
იეჰოვას მოწმეები ამახინჯებენ ბიბლიურ სწავლებას და თვითნებურად ასწავლიან, რომ ადამიანის სიკვდილისას კვდება ადამიანის სული და აღარ აგრძელებს სიცოცხლეს, – ამის შესახებ დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში წერს.
„ამ არაბიბლიური და არაქრისტიანული სწავლების გასაბათილებლად, მოგიყვნთ ადგილებს ბიბლიიდან, რომელიც გვიდასტურებს სხეულის შემდეგ სულის უკვდავებას. ბიბლია ცალსახად გვასწავლის, რომ ადამიანის სული, სხეულის სიკვდილისას არც კვდება და არც ღრმა ძილს მიეცემა, როგორც იეჰოვას მოწმეები ასწავლიან, არამედ იგი აგრძელებს სიცოცხლეს:
1) იობის წიგნში პირდაპირ სვამს კითხვას ტანჯვაში მყოფი იობი: „თუ მოკვდა კაცი, განა კვლავ იცოცხლებს?“ (იობ. 14,14) და ასეთ პასუხს სცემს იმავე წიგნში: „და როცა დაიშლება ეს ჩემი კანი, სხეულს გარეშე მყოფიც ვიხილავ ღმერთს;“ (იობ. 19, 26) ე.ი. სხეულის გარეთ მყოფნიც ვიხილავთ ღმერთს, რამეთუ სული არ კვდება.
2) სიკვდილის შემდეგ რომ სული უკვდავია და ღმერთს უბრუნდება, გვასწავლის სოლომონი ეკლესიასტეში: სიკვდილისას „მიიქცეოდეს მტვერი (ანუ სხეული) მიწად, როგორც იყო და სული დაუბრუნდებოდეს ღმერთს, რომელმაც შთაბერა“ (ეკლ.12,7), ე.ი. კაცის სიკვდილისას სული ცოცხალი რჩება და უბრუნდება ღმერთს.
3) 1 მეფეთა წიგნში შეშინებული მეფე საული უკვე გარდაცვლილი წინასწარმეტყველის, სამუელის სულს ესაუბრება, თუმცა ამ საუბრისას არა სხეულით აღდგა სამუელი, არამედ მხოლოდ მისი სული ეცხადება მეფეს და ამ სულს თან ახლავს მთელი მისი ცნობიერება. ე.ი. სიკვდილის შემდეგ სული ინარჩუნებს ცნობიერებას.
4) როცა მეფე დავით წინასწარმეტყველის ჩვილი მოკვდება, დავითს სწამს, რომ შეხვდება მას სიკვდილის შემდეგ და ამბობს: „…მე წავალ მასთან, ის კი აღარ დამიბრუნდება.“ (2 მეფ. 12,23) როგორ წავა მასთან და როგორ შეხვდება შვილის სულს, თუ სიკვდილის შემდეგ დავითის სული აღარ იცოცხლებს?
5) უფალი იესო ქრისტე ამბობს: „…რა გითხრათ ღმერთმა, რომელიც ამბობს: მე ვარ ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისააკისა და ღმერთი იაკობისა. ღმერთი მკვდრებისა კი არ არის, არამედ – ცოცხლებისა.“ (მათე 22,31-32) აბრაამი, იაკობი და ისააკი დიდი ხნის გარდაცვლილები არიან და უფალი თავის თავს მათ ღმერთს უწოდებს, რადგან ისინი ცოცხლები არიან სიკვდილის შემდეგაც.
6) იესო ქრისტე ამბობს: „…ვისაც მე ვწამვარ, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს.“ (ლუკა 11, 25) ე.ი. ქრისტეს მორწმუნე, როცა კვდება სხეულით, მაინც ცოცხლობს სულით.
7) მასთან ერთად ჯვარცმულ, მონანულ ავაზაკს ეუბნება ქრისტე: „ჭეშმარიტად გეუბნები შენ: დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში.“ (ლუკა 23,43) სხეულით კვდება ავაზაკი იმ დღეს და აშკარაა, რომ უფალი სულით სამოთხეში ყოფნას ჰპირდება იმავე დღეს.
8) პავლე მოციქულიც ამბობს: „მაგრამ ნდობით ვართ აღვსილნი და გვიჯობს სხეულიდან გამოვსახლდეთ, რათა უფალთან დავესახლოთ.“ (2 კორ. 5,8) რა უნდა გამოსახლდეს სხეულიდან და დასახლდეს უფალთან თუ არა ადამიანის უკვდავი სული? უკვდავი სული გამოდის სხეულიდან და სახლდება უფალთან.
9) ასევე პავლე ამბობს: „გული მითქვამს, რომ გასვლა და ქრისტესთან ყოფნა ათასწილ უმჯობესია.“ (1 ფილ. 1,23), როგორ იქნება პავლე ქრისტესთან ამქვეყნიდან გასვლის შემდეგ თუ დავუშვებთ, რომ მისი სული აღარ ცოცხლობს?
და ბოლოს
10) ბიბლია გვასწავლის, რომ უკვდავების რწმენა ადამიანთა გულში თავად ღმერთისგანაა ჩათესილი, „ყველაფერი კეთილად შექმნა თავის დროისთვის, თვით უკვდავების შეცნობად აღძრა გონება კაცთა…“ (ეკლ. 3,11)
არავინ მოგატყუოთ, რომ სული კვდება სხეულის სიკვდილის დროს. სული უკვდავია, აგრძელებს სიცოცხლეს და მეორედ მოსვლისას შეუერთდება მკვდრეთით აღმდგარ თავის სხეულს. ასე გვასწავლის ღმრთის სიტყვა – ბიბლია“, – წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე.
























