
ძალიან სამწუხარო რეალობა გვიდგას. სხვა კოვიდინფიცირებულ პაციენტებთან ერთად, უკვე მოხშირდა ორსული ქალბატონების გარდაცვალების ფაქტები.
ცოტა ხნით ადრე თითქოს იყო ფაქტები, რომ პლაცენტა დავირუსებული დედის ორგანიზმიდან იცავდა ნაყოფს, თუმცა დელტა შტამი იმდენად ვერაგია, რომ ის მუცლადმყობ ბავშვსაც ავირუსებს.
“კარაფს მედლაინის” ინ ვიტრო განაყოფიერების განყოფილების ხელმძღვანელი, რეპროდუქტოლოგი მანანა ქოჩიაშვილი, “პრაიმტაიმთან” საუბრისას ცალსახად ამბობს, რომ ორსული ქალები უნდა აიცრან და რაც შეიძლება – მალე.
მანანა ქოჩიაშვილი: – ჩემი პოზიცია არის ასეთი: იმისთვის, რომ ელემენტარულად გადავრჩეთ, ყველა ორსულმა სასწრაფოდ უნდა გაიკეთოს ვაქცინის ორივე დოზა.
სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა ყველაზე პირველები, ვინც ორსულობის დროს აიცრა, ისრაელის მოქალაქეები არიან.
მყავს ებრაელი პაციენტები, რომლებიც აცრილები დაორსულდნენ და ასევე ისეთებიც, რომლებიც დაორსულების შემდეგ აიცრნენ. მე ამ პაცინტებთან მაქვს წვდომა და ვიცი, რომ არანაირი უარყოფითი ზეგავლენა ვაქცინას მათ ორსულობაზე არ მოუხდენია.
ერთ-ერთ პაციენტთან მეორე დოზის შემდეგ ორსულობა შეწყდა, მაგრამ ეს არ იყო აცრის ბრალი, მას სხვა დიაგნოზი ჰქონდა.
მყავს ქართველი პაციენტები, ინ ვიტრო განაყოფიერებით რომ დაორსულდნენ, ჩავიდნენ ამერიკაში და იქ აიცრნენ ორივე დოზით. მათ გაუჩნდათ კიდეც ბავშვები.
მოკლედ, ორსულობის ნებისმიერ ვადაზე შეგიძლიათ აიცრათ, თუ რაიმე სხვა თანხმლები დაავადებები არ გაქვთ. მაგალითად, მაღალი ტიტრი კუაგულოპათია და ა.შ. გამოიკვლიეთ, დაიკომპენსირეთ მონაცემები და აიცერით, რომ გადავრჩეთ.























