17:35 | 2021-06-18 ავტორი: Prime Time

„იოტისოდენა თანაგრძნობის უნარი რომ გააჩნდეს, საკუთარი დაბადების დღე ყოველ წელს ძაძით უნდა შემოსოს“ – გიორგი შაქარაშვილის დედა ემოციურ ჩანახატს აქვეყნებს

„იოტისოდენა თანაგრძნობის უნარი რომ გააჩნდეს, საკუთარი დაბადების დღე ყოველ წელს ძაძით უნდა შემოსოს“ – გიორგი შაქარაშვილის დედა ემოციურ ჩანახატს აქვეყნებს

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა.

 

ფეხბურთელის დედა, თამუნა შალვაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ ჩანახატს აზიარებს.

 

„-გიო, ხვალ მე თუ შენ?

 

-მე!

 

-თუ შენ, მაშინ მე გამომყევი, არავითარი სალონი, არავითარი იუბილე, მე და შენ მივდივართ ს ა ს ა მ ა რ თ ლ ო შ ი!

 

-ასეთი კატეგორიულიც ნუ იქნები, დაბადების დღეზე მელოდებიან.

 

-ნუ გიო, ნუ წახვალ, გთხოვ…

 

-დილას შენს საქმეზე წავიდეთ, შენ დაბეჯითებით და მტკიცედ ისაუბრე, ისე, როგორც იცი, სამართლიანად და შეუპოვრად. მე კი გვერდით გედგები უხილავად და გაგამხნევებ.

 

-ეგ კი, მაგრამ საღამოს?

 

-ნუ დაიჟინებ, სულ ცოტა ხნით გავქროლდები ქალაქგარეთ, ერთ გოგონას ოქროს იუბილედან ახალ ათვლას მივულოცავ და მალე წამოვალ.

 

-აღარ აღნიშნავს ის გოგონა დაბადების დღეს, გადაიფიქრა.

 

-შენ რა იცი?

 

-არა, არ ვიცი, მაგრამ იოტისოდენა თანაგრძნობის უნარი რომ გააჩნდეს, საკუთარი დაბადების დღე ყოველ წელს ძაძით უნდა შემოსოს!

 

-შენ რომ ასეთი არ ხარ, არც მსგავსი რამ რომ არ წამოგცდენია არასდროს, ახლა რა დაგემართა?

 

-რა და, რასაც ვგრძნობ და ვფიქრობ, იმას ვამბობ!

 

-მერე რატომ ფიქრობ ასე მკაცრად და სასტიკად?

 

-ალბათ გინდოდა გეთქვა, დამსახურებულად…

 

-კარგი, ნუ ჩაუღრმავდები ასე…

 

გადავიფიქრე, აღარ მივდივარ.

 

-რა კარგიააააა, გადარჩებიიიიი……………

 

-კარგი, ვთქვათ მე გადავრჩი, სხვა?

 

იგივე გზაზე, იგივე ღამეს, იგივე ხალხის პირისპირ…

 

-შენ არა, მაშინ მე…

 

პ. ს.

 

-ჰმ, მე სად წავიდე?..

 

-შენ მიშოს მიულოცე, ხვალ მისი დაბადების დღე არის, ოცი წლის იუბილე. შენსკენ სავალი გზის ძებნაში მასაც ხომ შემოაღამდა…

 

-მიშო ისედაც სულ ჩემთან არის, წამითაც არ ვიშორებ გვერდიდან…

 

-შარშან ერთად რომ წასულიყავით, ნეტავ რა და როგორ იქნებოდა, გიო?..

 

-იგივე, რაც დღეს,“ – წერს გიორგი შაქარა მარიამის ჩანახატები.

 

ცნობისთვის, ერთი წლის წინ, 2020 წლის 18 ივნისის ღამით, 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი გაუჩინარდა.

 

19 წლის ფეხბურთელის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი ძიების შემდეგ, რომელშიც ოფიციალური ინფორმაციით, 70 მაშველი იყო ჩართული, 22 ივნისს, გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.

 

სასამართლო სამედიცინო დასკვნების თანახმად, გიორგი შაქარაშვილის 16 სახის დაზიანება, სიკვდილამდე 10-20 წუთით ადრე აქვს მიყენებული.

 

2021 წლის 9 მარტს, მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ბიძინა სტურუამ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობისთვის ბრალდებული ხუთივე პირი დამნაშავედ სცნო.

 

არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ვახტანგ ჩიქოვანს 16 წლიანი პატიმრობა შეეფარდა. ორ არასრულწლოვანს, ზ.ხ.-სა და ა.ქ. მოსამართლემ თავისუფლების აღკვეთა 10 წლითა და 6 თვის ვადით მიუსაჯა.

 

ავტორი: Prime Time

X