
ინდოეთში კორონავირუსის ეპიდემია მძვინვარებს. საშიში ინფექციით დაღუპულთა საერთო რაოდენობამ უკვე გადააჭარბა 315 ათასს. ამასთან დაკავშირებით, ინდოეთის ხელისუფლებამ გაამკაცრა შეზღუდვები, აკრძალა საქორწილო ცერემონიები და სხვა მასობრივი დღესასწაულები.
ამის მიუხედავად, რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელებში გამოჩნდა წყვილის ქორწილის ამსახველი ვიდეო ინდოეთის ქალაქ მადურაიდან.
რაკეშს და დაკინას არ სურდათ თავიანთი გეგმების ჩაშლა. მათ აღმოაჩინეს კანონმდებლობაში არსებული ხარვეზი, რომელიც საშუალებას აძლევდა, ყველა სტუმარი ერთ ადგილზე შეეკრიბათ – ბოინგ 737-ზე. სპეციალურად ცერემონიალისთვის მათ იქირავეს ჩარტერული თვითმფრინავი და რამდენიმე ფოტოგრაფი. ახალდაქორწინებულთა მიერ გამოქვეყნებული ვიდეოს კადრებში ჩანს, რომ სალონი მთლიანად სავსეა მგზავრებით. ნიღბები და რეზინის ხელთათმანები კი მხოლოდ ზოგიერთს აცვია. ბევრმა ამჯობინა, კამერის წინ მთელი თავისი სილამაზით წარმსდგარიყო.
ბოინგი ჰაერში დაახლოებით ორი საათის განმავლობაში იმყოფებოდა. მან მადურაიდან ბანგაროლემდე იფრინა. ამ ხნის განმავლობაში რაკეშმა და დაშინამ საქორწილო ცერემონიალი ჩაატარეს და ახალდაქორწინებულები, სტუმრებთან ერთად იმავე რეისით დაბრუნდნენ სახლში.
სოციალური მედიის მომხმარებლები, რომლებიც უყურებდნენ საქორწილო ვიდეოებს, განსხვავებულად რეაგირებდნენ ნანახზე. ზოგი ახალგაზრდებს ბედნიერებას უსურვებდა, სხვებმა კი დაგმეს.
ვიდეოს ქსელში მოხვედრის შემდეგ, ამ ამბით საგამოძიებო ორგანოები დაინტერესდნენ. ამჟამად სამოქალაქო ავიაციის გენერალური ადმინისტრაცია ეძებს ავიაკომპანიას, რომელმაც თვითმფრინავი უზრუნველყო ცერემონიისთვის. უცნობია, რა ემუქრება მგზავრებსა და ახალდაქორწინებულ წყვილს.






















