
სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე დეა კულუმბეგაშვილის ფილმი – “დასაწყისი” ოთხი პრიზის მფლობელი გახდა. ია სუხიტაშვილი საუკეთესო ქალ მსახიობად დასახელდა. მსახიობმა ვერცხლის ნიჟარა აიღო.
კინოფესტივალის მთავარი ჯილდო – ოქროს ნიჟარა გადაეცა თავად ფილმს. საუკეთესო რეჟისორის ჯილდო გადაეცა, ასევე, დეა კულუმბეგაშვილს. საუკეთესო სცენარის ჯილდოც მას და რატი ონელს გადაეცათ.
“დასაწყისს” შარშან, 2019 წლის ზაფხულში ორთვენახევრის მანძილზე იღებდნენ, ლაგოდეხში. ფილმის გადაღებას წინ ხანგრძლივი მოსამზადებელი პერიოდიც უძღოდა.

ფილმში თამაშობენ – ია სუხიტაშვილი, კახა კინწურაშვილი, რატი ონელი, საბა გოგიჩაიშვილი.
ია სუხიტაშვილს კინოში მსგავსი პრიზი არ აუღია, თეატრში ქალის საუკეთესო როლისთვის არაერთხელ დაუჯილდოვებიათ.
მსახიობმა ფილმის პროდიუსერთან ერთად, პირდაპირ ეთერში უყურა დაჯილდოვების ცერემონიალს და როგორც ამბობს, პატარა ბავშვივით გაუხარდა ეს ჯილდო.
იას გმირს იანა ჰქვია. ფაბულას არ გვაცნობს, გაუთქმელობის ხელშეკრულების გამო.
ია სუხიტაშვილი: – რთული და საინტერესო როლი იყო. ენერგია არავის დაუზოგავს, ყველამ თავი დადო ამ ფილმისთვის. პირველი თავდადებული ამ ფილმისთვის მაინც რეჟისორი – დეა კულუმბეგაშვილია. ასეთი შრომა თავის შედეგს ყოველთვის იღებს.
მსახიობს ინსპირაციის ობიექტი ყოველთვის ჰყავს და ეს კარგიც არის. სცენარის კითხვის დროს მივხვდი, რომ მე გარშემო ასეთს არავის ვიცნობ. იანა ვერავის შევადარე. სრულიად ახალი გმირი დაიბადა. განსაკუთრებულად საინტერესო ამიტომაც იყო.

იანაზე საუბარიც კი მიჭირს, მისნაირ ადამიანს არ ვიცნობ. ვგრძნობდი, როგორც უნდა მეთამაშა, ამას სიტყვებით ვერ ავხსნი.
როდესაც ფიქრობ, რომ იმას არ აკეთებ, რაც გინდა აკეთო და ამ ფიქრებში “იგრუზები”, მერე საკუთარ თავთან დიდი ორთაბრძოლა იწყება.
აქვე უნდა გითხრათ, რომ სცენარების 90 პროცენტში მამაკაცის ხაზია წამყვანი. არც ქართულ ფილმშია მთავარ როლში ქალი. ამდენად “დასაწყისი” ამით არის მნიშვნელოვანი ფილმი.
– ამ გადასახედიდან, ეს გამარჯვება რამ მოიტანა – გმირმა თავისი საინტერესო ხაზით და პლუს შენმა სამსახიობო ოსტატობამ?
– უსაზღვროდ დიდი მადლობა დეას, რომელთან ერთადაც ხელჩაკიდებული გავიარე მთელი ფილმის პროცესი. ძალიან ბევრს ნიშნავს, როდესაც რეჟისორი გენდობა და – პირიქით.
ცნობილ თეატრის რეჟისორს აქვს ნათქვამი, რომ იმან, რასაც პიესაში (სცენარში) კითხულობ, თუ არ აგაღელვა, მერე რაც არ უნდა ეცადო, არაფერი გამოვა, ან ხელოვნური იქნებაო.
სცენარი, რომ წავიკითხე, სამი დღე ვერ ვიძინებდი, ისე მაფორიაქებდა. ეს პირველი იმპულსები ძალიან მნიშვნელოვანია. მსახიობი თუ ასე ცქმუტავს, მას ერთი სული აქვს, როდის დაიწყებს მასზე მუშაობას.

დაჯილდოვების ცერემონიალამდე რეცენზიებს მიგზავნიდნენ და ზუსტად ვიცოდი, რომ რომელიმე ნომინაციას აიღებდა. ჰაი კლასის ფესტივალზე იმდენად ძლიერი რეჟისორები არიან ძლიერი ფილმებით წარდგენილნი, რომ ცდილობენ ერთ ფილმს არ მისცენ რამდენიმე ნომინაცია.
პროდიუსერთან სახლში შევიკრიბეთ და პირდაპირ ეთერში ვუყურებდით დაჯილდოების ცერემონიალს. ვერ ვიჯერებდით, რომ ფილმმა ამდენ ნომინაციაში გაიმარჯვება. სიხარულისგან ვკიოდით და ვწიოდით.
დეა ორ კვირაში ჩამოვა და ჩემს კუთვნილ ნიჟარას ჩამომიტანს. ყველაზე თვასალსაჩინო ადგილას შევინახავ.























