ფოთში დააპატიმრეს. მის დაჭერას საფუძვლად უდევს ამონაწერი ცნობების მიმწოდებლის პატაკიდან… ასე მუშაობდა მაშინ „ჩაშავების“ ინსტიტუტი“!

 

ამას სასწრაფოდ მოჰყვა მისის ბინის ჩხრეკა, ამ წერილის პოვნა და დადგენილება:

 

„მიესაჯოს იზოლაცია განუსაზღვრელი ვადით“.

 

ისტორიული სახლი გურიაში - ნოდარ დუმბაძის სოფელ ხიდისთავში (ფოტოები)
2020-05-08ისტორიული სახლი გურიაში - ნოდარ დუმბაძის სოფელ ხიდისთავში (ფოტოები)

 

თეთრი ლექსი კი, რომელიც კალანდაძეს ბრალდების საფუძველი გახდა, ასეთია:

 

„ამხანაგო ბიძია….

 

იმ დასაქცევ 18 მარტს გევიხედე ბიძია და ნეტაი არ გამეხედა.

 

რაღაცა გააქვს ბრიგინ-ბრიგინი, დრიგინ-დრიგინი, ლიწინ-ლიწინი, პრიწინ-პრიწინი

 

და მოდის, მარა რა მოდის! მოდის უშველებელი რევკომი, პროდკომი და პრედრევკომი,

 

მოდისდა მოუძღვება, მაგრამ რას მოუძღვება, მოსდევს და რა მოსდევს!

 

მოსდევს: პარტკომი, პროდკომი, პრუდკომი, პუსკომი, დოიკომი, უჩასტკომი, ფაბრიკომი, ზავომი, გუბრატკომი, მესტკომი, სოვნარხოზი, სორნაოზი, ფარნაოზი, გრუკავროსტი

 

სულ პრახვოსტი, კომხოზი, ფინონდული, ფარნოდელი, ზუბოდელი, ჟილოდელი ჟანდარმები წინანდელი, კომსოიზიპროფსაუზი,

 

კომსომოლა, სოცაბეზა, ნარკომზდრავი, ზრავოდელი აგენტ-პუქტი, იქით პუნკტი, ზიგიზმუნდი, მიგიზმუნდი, ბიგიზმუნდი,

 

ნაჩიბრიგი, ნაჩიდრიგი, ნაჩიდიკი, ფარპოდი – ღეჩეპოდი სანიტარპოდი და უკან მოსდევს დეზკარმერა და ჩეკა.

 

მოაქვთ, მარა რა მოაქვთ! ნეტავი არ მოჰქონდეს, მოაქვთ:

 

შიმშილობა, წყურვილობა, უფულობა, უპურობა, უხორცობა, უღვინობა, უწამლობა, უბინაობა, უცოლობა, უქმარობა, გაყრა-გამოყრა და გაშტრიგინებული საანკეტო ფურცლები!

 

მოვიდნენ, მარა რა მოვიდნენ! ნეტავ არ მოსულიყვნენ!

 

დალაგდნენ ქალაქში, ვაგზალში, ქუჩაში, დუქანში, სოფელში, ბოსელში, შენს ოთახში, ჩემს ოთახში, მის ოთახში, სხვის ოთახში, შენს ლოგინში, ჩემს ლოგინში, სხვის ლოგინში.

 

დალაგდნენ თუ არა, ჩვენ გაგვათავისუფლეს.

 

გაგვათავისუფლეს ჭამისაგან, სმისაგან, დახურვისაგან, ბინისაგან, წამლობისაგან, სიარულისაგან, მოსვენებისაგან, გავლისაგან, გამოვლისაგან და თავისუფლებისაგან.

 

გაგვათავისუფლეს თუ არა, მერე დააარსეს საქართველოში, მარა რა დააარსეს!  

 

საბჭოთა მთავრობა, სრული უთავობა, შაბათ-კვირაობა, ქუჩის ხვეტა, ეზოს ხვეტა, ჩაის კრება და  საანკეტო ფურცლების წერა!

 

მოგვაყენეს გაშტრიგინებული ფურცლები და გვიბრძანეს: – აჰა, ჩასწერეთ:

 

რა იყავით, რაზე იყავით, რა ჭამეთ, რისთვის ჭამეთ, ვინ გაჭამა, ვინ გაგაძღო, რაზე გაძეხი, სად ცხოვრობდი, რაზედ ცხოვრობდი, რაზე მოდი, ან რა გინდა და შემდეგ წააწერეს, მაგრამ რა წააწერეს:

 

გააძევეთ, ვიკინუტ, დაიჭირეთ, დახვრიტეთ, არესტავაი ვ ჩეკუსაგან!

 

ერთ სიტყვით, ყოლისფერი ბევრი ჩამოიტანეს, მარა ყოველისფერს ჩეკა სჯობია იმით რომ ნიკოლოზის თავს გამოჩეკარეს!“

 

(სტილი დაცულია)

 

მასალა მომზადებული „საარქივო მოამბეზე“ დაყრდნობით, რომელიც 1921 წლის მოვლენებს მიეძღვნა. 

ავტორი: Prime Time

X