
ჩვენ ამ ეტაპისთვის კოვიდის მართვაში ჩართული გვყავს უკვე 20 საავადმყოფო. ცხელების კლინიკებში ჩვენ ვთვლით, რომ ჩაერთვება დამატებით 40 ჰოსპიტალი რეგიონების მხრიდან და დაავადების მატებასთან ერთად, კიდევ გვაქვს რესურსი, რომ ჩავრთოთ 15 დამატებითი ჰოსპიტალი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.
მინისტრის თქმით, ქვეყანაში 15 ათასამდე საწოლია და საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია უფრო მეტი საწოლის დატვირთვა ინფიცირებული პაციენტებით.
„საერთო ჯამში, გვაქვს პროგნოზი, რომ შეგვიძლია, ვმართოთ 3500-მდე კოვიდინფიცირებული სტაციონარში საშუალო და რთული შედეგებით და ასევე გვაქვს იმის საშუალება, რომ 5000-ზე მეტი პაციენტი ვმართოთ უკვე საკარანტინო ზონებში, რომელთა მეთვალყურეობასაც დატრენინგებული ოჯახის ექიმები და ეპიდემიოლოგები განახორციელებენ.
აქედან გამომდინარე, ის საშუალო რიცხვი, რომელიც დღეს საქართველოს შეუძლია მართოს, არის დაახლოებით 10 ათასამდე, თუმცა ჩვენი ჰოსპიტალური სერვისების რესურსიდან გამომდინარე, ვინაიდან თქვენ იცით, რომ საქართველოში არის 15 ათასამდე საწოლი, ჩვენ შეგვიძლია, საჭიროების შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი საწოლის დატვირთვა კოვიდინფიცირებული პაციენტებით.
თუმცა, აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ჩვენ გვყავს გარკვეული რესურსი ექიმებისა და თანაფარდობა საწოლფონდისა და ექიმების არის ძალიან მნიშვნელოვანი და სწორედ ამ ეტაპისთვის სამინისტრო მუშაობს ყველა იმ ექიმის მობილიზაციასა და დატრენინგებაზე, რომელიც პერსპექტივაში შეიძლება გახდეს საჭირო, რომ ჩაერთოს კოვიდინფიცირებული პაციენტების მართვაში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
- შეგახსენებთ, რომ 4 აპრილს საქართველოში კორონავირუსით პირველი პაციენტი გარდაიცვალა.
- ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 162 შემთხვევაა დაფიქსირებული.
- 24 საათში გამოვლინდა კანონდარღვევის 706 ფაქტი. გამოიწერა 2 მილიონზე მეტი ლარის ოდენობის ჯარიმა.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები






















