
გავრცელებული ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილი დამოუკიდებელ კანდიდატად წარდგება და მმართველი პარტიის კანდიდატის წინააღმდეგ იბრძოლებს.
„პრაიმტაიმი“ მალხაზ მაჩალიკაშვილს ამ თემაზე სასაუბროდ დაუკავშირდა. ამ ეტაპზე, ის არც უარყოფს და არც ადასტურებს, რომ იბრძოლებს, როგორც კანდიდატი.
ამბობს, რომ შეეცდება სამოქალაქო სტატუსის შენარჩუნებას. ეს დამოკიდებულია თემირლანის საქმეზე.
„ამ ეტაპზე, ვერ დავადასტურებ ინფორმაციას, რომ 2020-ის საპარლამენტო არჩევნებზე, კენჭს აუცილებლად ვიყრი. თუმცა, თუ თემირლანის საქმეზე აუცილებელი გახდა, არც ამ ნაბიჯს გამოვრიცხავ.
ჩემთვის თანამდებობა მიუღებელი საკითხია, მაგრამ უკვე სამი წელი ხდება, რაც უთანასწორო ბრძოლას გავდივარ.
ყველა ხერხს გამოვიყენებ სამართლისთვის, მე ეს ამ ქვეყნის მოსახლეობას შევპირდი და ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის.
ვიმეორებ, თუ ჩემს საქმეს დასჭირდა, კენჭსაც ვიყრი და თანამდებობაზეც მოვალ ათეული ათასობით მხარდამჭერის გამო.
საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი, მხარს მიჭერს. ისინი ჩემი თანამოაზრეები არიან.
ნებისმიერ რეგიონში ყველა ბერკეტს გამოვიყენებ და ქართულ ოცნებას დავუპირისპირდები. რაც შეეხება კახეთს, აქ მმართველ პარტიას გასაქანს არ მივცემ.
– დამოუკიდებელ კანდიდატად იყრით კენჭს, თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებთ?
– მაღალი ალბათობით, ვიმეორებ – თუ კენჭისყრას გადავწყვეტ, ალბათ, დამოუკიდებელ კანდიდატად წარვდგები.
ამ თემაზე ბევრთან მისაუბრია. ბევრმა მოითხოვა, რომ კენჭი ვიყარო, მაგრამ აქამდე, მოქალაქეობრივ სტატუსს ვინარჩუნებ.
არ მინდა, ვინმემ თქვას, აი თურმე რისთვის იბრძოდაო. ამიტომ მე შევეცდები ეს სტატუსი კიდევ შევინარჩუნო.
ვიბრძოლებ თემირლანის პატივსაცემად და საქართველოში მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
– რას ფიქრობენ ხეობაში და როგორ აფასებენ თქვენს შესაძლო ინიციატივას უხუცესთა საბჭო?
– ყველას ვუსმენ, ყველა ადამიანს პატივს ვცემ, მაგრამ ჩემი გადაწყვეტილება ყოველთვის ჩემს პრინციპებსა და ხედვებს ემყარება. თითოეულის აზრი რომ გამეთვალისწინებინა, აქამდე გამანადგურებდნენ.
ჩემთვის შეურაცხმყოფელია, როცა მეკითხებიან, ხეობაში მხარს დაგიჭერენ? ხეობაში ძალიან ბევრი გვერდით მიდგას.
თუმცა, ჩემთვის ხეობა საქართველოა და საქართველო ხეობაა. თითოეული ქისტი და ქართველი ჩემთვის ერთია, ეს საქართველოა.“ – ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი.
























