
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოზე იქნება მსჯელობა რეგულაციების შემსუბუქებასთან დაკავშირებით.
თუმცა, მისვე თქმით, სიტუაცია მარტივი არ არის.
„საკოორდინაციო საბჭოზე იქნება მსჯელობა რეგულაციების შემსუბუქებასთან დაკავშირებით. სიტუაცია მარტივი არ გახლავთ. ამიტომ ყველაფერი უნდა აიწონოს ძალიან მისხალ-მისხალ.
ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციის გარკვეული ელემენტი გამოჩნდა ბოლო ოთხი დღის განმავლობაში, ანუ არ იზრდება დადებითობის მაჩვენებელი ქვეყანაში. საკმაოდ მაღალი ტესტირების ფონზეც კი, ბოლო ოთხი დღის განმავლობაში, დადებითობის მაჩვენებლის დაღმასვლა შენარჩუნდა. ეს კარგია, მაგრამ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, ძალიან დეტალური ანალიზი გაკეთდეს ეპიდსიტუაციის და იმისდა მიხედვით იყოს გადაწყვეტილება მიღებული ყველა შემდგომ შემსუბუქებასთან დაკავშირებით.
მოგეხსენებათ, შემსუბუქება უფრო სწრაფი ტემპით შესაძლებელია, როდესაც მოსახლეობის გარკვეული ნაწილი აიცრება. დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარებულია 85 000 აცრა. მაისში აცრის საშუალო მაჩვენებელი დღეში 3 600 გვაქვს, რაც 2.5-ჯერ მეტია, ვიდრე იყო მარტსა და აპრილში. მაგრამ გვინდა, რომ ეს საშუალო დღიური მაჩვენებელი მაისის ბოლოსთვის იყოს 5 000-ის ფარგლებში და თანდათან აცრების ტემპი იყოს უფრო ინტენსიური. ვნახოთ, ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული. მოგეხსენებათ, მოსახლეობაში მოთხოვნა ბევრად იმატებს, ვიდრე ეს იყო მარტ-აპრილში და შესაბამისად, საჭიროა ვაქცინების სოლიდური მარაგების შექმნა, რათა ტემპი დავიჭიროთ, 5 000-6 000 აცრა ჩავატაროთ დღის განმავლობაში“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.























