00:16 | 2020-11-26 ავტორი: Prime Time

ინფიცირებული მე-16 სართულიდან გადმოხტომას ცდილობდა – ექიმი, რომელსაც კოვიდპაციენტი თავს დაესხა, დეტალებს იხსენებს

ინფიცირებული მე-16 სართულიდან გადმოხტომას ცდილობდა – ექიმი, რომელსაც კოვიდპაციენტი თავს დაესხა, დეტალებს იხსენებს

ბათუმში მდებარე სასტუმრო „ეიფორიაში“ ექთანზე მომხდარი თავდასხმის ფაქტის დეტალებზე სასტუმროს ადმინისტრაციაში არ საუბრობენ.

 

„ღამის საათებში გარკვეულ ინციდენტს ჰქონდა ადგილი. დეტალებზე ინფორმაციას ვერ მოგაწოდებთ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე. მადლობა ჩვენი დაცვის სამსახურს და შესაბამის უწყებებს, ვინც მოახდინა დროული რეაგირება“ – აცხადებს სასტუმრო „ეიფორიას“ დირექტორი დიანა ბერიძე.

 

ჩვენთვის ცნობილი ინფორმაციით, პაციენტი კოვიდსასტუმროდან დღეს უნდა გაეწერათ. მეტადონის პროგრამაზე მყოფ 51 წლის კახაბერ ბურჭულაძეს ყოველდღიურად ერთხელ მიეწოდებოდა მეტადონი, თუმცა ის დამატებით ითხოვდა მედიკამენტს. უარის მიღების შემდეგ ის თავს დაესხა ექთანს, სამართებელით მიაყენა დაზიანებები, ხალათით მის დახრჩობას ცდილობდა და შემდეგ თვითონაც მიიყენა დაზიანებები. სიტუაციის განმუხვა სხვა პაციენტებისა და დაცვის თანამშრომლების დახმარებით მოხერხდა. არსებული ინფორმაციით, პაციენტი სასტუმროს მე-16 სართულიდან გადმოხტომას ცდილობდა და სასტუმროსთან ბატუტიც იყო გაშლილი. დაცვის თანამშრომლების სწრაფი რეაგირების შედეგად სიტუაცია განიმუხტა და პაციენტი პოლიციამ სხვა კლინიკაში გადაიყვანა.

 

ჩვენთვის არსებული ინფორმაციით პაციენტი ამჟამად კლინიკა ბმს-ში არის მოთავსებული.

 

„თავდასხმა და უსაშველო არაფერი ყოფილა. უბრალო ნაკაწრი აქვს ექთანს თითზე ექთანს. რა მოხდა ზუსტად ვერ გეტყვით, მე არ ვიმყოფებოდი ადგილზე. გადმოცემით ვიცით, რომ უმნიშვნელო ინციდენტი იყო. შეიძლება უმნიშვნელო ნაკაწრი ჭრილობა ჰქონდეს თითის არეში ექთანს. შემოსვლის დროს ვიცოდით, რომ პაციენტი მედატონის პროგრამაზე იყო. მანამდე ჩვეულებრივად მეტადონის მიტანა თუ დაუგვიანდებოდა, შეიძლება რაღაცა ფორმით გამოეხატა აგრესია. განსაკუთრებული არაფერი. მეტადონი ეძლევა ერთსა და იმავე დროს, დღის პირველ ნახევარში. ღამის საათებში არ იყო გათვალისწინებული მეტადონის მიღება. ვერ გეტყვით ახლა რა მოხდა. პაციენტი ღამით პოლიციამ წაიყვანა და არ ვიცი, სად არის.

 

ფსიქოლოგი შეიძლება მუშაობდა პაციენტთან აქ მოსვლამდე, მაგრამ ჩვენთან არ არის გათვალისწინებული ფსიქოლოგის მოწვევა, თუ ამის აუცილებლობა არ არის და არ იყო იმის აუცილებლობა, რომ ფსიქოლოგი მოგვეწვია. ფსიქოლოგის კონსულტაციები არ არის ასე მარტივივი საკარანტინო სივრცეში.

შეიძლება ექთანს სუბიექტური აზრი ჰქონდეს და აჟიტირებული იყოს და სხვანაირად გადმოგცეთ მომხდარი. შეიძლება შეშინებულია, რადგან მისთვის ეს იყო შოკი“ – განაცხადა ექიმმა ეთერ აროშიძემ.

 

დაზარალებული ექთანი ასმათ ვარშალომიძე ამ წუთებში პოლიციაში გამოკითცხვაზე იმყოფება.შს სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

 

ავტორი: ნაირა ქობულაძე

 

ავტორი: Prime Time

X