
შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვანის ზ.ხ-ს მამა თამაზ ხომასურიძე, მოკლული გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ადვოკატის მირიან ნიკოლაძის ლიკვიდაციას აანონსებს.
თამაზ ხომასურიძე აცხადებს, რომ არსებობს ინკვიზიტორთა დაჯგუფება „თეთრი ისარი“, რომელიც მირიან ნიკოლაძის მიმართ სამართლის დამყარებას გეგმავს.
„გუშინ მქონდა კომუნიკაცია ერთ-ერთ პიროვნებასთან, რომელიც არის “თეთრი ისარის” წარმომადგენელი, თავიანთ თავს უწოდებენ ინკვიზატორებს, მათ გამოიკვლიეს რომ ჩემი შვილი არის უდანაშაულო.
მითხრეს, რომ სამართალს ჩვენ დავამყარებთ და შენ გაჩერდიო. მირიან ნიკოლაძეს გამოუტანეს განაჩენი ადრე, იმის გამო, რომ მან გაათავისუფლა ნარკობარონი, ადრინდელ საქმეზეა ლაპარაკი.
ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები თვითონ გამოვიდნენ კონტაქზე ჩემთან,” – განაცხადა ზ.ხ-ს მამამ „ტვ პირველის“ ეთერში.
„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა სმენია თუ არა რაიმე მირიან ნიკოლაძეს „თეთრი ისარის“ შესახებ. ნიკოლაძის თქმით, ბრალდებულის მამას ზ.ხ-ს ეთერში მაისური ეცვა, რომელზეც თეთრი ისარი იყო გამოსახული. ნიკოლაძის თქმით, თუ მართლა არსებობს ამგვარი ორგანიზაცია, დიდი ალბათობით თავად ხომასურიძეა ინკვიზიტორთა ჯგუფის წევრი.
„დაჯგუფების შესახებ არ მსმენია, მაგრამ მაგ კაცს თუ არ დაამწყვდევენ ან საგიჟეთში ან ციხეში, ნერვებს მოუშლის ხალხს. ყოველდღე ამტკიცებს თავისი შვილის მკვლელობის პოტენციალს მაგდენი ტვინი უნდა ეყოს.
კაცს თვითონ ეხატა გულზე თეთრი ისარი, ლოგო რაზეც საუბრობდა, რომ რაღაც დაჯგუფებააო. ამას წინათ, თქვა 20-25 კაცი ვართო, კიდევ გვემატებიანო… იდენტიფიკაციას რეალურად თვითონ ახდენს.
თუ არსებობს ასეთი დაჯგუფება, რა თქმა უნდა თვითონვე იქნება წევრი. რაღაცეებს ჩხლართავს ეხლა, მაგას ვანახებ მე ლიკვიდაციას რა.
კაცი ფსიქიური ავადმყოფია. მეტი არ მინდა თამაზ ხომასურიძემ კომუნიკაცია სცადოს ჩემთან,“- განაცხადა „პრაიმტაიმთან“ საუბარში მირიან ნიკოლაძემ.























