
„ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის დამლაგებლის კონტაქტები კვლავ „ურჩად“ იქცევიან.
ნაძალადევში, ორი დღის განმავლობაში სამართალდამცველები, ექიმები და ეპიდემიოლოგები კონტაქტების კარანტინში გადაყვანას სხვადასხვა ხერხით ცდილობდნენ.
დღე პირველი – მაშინ როცა „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის დამლაგებელს კორონავირუსი დაუდასტურდა, შესაბამისი სამსახურები მის საცხოვრებელ სახლს ესტუმრნენ, იმ მიზნით, რომ ახლობლებისთვის ტესტირება და კარანტინში გადაყვანა უზრუნველეყოთ.
თუმცა, საცხოვრებელ სახლში მყოფი ინფიცირებულის კონტაქტები არც ექიმებს დაემორჩილნენ, არც სამართალდაცველებს და წასვლაზე უარი განაცხადეს. მთელი ღამის განმავლობაში, უწყებების წარმომადგენლები ცდილობდნენ ინფიცირებულის კონტაქტები დაერწმუნებინათ, რომ მაღალ რისკ ჯგუფს წარმოადგენდნენ, თუმცა ერთ-ერთი კონტაქტი ქუჩაშიც გამოვიდა და მეზობელ მამაკაცს თავზე ხელი გადაუსვა „შვილო მე არაფერი მჭირსო“.
დღე მეორე – სამართალდაცველებმა ახალა უკვე სხვა ხერხს მიმართეს. ერთ-ერთი კონტაქტი შვილმკვდარი დედაა, რომელიც ყოველდღე სასაფლაოზე დადის. პოლიციელებმა გადაწყვიტეს მას სასაფლაოზე დახვედროდნენ და იძულებით კარანტინში გადაეყვანათ. ასეც მოხდა, ქალი პოლიციელებმა მანქანაში ჩასვეს და საკარანტინე სიცვრცისკენ მიყავდათ… თუმცა, ხანშიშესული ქალი მანქანიდან გადახტა და გაიქცა.
სამართალდაცველების რამდენიმე ეკიპაჟი ისევ საცხოვრებელ სახლთან მობილიზდა. საბოლოოდ, მათ შეძლეს ქალის იზოლაციაში გადაყვანა.
საკარანტინე ვადა 12 დღითაა განსაზღვრული, შესაძლოა ინფიცირებულის კონტაქტმა კიდევ მოახერხოს „გაქცევა“.






















