12:39 | 2021-04-26 ავტორი: Prime Time

მოძღვარი, რომელსაც ზამთარში მოხუცებისთვის საკვები პირადად მიჰქონდა, ახლა მოზარდებზე ასე ზრუნავს – ბავშვი ტაძარში „ვინმეს ხათრით“ არ უნდა დადიოდეს

მოძღვარი, რომელსაც ზამთარში მოხუცებისთვის საკვები პირადად მიჰქონდა, ახლა მოზარდებზე ასე ზრუნავს – ბავშვი ტაძარში „ვინმეს ხათრით“ არ უნდა დადიოდეს

ლაზარეს შაბათს, წმინდა ივლიტას და კვირიკეს სახელობის ტაძრის ტერიტორიაზე, ამ ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ გიორგი ყიფშიძის ნახატების გამოფენა მოეწყო. მოძღვრის ნამუშევრების ნახვა მსურველებს მთელი დღის მანძილზე შეეძლოთ.

 

დამთვალიერებლებში მეც აღმოვჩნდი, ნამუშევრებმა მართლაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ნახატებს შორის ტაძრის საკურთხევლის ვიზუალი შევნიშნე. სწორედ მაშინ გავიგე, რომ თურმე ტაძრის საკურთხეველი მამა გიორგი მოხატული ყოფილა.

 

 

ჩვენთვის უფრო დიდი მოულოდნელი სიურპრიზი აღმოჩნდა ის, რომ მოძღვრის მეუღლის, მადონა ლანჩავას მოხატული ყოფილა ტაძრის საკურთხევლის გარდა ყველა კედელი. ასევე ტაძრის ეზოში არსებული დიდი ხატები.

 

„მეუღლისგან ვისწავლე ხატწერა. მე მხოლოდ მხატვარი ვიყავი“, – მითხრა მამა გიორგიმ.

 

მოძღვრის ნამუშევრები სიცოცხლის არსზე, სიბერეზე, სიკვდილსა და მარადისობაზეა.

 

ნახატებს, რომელსაც ახლა ნახავთ, თქვენს ყურადღებასაც მიიქცევს.

 

 

მამა გიორგის შესახებ „პრაიმტაიმი“ ადრეც წერდა. ის ყოველთვის გამოირჩევა ქველმოქმედებით. სწორედ ამ ტაძრის სტიქაროსანს, ლუკა ქამუშაძის ორგანიზაციას მამაო პირადად დაეხმარა მაშინ, როცა პანდემიის პერიოდში შეჭირვებულ და მარტოხელა მოხუცებს ეხმარებოდნენ.

 

მოძღვარი, რომელმაც მოხალისეებს საკუთარი ავტომობილი დაუთმო და მოხუცებისთვის საკვები პირადად მიაქვს
2020-05-05მოძღვარი, რომელმაც მოხალისეებს საკუთარი ავტომობილი დაუთმო და მოხუცებისთვის საკვები პირადად მიაქვს

 

მოძღვარმა ახალგაზრდებს საკუთარი ავტომობილიც კი დაუთმო, რომ საქმე გამარტივებოდათ. ახლა მას ხშირად ნახავთ ბავშვების გარემოცვაში. ვეცადე მასთან ამ საკითხზეც მესაუბრა.

 

„თავიდანვე, როცა მოძღვარი გავხდი, პირველი ნაბიჯები სწორედ მაშინ გადავდგი, რომ შევხვედროდი ბავშვებს. 161-ე სკოლაში გავმართე პირველი შეხვედრა, ამას მოჰყვა სხვა სკოლები, მთელი თბილისის მასშტაბით. ამას მოჰყვა გადაცემის შემოთავაზება საპატრიარქოდან, რომელიც 3 წელი გაგრძელდება.

 

მე ყოველთვის მქონდა მიზნად, რომ ვიქნებოდი მღვდელი, ვივლიდი ოჯახებში და მოხდა ისე რომ ეს შეხვედრები ბავშვებთანაც აეწყო. ამის შემდეგ, მე მქონდა ჩემი პირადი ტელევიზია „ქართული არხი“ და დროის უქონლობის გამო ვეღარ ვახერხებდი შეხვედრებს. როცა დავბრუნდი ეკლესიაში, მინდოდა ჩემი დაგროვილი გამოცდილება ბავშვებისთვის გამეზიარებინა.

 

სექტემბრის თვეში ტაძრის ეზოში მოვიწვიე ჩვენი უბნის ბავშვები (წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძარი მდებარეობს იოსებიძის ქუჩაზე #23). შემდეგ ჩამოვიარეთ სხვა უბნები, ყოველ კვირას ბავშვების რაოდენობა იზრდებოდა და ახლა ჯგუფში 200-ზე მეტი ბავშვია. გამომდინარე იქედან, რომ დღეს პანდემიის გამო მკაცრი რეგულაციებია, შაბათის შეხვედრებს 20-30 ბავშვი ესწრება.

 

შეხვედრების მთავარი მიზანი არის ბავშვების სწორად ინფორმირება ეკლესიასთან დაკავშირებით.

 

მინდა რომ ბავშვები ტაძარში მივიდნენ ნებაყოფლობით, შეგნებით და არა ოჯახის, დედის და მამის ხათრით, ან ნათესავის გაყოლით. – ეს თავად უნდა უნდოდეს ბავშვს. მოზარდმა თავად უნდა გადაწყვიტოს უნდა თუ არა აღსარების ჩაბარება და სწორად უნდა დავეხმაროთ მათ, როცა ზიარებისთვის პირველი ნაბიჯები უნდა გადადგან.

 

 

აქ შეიძლება ყველა ბავშვთან არ გვქონდეს სრული გარანტი, რომ ისინი მიიღებენ ამ ყველაფერს, მაგრამ მთავარია რომ მათ ვეხმარებით ბარიერის გადალახვაში მოზარდსა და მოძღვარს შორის. ჩვენ არ ვტოვებთ ამ ბავშვების კითხვებს პასუხგაუცემელს“, – ამბობს დეკანოზი გიორგი ყიფშიძე.

 

 

როგორც მოძღვარი განმარტავს, ბავშვებს საერთო შეხვედრებში უჭირთ პირად პრობლემებზე საუბარი, თუმცა მერე მოძღვარს ინდივიდუალურად ხვდებიან და უყვებიან თუ რა აწუხებთ ყველაზე მეტად და რის თქმას ვერ ბედავენ.

 

„ბავშვების ნაწილი ითხოვს აღსარებას, ან მოდის კითხვით და მეუბნება, მშობელთან აქვს გაურკვევლობა, პრობლემა. ამის შემდეგ ყოფილა შემთხვევა მე მათ მშობელსაც შევხვედრივარ და გვისაუბრია გულწრფელად და ძალიან კარგადაც დასრულებულა ეს საუბრები და პრობლემაც მოგვარებულა“,- ამბობს მოძღვარი.

 

 

ავტორი: ნანიკო ჩხაიძე

ავტორი: Prime Time

X