11:51 | 2020-05-13 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

“ინდოეთში ვიყავი სამკურნალოდ” – რა პრობლემები დაძლია ნანუკა ჟორჟოლიანმა

“ინდოეთში ვიყავი სამკურნალოდ” – რა პრობლემები დაძლია ნანუკა ჟორჟოლიანმა

თითქმის ორი წელია, ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის გარდასახვა მაყურებელს აოცებს. ტელეწამყვანმა ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება დაიწყო და შეიძლება ითქვას ასაკს ამარცხებს.

 

„პრაიმტაიმი“ ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ტელეწამყვანს ესაუბრა, რომელმაც საინტერესო რჩევებიც მოგვცა.

 

– ნანუკა, დიდი ხანია ჯანსაღი ცხოვრების წესით დაიწყეთ ცხოვრება და ცდილობთ სხვისთვისაც მაგალითი იყოთ. რა იყო მიზეზი, რის გამოც თქვენთვის ასეთი ცხოვრების წესი პრიორიტეტული გახდა?

 

–  ჯანმრთელობა. როცა დამეწყო ჩემი პანიკური შიშები და შფოთვები, მაშინ დავანებე სიგარეტს თავი. ვისაც კუჭნაწლავის პრობლემები აწუხებს, პირველ რიგში სიგარეტს უნდა დაანებოს თავი. შემდეგ ამეკრძალა რაღაცების მიღება.

 

ჩემს კონკრეტულ პრობლემას მოჭარბებული ზედმეტი ენერგია იწვევდა, რომელიც ეგზალტაციას მიკეთებდა – შფოთვებს მიმძაფრებდა.

 

ასევე,  მქონდა უძილობა, ინდოეთში ვიყავი სამკურნალოდ და იქ ყოფნისას მივხვდი, რომ მთლიანად ცხოვრების წესი უნდა შემეცვალა. მათი მკურნალობის სპეციფიკა შედგება დეტალებისგან და არა წამლების მიღებისგან.

 

იქ აქვთ ისეთი თერაპიები, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებას მოიცავს. დილით ადრე გაღვიძება, იოგა… დროთა განმავლობაში მივხვდი, ასაკს ვამარცხებდი. ეს ერთ წელიწადში გავიაზრე და მივხვდი, ეს იყო ერთადერთი გამოსავალი, ციფრებს მოვრეოდი.

 

ჩემი თავი იმ დროს ბევრად უფრო მომწონდა, ვიდრე წლების წინ, როცა ასაკით უფრო პატარა ვიყავი. შემდეგ ეტაპობრივად დავიწყე არასასურველი საკვების მიღება, შევურიე გლუტენი. არ შეიძლება მთელი სხეულის სტერილიზაციაში მოხვედრა და მხოლოდ მოხარშული საკვების ჭამა.

 

ეტაპობრივად ჯანკფუდიც უნდა მივიღოთ და ორგანიზმი არ დავსვათ ერთ კვებაზე. ისე ჩავერთე ჯანსაღი ცხოვრების წესებში, გადაცემაც გავაკეთე ამ თემაზე, თუმცა უფრო მრავალფეროვანი გავხადე, ერას (დათო ერაძე) თავისი მიმართულება აქვს, მე – ჩემი.

 

მინდა, ადამიანებს სულ ველაპარაკო, რა კარგია თუ არ მოწევენ სიგარეტს, მოიწესრიგებენ ძილს და ა.შ.

 

– ბევრი მიმდევარიც გამოგიჩნდათ…

 

– ერთ-ერთი თემა, რომელზე პასუხის გარეშეც არ დავტოვებ ადამიანს, არის ჯანსაღი ცხოვრების წესი. მე ამან ძალიან დიდი პრობლემები დამაძლევინა. არ არსებობს ქალი, რომელიც 35-37 წლის შემდეგ, არ მოსდის ნაოჭების დათვლის ეტაპი.

 

ზოგი ერთი თვე ითვლის, ზოგი ორი, ზოგი ერთი წელი. ყველა ქალის ცხოვრებაში დგება ეს მომენტი. ამ დროს ვფიქრობთ, რომ აქტუალურობას ვკარგავთ. განსაკუთრებით მაშინ, თუ სხვადასხვა გარემოებები ახდენს ამის პროვოცირებას.

 

მე სოლიდარული ვარ ქალების მიმართ. თუ ვინმე მომწერს, რომ ვერ იკლებს წონაში, შემიძლია მას დაუსრულებლად ვესაუბრო.

 

შექმნილი სოციალური ფონიდან გამომდინარე, შესაძლოა ვიღაცამ ეს წაიკითხოს, შიოდეს და თქვას, თქვენ რა გენაღვლებათ, ნამდვილი პრობლემები არ იცითო…

 

მაინც მგონია ქალებს მძაფრად გვაქვს იმის შეგრძნება რომ  ასაკი გვემატება და ვბერდებით. მამაკაცები სულ ახერხებენ ჩვენზე კარგ ფორმაში იყვნენ, მარტივ მაგალითს ვიტყვი, სავარჯიშო დარბაზში, ქალს სჭირდება 1 წლიანი აქტიური მუშაობა, კაცს კი  სამთვიანი. ისინი მარტივად იკლებენ.

 

სხვადასხვა ინდულგენციები აქვთ, რაღაცრაღაცეების გამო, ჩვენზე უფრო მეტს ისაუბრებენ, ვიდრე მამაკაცებზე.

 

ყველა ქალი თუ ჯანსაღი ცხოვრების წესით დაიწყებს ცხოვრებას, სპორტით დაკავდება, ასაკს მოერევა.

 

– თუ თქვენი ინსტაგრამით ვიმსჯელებთ, ყველაზე მეტად კრივი მოგეწონათ…

 

– უფრო სწორ ენერგიას მახარჯინებდა. ვისაც მენტალური პრობლემები აქვს და აგრესიის გარეთ გამოტანა უნდა, ამაში კრივი დაეხმარება. ცოტა მკერდს ადიდებს, რაც ჩემთვის პრობლემაა და სხვისთვის, ალბათ, არა.

 

– ბევრი ადამიანისგან მსმენია, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრების შემდეგ, ისინი შინაგანად შეიცვალნენ…

 

– ზოგადად ჩემი აზრით, როცა ადამიანი საკურთარ თავთან ჰარმონიაში მოსვლას იწყებს, ეს საუკეთესო ეტაპია. ახლა მაქვს ეს საუკეთესო ეტაპი, ზუსტად ვიცი რა მინდა, რას რატომ ვაკეთებ.

 

ეს მხოლოდ ჯანსაღი ცხოვრების წესზე არ არის დამოკიდებული. მგონია ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო ის მენტალური პრობლემები, რაც მქონდა და ამან ჩემი ცხოვრება გადაარესტარტა.

 

ადრე ქუჩაშიც არ შემეძლო მარტო გასვლა, ახლა მარტო ფრენაც შემიძლია. საკუთარი თავის პოვნა დიდი ფუფუნებაა.

 

– რა რჩევებს მისცემთ მათ, ვისაც სურს წონაში კლება?

 

– ამდენი წლის მანძილზე ყველაფერი ვცადე, მონოდიეტებიც დამიცვია და საბოლოო ჯამში გაამრთლა 16-18 საათიანმა შიმშილმა.

 

ბოლო კვება მაქვს საღამოს 6 საათზე და შემდეგ დილის 10 საათამდე აღარ მივირთმევ. ასეთი დიეტით, ყოველგვარი სტრესის გარეშე დაიკლებთ თვეში ხუთ კილოგრამს, საოცრად შეგეცვლებათ ფორმები. პირველი ორი კვირა ცოტა რთული იქნება, ამიტომ სცადეთ ღამე ადრე დაიძინოთ.

 

შეგიძლიათ ამ შუალედში ყველაფერი მიირთვათ დოზირებულად, მათ შორის ნამცხვარიც, ოღონდ დოზირებულად. დღეს ყველაფერი იგუგლება და რომელი პროდუქტი რამდენ კალორიას შეიცავს, შეგიძლიათ ნახოთ.

 

– პანდემიის დროს ვარჯიშს როგორ ახერხებთ?

 

– მე მივხვდი – ფიზიკური ატივობა წონას მიჩერებს. შევაჩერე ვარჯიში და ახლა უკეთესად წავიდა წონის კლება. სანამ სასურველ წონამდე არ მივალ არ ვივარჯიშებ. მერე უკვე ალბათ ივლისიდან განვაახლებ ვარჯიშს.

 

– ერთ-ერთ ჯგუფში დაწერეთ, რომ სიგარეტზე უარის თქმის შემდეგ, სახის კანიც კი გაგიუმჯობესდათ…

 

– სიგარეტი უძილობას იწვევს, ხალხი ძირითადად დილით და ღამეს ეწევა. როდესაც მოწევას დავანებე თავი, ეს კანზეც აისახა და გემოებიც სხვანაირად შევიგრძენი.

 

ყველაზე მთავარი საკუთარი თავის პოვნისთვის მნიშვნელოვანია, პოზიტიური ზეგავლენები მოვაქციოთ ჩვენს ცხოვრებაზე. ანუ ჩვენი ცხოვრება არ შედგება იმ დეტალებისგან, რასაც გარემო გვთავაზობს, შეგვიძლია რადიკალურად შევცვალოთ ყველაფერი.

 

როგორი აუცილებელიც არის ჯანმრთელობა, ისეთივე აუცილებელია არ ვიყოთ აგრესიულ გარემოში.

 

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

X