12:24 | 2021-04-02 ავტორი: თამარ გონგაძე

“გუშინ პირველად ვერ მივიდა ყვითელი ყვავილებით ბელას საფლავზე” – როგორ არის კახი კავსაძე

“გუშინ პირველად ვერ მივიდა ყვითელი ყვავილებით ბელას საფლავზე” – როგორ არის კახი კავსაძე

1 აპრილს ბელა მირიანაშვილი 83 წლის გახდებოდა… ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მსახიობის დაბადების დღემ ისე ჩაიარა, რომ კახიმ უსაყვარლესი ცოლის საფლავზე ყვავილები ვერ მიიტანა. მარად შეყვარებული ლეგენდარული მსახიობი ისევ კლინიკაში რჩება, ისევ – რეანიმაციულ განყოფილებაში. მდგომარეობა სტაბილურია.

 

იმერი კავსაძე “პრაიმტაიმს” ძმის ამჟამინდელ მდგომარეობაზე უყვება.

 

იმერი კავსაძე: – სამი დღის წინ ვიყავი, ვნახე. ჯერ ისევ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მონიტორზე ორგანიზმში მიმდინარე ყველა პროცესი ჩანს. კლინიკაში ისეთი კარგი პირობებია და თბილი ადამიანები ისე ევლებიან თავს, არ იცი, როგორ უთხრა მადლობა, ლამის გული გაგისკდეს ადამიანს. რასაც ვუყურებ, ზღაპარი მედპერსონალი ჰყავთ.

 

საოცარია, რომ თვითონ შეწუხებული არ არის, არიქა, სახლში წამიყვანეთო. ყველა თვალის გახელაზე ასი თვალი უყურებს, ა, ბიჭო, რა გინდა, ხომ არაფერი გიჭირსო.

 

ლევან რატიანი ამბობს, რომ ყველაფერი აუჩქარებლად მიდის. ნელნელა უნდა დაუბრუნდეს ჯანმრთელ მდგომარეობასო.

 

სხვა რა გითხრათ… გუშინ ბელას დაბადების დღე იყო. კახის უყვარს ბელას საფლავზე გაზაფხულის ყვითელი ყვავილების მიტანა. გუშინ ვერ მივიდა პირველად.

 

შეგახსენებთ, პოსტკოვიდური მდგომარეობის შემდეგ, თებერვლის შუა რიცხვებში, კახი კავსაძე ფილტვების ანთებით ლევან რატიანმა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა.

ავტორი: თამარ გონგაძე

X