21:48 | 2021-02-16 ავტორი: Prime Time

გუშინ შეხვედრას მთხოვდა და დღეს ისეთი ხმა მისცა, მე მგონი ის ღილაკი ჩაამტვრია – ვისზე საუბრობს ნიკა მელია

გუშინ შეხვედრას მთხოვდა და დღეს ისეთი ხმა მისცა, მე მგონი ის ღილაკი ჩაამტვრია – ვისზე საუბრობს ნიკა მელია

„გუშინ „ქართული ოცნების“ მოქმედი დეპუტატი შეხვედრას მთხოვდა“,- ამის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა. ნიკა მელიას არ სურდა დაესახელებინა ოცნების დეპუტატი, თუმცა მან ვასილ ჩიგოგიძე მაინც ამხილა.

 

„არ მინდა თქმა ვინ იყო. შეხვედრას მთხოვდა, ძალიან ცუდი საუბარი მქონდა და ვუთხარი, რომ შენთან სალაპარაკო არ მაქვს და ხვალ ჩატარდება კენჭისყრა, შევხედავ კენჭისყრის შედეგებს და იქნება შენი ხმა ჩემი დაჭერის სასარგებლოდ და დანარჩენს მერე მოგახსენებ-თქო.

 

დღეს კიდე ისეთი ხმა მისცა, მე მგონი ის ღილაკი ჩაამტვრია. ეს იყო ვასილ ჩიგოგიძე“, – განაცხადა „ტვ პირველის“ ეთერში ნიკა მელიამ.

 

ცნობისთვის, დღეს, 16 თებერვალს, პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა.

 

„ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის“ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა 30 000-ლარიანი გირაო და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი. თუმცა, 2020 წლის პირველ ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას, ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა.

 

სასამართლოს მიერ განსაზღვრული გირაოს გადახდის ვადის გასვლის შემდეგ მელიას მიეცა დამატებითი ვადა გირაოს უზრუნველსაყოფად, თუმცა ბრალდებულმა არც დამატებით მიცემულ ვადაში არ შეასრულა სასამართლოს განჩინებით დაკისრებული ვალდებულება და გირაოს თანხა არ გადაიხადა.

 

12 თებერვალს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს უფრო მკაცრი ღონისძიებით – პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოში წარსადგენად პარლამენტს მიმართა.

 

ავტორი: Prime Time

X