
„20 წლამდე ქალს აქვს სახე, რომელიც ბუნებამ უბოძა; ხოლო 50 წლამდე კი სახე, რომელსაც იმსახურებს”,- ეს სიტყვები კოკო შანელს ეკუთვნის, ქალს, რომელსაც ყველაზე კარგად ესმოდა სილამაზის. ასაკთან ერთად ახალგაზრდული იერი წარსულში რჩება. მაგრამ არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც ასაკი მხოლოდ ციფრებია.
უბერებელი ამერიკელი ლამაზმანის სტატუსს ჯულია რობერტსი 20 წელია იკავებს.

მისი ერთ-ერთი პირველი ფილმი „ლამაზმანი” იყო, სადაც 23 წლის ასაკში რიჩარდ გირთან ერთად გამოჩნდა. ამერიკელი მონა ლიზას ღიმილი მსოფლიოში ყველაზე ლამაზად და მიმზიდველად არაერთხელ აღიარეს.
ამ შედეგის მიღწევა მარტივი არ არის. 53 წლის ოსკაროსანი მსახიობის ცხოვრების სტილი ბუნებრივია, რომ მოიცავს ჯანსაღ ცხოვრებასი წესსა და კვებას. კვირაში 4 დღეს ვარჯიშობს, უპირატესობას ანიჭებს იოგასა და სირბილს.
ჯულია რობერტსმა უარი თქვა პლასტიკურ ქირურგიაზე. მსახიობი აღნიშნავს რომ მისი სახე ისტორიას უნდა ყვებოდეს და არა ექიმების კაბინეტში ვიზიტების რაოდენობას. ერიდება მაკიაჟის ხშირად გამოყენებას.
მსახიობის მთავარი საიდუმლო კარგი განწყობაა. ამისათვის, კი მნიშვნელოვანია პოზიტიურ და სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობა.
„სილამაზეს განაპირობებს ადამიანების გარემოცვა. მე გამიმართლა, მყავს არაჩვეულებრივი შვილები, რომლებიც ყოველთვის ხმამაღლა გამოხატავენ სიყვარულს. როდესაც ხედავ, რომ ვინმესთვის მიმზიდველი და ლამაზი ხარ, და ამას ყოველთვის აღნიშნავს, თავს ბედნიერად გრძნობ და ეს გარეგნობაზეც აისახება”,- აცხადებს რობერტსი.
კიდევ ერთი, ვინც უბერებელი ქალების კატეგორიაში საპატიო ადგილს იკავებს 52 წლის ჯენიფერ ლოპესია. ჰოლივუდის ყველაზე ლამაზი და სექსუალური ქალის ტიტულს ჯეილო დღემდე არ თმობს.
ძილი საუკეთესო პროცედურაა, – ეს ფრაზა დიდი ხანია მომღერლის სილამაზის მთავარი ფორმულაა.

მსახიობი დარწმუნებულია, რომ მოწესრიგებული ძილის რეჟიმი ჯანსაღი კანის საწინდარია. ჯეილო მაქსიმალურად ერიდება ულტრაიისფერ სხივებსა და ყოველთვის მზისგან დამცავ საცხს იყენებს.
ლოპესი უარს ამბობს ალკოჰოლზე, თამბაქოსა და ყავაზე და მხოლოდ ორგანულ პროდუქტს მიირთმევს.
ვარსკვლავის დილა პროტეინის კოქტეილითა და ხილით იწყება, სადილად კი, თევზსა და სალათს ანიჭებს უპირატესობას. ვარსკვლავი ვეგეტარიანული დიეტის დიდი გულშემატკივარია. ლოპესის საყვარელ პროდუქტებს შორის ბროკოლი, ბულგარული წიწაკა და გოგრის მზესუმზირაა.
ჯეილო საკმაოდ დიდ დროს ატარებს სპორტულ დარბაზებში, ვარსკვლავს ორი პირადი მწვრთნელი ჰყავს.

ყველასთვის საყვარელი მსახიობი მონიკა ბელუჩი კი მილიონობით გულშემატკივრის გაოცებას კვლავაც განაგრძობს. იტალიელი დივა ძველებურად რჩება ქალურობისა და მსოფლიო სილამაზის ეტალონად.

„იკვებე, გიყვარდეს, იცხოვრე!”, – ეს მონიკა ბელუჩის ცხოვრებისეული დევიზია.
გასაოცარია, მაგრამ 56 წლის მსახიობი არასოდეს იცავს დიეტას და არც ფიტნეს ცენტრებს სტუმრობს.
„მე მეტისმეტად მიყვარს საკუთარი თავი და მას სპორტითა და შიმშილით წამებისთვის ვერ გავიმეტებ. არ მსურს ყოველდღიურად ვარჯიში, არ მინდა მუდმივად ვაკვირდებოდე თუ რას მივირთმევ, რადგან არ მსურს თავი რობოტად ვიგრძნო. გამხდარი ვერასდროს ვიქნები, რადგან ბუნებით ზარმაცი ვარ და ჭამა ნამდვილად მიყვარს. შეიყვარეთ თავი და არც თქვენ დაგჭირდებათ ვარჯიშები და კოსმეტიკური ოპერაციები”,- ამბობს მონიკა.
ერთადერთი შეზღუდვა, რომელსაც მსახობი საკუთარ თავს უწესებს მცირე ულუფები და ხილ-ბოსტნეულია. სპორტ დარბაზებში სიარულს კი იტალიელი ლამაზმანი ცურვას ამჯობინებს.
მონიკა თვლის, რომ ლამაზი კანის საიდუმლო წყალშია. ამიტომ მსახიობის დია ცივი შხაპით იწყება. ცნობილი მსახიობი თმას კვირაში მხოლოდ ორჯერ იბანს, ბრწყინვალე ეფექტის მისაღებად კი, ზეითუნის ზეთს ხმარობს.
ჯენიფერ ენისტონი – სწორედ ის ქალბატონია, რომლის სტილის კოპირებასაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ქალი ცდილობს.თავის მოვლისა და სილამაზის სფეროში მისი ყოველი ნაბიჯი დოკუმენტირებულია.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ენისტონი ძვირადღირებულ საცხებს არ ენდობა და ნაოჭების თავიდან ასაცილებლად ყინულიან წყალსა და ჩვეულებრივ ვაზელინს, რომელიც ამერიკაში სულ რაღაც 1 დოლარი ღირს და ჩვენთანაც არ ღირს ძვირი. ენისტონი ვაზელინს ყოველ საღამოს თვალების ქვეშ ისმევს. მსახიობი ამბობს, რომ ეს მის კანს ელასტიურობას უნარჩუნებს.
„ჩემმა კოსმეტოლოგმა ერთი ძალიან კარგი რამ მასწავლა, ყინულიანი წყლით სავსე თასში 25-ჯერ მონაცვლებით უნდა ჩაყო და ამოყო თავი. ეს კანს გამოღვიძებასა და გამოცოცხლებაში ეხმარება“,- ამბობს ენისტონი.
მართალია, ენისტონი მკაცრი შეზღუდვების მოყვარული არაა, თუმცა ტკბილეულისა და დამუშავებული საკვების მირთმევას თავს მაინც არიდებს. ზოგჯერ კი 16 საათიან დიეტასაც მიმართავს. მის კვების რაციონში უმეტესად ნახშირწყლებითა და ჯანსაღი ცხიმებით გამდიდრებული საკვები ჭარბობს.
სერიალ „მეგობრების“ ვარსკვლავი სმუზების დიდი მოყვარულია და მის რეცეპტებს ინსტაგრამის გამომწერებსაც ხშირად უზიარებს ხოლმე.

ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:






















