
პროექტ “დიდი სცენის” მაყურებლებს მისი განსხვავებული მონაწილე, მარიამ მემე ჟორდანია კარგად გემახსოვრებათ.
მარიამმა და მისმა დამ, ქეთევანმა დედის დახმარება გადაწყვიტეს და ამისთვის სოციალური ქსელში კამპანია წამოიწყეს. “პატარა საკონდიტრო ჩვენი დედისთვის” – ამ სახელწოდებით GOFUNDME-ზე გულმოწყალე საზოგადოებას თანხის ჩარიცხვას სთხოვენ.
ქეთევან ჟორდანია დედისთვის გაკეთებულ გვერდზე წერს:
“როგორც ამბობენ, სანამ დავიბადებით, ჩვენ თვითონ ვირჩევთ დედას. თუ ეს ასეა, მაშინ ჩვენ საოცარი რამ გაგვიკეთებია. წარმოგიდგენთ ყველაზე ძლიერ და მზრუნველ დედას მსოფლიოში.
დედას ფინასურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე ძალიან იმოქმედა პანდემიამ. ჩვენ გვინდა მას ისევ ღიმილიანს და ბედნიერს ვხედავდეთ. ამიტომ ასეთი რამ მოვიფიქრეთ: გავუკეთოთ თავისი საოცნებო საკონდინტრო, რომ ისევ შეძლოს საოცრებების ცხობა და თქვენი გამასპინძლება.
ძვირფასო ადამიანებო, ჩვენ თქვენი დახმარება გვჭირდება! გთხოვთ გააზიაროთ ეს პოსტი და მცირედი დახმარება გვაგვიწიოთ” – წერს ქეთევან ჟორდანია.
როგორც მარიამი “პრაიმტაიმთან” საუბარში ამბობს, პანდემიის დროს დედამ სამსახურები დაკარგა, რამაც ძალზედ იმოქმედა მასზე.
მარიამ მემე ჟორდანია: – სამსახურების დაკარგვის გამო ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა, როგორც სულიერად, ისე – მატერიალურად. დედიკოს ძალიან უყვარს ცხობა და გადავწყვიტეთ, რომ დავეხმაროთ და საკონდიტრო გავუხსნათ.
დედა ოჯახებშიც მუშაობდა, ტურებსა და ბანაკებში ცხობის გამოცდილება აქვს. დედიკოს ნახელავს რომ სინჯავენ, ისე მოსწონთ, შოკში ვარდებიან. და არა მხოლოდ ნამცხვრები და დესერტი, სხვა ცომეულიც მაღალ დონეზე გამოსდის.
მე და ჩემმა დამ გავაკეთეთ გვერდი, შევქმენით ფონდი, სადაც შემსვლელ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ღილაკზე დაჭერით სურვილისამებრ ჩარიცხონ თანხა. ვაპირებთ დედიკოზე ვიდეო გადავიღოთ, მოვყვებით პატარა ისტორიას, რომ სოციალურ ქსელებში ბევრმა გაიგოს ჩვენი წამოწყების შესახებ.
– დედამ იცის ამის შესახებ?
– ჩვენ ადრე ვუთხარით, რომ ყველაფერს ვიზამთ იმისთვის, რომ მას დიდი ხნის სურვილი ავუსრულოთ. ეს კამპანია გუშინ ღამით წამოვიწყეთ და ალბათ ნელ-ნელა გაიგებს.
























