13:56 | 2021-04-05 ავტორი: თამარ გონგაძე

“ირაკლი 22 წლის იყო, აივნიდან გადავარდა… შვილის გარდაცვალების შემდეგ ვეღარ აგრძელებდა წერას…” – გურამ დოჩანაშვილის ტრაგედია

“ირაკლი 22 წლის იყო, აივნიდან გადავარდა… შვილის გარდაცვალების შემდეგ ვეღარ აგრძელებდა წერას…”  – გურამ დოჩანაშვილის ტრაგედია

სიცოცხლის ბოლო თვეები თავის აგარაკზე, მუხაწყაროში გაატარა. თითქმის მთელი პანდემიის პერიოდი, მეუღლესთან ერთად იქ ცხოვრობდა. ფოლკლორისტმა ეთერ თათარაიძემ გვითხრა, ბოლოს რომ დავურეკე, მითხრა, არ იცი, აქ რა კარგია, შაშვები არიან მხოლოდ. ვირუსის მომტან-მიმტანი არავინაა და ამ შაშვების ყურებით ბედნიერი ვარო.

 

ბოლო ერთი თვეა საავადმყოფოში იწვა, გულის უკმარისობის დიაგნოზით. საკუთარი უკანასკნელი დაბადების დღეც იქ გაატარა. 26 მარტს 82 წელი “ნიუ ჰოსპიტალში” შეუსრულდა.

 

ორ აპრილს მდგომარეობა დამძიმდა. საკუთარმა მოძღვარმა აზიარა და ჩვენი დროის ფასდაუდებელი კლასიკოსი, რამდენიმე საათში აღესრულა…

 

როგორ მოკრძალებულადაც იცხოვრა, ისევე მოკრძალებული სამუდამო განსასვენებელიც თავადვე აირჩია. პანთეონი არასდროს ჰყვარებია და თავისი საფლავი იქ ვერასდროს წარმოედგინა. ამის მყარი არგუმენტიც ჰქონდა. სურდა შვილის გვერდით დაკრძალულიყო და მორჩა!

 

ამბობენ, გურამი თავის 22 წლის ვაჟთან ერთად ჩაქრა და გარდაიცვალა, უბრალოდ, ფიზიკურ არსებობას განაგრძობდა ამ წუთისოფელში.

 

გურამ დოჩანაშვილი გარდაიცვალა - Primetime

 

ჟურნალისტი მაკო ფურცელაძე წერს.

 

“დიდი ხანია ნატრობდა ამ დღეს – იმ წუთიდან, შვილმკვდარი მამა რომ დაერქვა. მე და ირაკლი მისაღებ გამოცდებზე ერთად გავედით. თვალებით დამამახსოვრდა. მაშინ არ ვიცოდი, რომ გურამ დოჩანაშვილის შვილი იყო. მერე გავიგე უნივერსიტეტის ბაღში რომ შევხვდი… ჩაის სახლის და ლიზიკოს ხაჭაპურის დღეები მახსოვს…

 

როგორ მშურდა მაშინ, გურამ დოჩანაშვილის შვილი რომ იყო და პირველად მას შეეძლო წაეკითხა, რასაც წერდა, მასთან ესაუბრა… რა გშურს, შენ რომ ცნობილი ჟურნალისტი გახდები, ისეთ ინტერვიუს ჩაგაწერინებ, არავის არ ექნებაო, ასე დამპირდა…

 

1990 წელს გარდაიცვალა – ზეცა ჩამოიქცა ეს ამბავი რომ გავიგე. მახსოვს, მუხათწყაროში ვიყავი… ვიცი, ბატონი გურამიც მაშინ გარდაიცვალა ირაკლისთან ერთად, უბრალოდ მხოლოდ ახლა გადავიდა სააქაოდან ზეციურ საქართველოში…

 

არასდროს არ ჩამიწერია მასთან ინტერვიუ, არც მითხოვია – ვერ შევძელი… სულ მეგონა, რომ ირაკლის გარეშე ვერასდროს დაველაპარაკებოდი!
აცხონოს უფალმა – ირაკლი და გურამი!“

 

Iverieli: ნათელა სეფიაშვილი და გურამ დოჩანაშვილი

 

გურამ დოჩანაშვილის მეუღლე, ერთ-ერთ ინტერვიუში ჰყვება.

 

ნათელა სეფიაშვილი: – ეს ამბავი 7 აგვისტოს მოხდა. მე ამ თარიღს მივიჩნევ ირაკლის გარდაცვალების დღედ. გურამი კი თვლის, რომ 18 აგვისტოს გარდაიცვალა, როცა ის აპარატიდან გამორთეს. ეს იყო 1990 წელს. ირაკლი მაშინ 22 წლის იყო, 2 მეტრი სიმაღლის. საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ვიცოდი, რომ აღარ იცოცხლებდა.

ირაკლის გარდაცვალებამდე მე გახლდით ცუდად. ფაქტობრივად, მკვდარი ვიყავი და ირაკლი დარბოდა წამლებზე, სისხლზე. სიმსივნური წარმონაქმნი ამომაჭრეს მუცლიდან. ვფიქრობდი, რომ მივდიოდი ამქვეყნიდან და კმაყოფილი ვიყავი, რადგან ჩემს ორივე შვილს უმაღლესი დავამთავრებინე, გურამი მწერალი გახდა.

 

Iverieli: გურამ დოჩანაშვილი და ირაკლი დოჩანაშვილი

 

მთავრობის ინიციატივითა და საპატრიარქოს თანხმობით დიდი მწერლის დაკრძალვა მთაწმინდაზე გადაწყდა. თუმცა მწერლის მეუღლესთან მისულ “დოჩანას” მეგობარს, მის მოძღვარს, ასევე მსახიობს, ედმონდ მინაშვილს, რომელსაც დოჩანაშვილთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა, ქალბატონმა ნათელამ ასეთი პასუხი დაახვედრა.

 

ედმონდ მინაშვილი: – ჩვენ ვუთხარით, მთელი ერი ითხოვს მის დაკრძალვას მთაწმინდაზე. ის მხოლოდ თქვენ არ გეკუთვნით, მთელი საქართველოს კუთვნილებაა-მეთქი. მან გვიპასუხა, ბატონი გურამი თუ მთელ ქვეყანას ეკუთვნის, ამის სანაცვლოდ თავისი ქმნილებები დატოვა და წაიკითხონო. მისი საფლავი სად იქნება, ეს მისი ოჯახის გადასაწყვეტიაო.

 

ბატონი გურამის სურვილი ყოფილა, რომ შვილის გვერდით დაკრძალულიყო. ეს გადაწყვეტილია, გურამი საბურთალოს სასაფლაოზე, თავის შვილთან მიდის და ამაზე ნუღარ დამელაპარაკებითო, გვითხრა ქალბატონმა ნათელამ.

 

ირაკლი საფლავის შუაშია დაკრძალული. თავიდანვე ასე უთქვამს, ერთი მხრიდან მე დავსაფლავდები, მეორე  მხრიდან ნათელა უნდა დაიკრძალოსო.

 

გურამ დოჩანაშვილს საბურთალოს სასაფლაოზე, შვილის გვერდით დაკრძალავენ | Rustavi2

 

პომპეზურობა არ უყვარდა არაფერში, და მით უფრო, პანთეონები… არადა, იქ მისი კლასელები – ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავაა დაკრძალული. ასევე მისი მეგობარი ჭაბუა ამირეჯიბი.

 

თავისი სამტომეული, რომელსაც ბოლო ათი წლის მანიძლზე უწმინდესის კურთხევით წერდა, დაასრულა, წერტილი დასვა, ჩააბარა საპატრიარქოს, დაამთავრა მწერლობა, თქვა, მე წავედიო და წავიდა და წავიდა…

 

შვილის გარდაცვალების შემდეგ დიდი ხანი არ უწერია ბატონ გურამს. თავის საყვარელ საქმეზე ხელი ჰქონდა ჩაქნეული.

 

მისი 22 წლის ვაჟი, ირაკლი დოჩანაშვილი 1990 წელს ტრაგიკულად გარდაიცვალა. მეგობრებთან ერთად სადღაც აგარაკზე იყო, მოაჯირზე იჯდა და აივნიდან გადავარდა… ამ დიდი ტრაგედიის შემდეგ დიდი ხანი ვეღარ აგრძელებდა წერას. ხელი ჰქონდა ჩაქნეული.

 

ამ მოვლენამ ყველაზე მძიმე დარტყმა მიაყენა მწერალს, სრულად შეიცვალა როგორც მისი ცხოვრება, ასევე მწერლობაც. უმძიმესი დღეების გადატანაში სასულიერო პირები და ახლო მეგობრები დაეხმარნენ, რამაც ეკლესიასთან, ღმერთთან დაახლოვა. გადარჩენასა და უფლისადმი მიქცევას საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს უმადლოდა.

 

ამ ტრაგედიის შემდეგ, უფალმა დიდი საჩუქარი გამოუგზავნა, ქალიშვილის, ქეთევანის შვილი, თინათინ ჭკუასელი, რომელმაც შეძლო, რომ ბაბუსთვის სიცოცხლის გაგრძელების სურვილი მიენიჭებინა.

 

შემდეგ უწმინდესის და როგორც მე მისგან ვიცი, ეს იყო ჭაბუა ამირეჯიბის დიდი თხოვნა, რომ მწერლობას დაბრუნებოდა. მერე “ბრმად ყოფილზე” უწმინდესის კურთხევით დაიწყო მუშაობა.

 

გურამ დოჩანაშვილი გარდაიცვალა | imedinews

 

2015 წელს გამოვიდა კლასიკოსის თხზულება “ბრმად ყოფილი და…”, რომელიც უწ­მინ­დესს დაჰ­პირ­და, 2 წე­ლი­წად­ში დავ­ას­რუ­ლებო, თუმ­ცა ამ ნა­წარ­მო­ე­ბის დას­რუ­ლე­ბას – 7 წელი დას­ჭირ­და.

 

“უწ­მინ­დე­სი სულ მა­რი­გებ­და და მომ­ცა ძალა, რომ ჩემს ასაკ­ში და­მე­წე­რა”, – ამბობდა გურამ დოჩანაშვილი, რომელმაც სამების ეზოში მდებარე ლავრაში ორი წელი იცხოვრა და იქ მუშაობდა ამ სამტომეულ რომანზე.

 

სამების ეზოში უწმინდესმა ღვაწლმოსილ ადამიანებს გამოუყო ლავრები, სადაც ისინი ცხოვრობდნენ და საჭიროებისამებრ, მკურნალობდნენ. ბატონმა რეზო ჩხეიძემ ფეხი რომ მოიტეხა, სარეაბილიტაციო პერიოდს იქ გადიოდა. მივედი და მოვინახულე. კარგად რომ ვისაუბრეთ, მითხრა, ჩემს გვერდით ლავრაში გურამ დოჩანაშვილი ცხოვრობს, გადავიდეთ, მოვინახულოთო. წარუდგინა ჩემი თავი, ჩემი მოსწავლე, მსახიობი ედმონდიო.

 

ბატონმა გურამმა უთხრა, დღეს ძალიან ბედნიერი ვარ. ორი კვირაა გაჩერებული ვიყავი, წერას ვერ ვაგრძელებდი. ღვთისმშობელი რაღაცისთვის უნდა შემედარებინა და ვერაფერს ვადარებ, მზე, მთვარე, ყველაფერი მებანალურაო. დღეს დილით კი მომივიდა იდეა და წერაც გავაგრძელეო, თქვა. რას შეადარეო, ჰკითხა ბატონმა რეზომ. დავწერე – “ღვთისმშობელი ლამაზი, როგორც თვითონ”. ეს ფრაზა შევიდა მის ნაწამოებში “ბრმად ყოფილი და…” ამის აღსანიშნავად შავი ღვინის ბოთლი გახსნა, შეივსო სამი ჭიქა და ასე დაიწყო ჩვენი მეგობრობაც…

 

თავისი ცხოვრების დიდ ტკივილზე არასდროს საუბრობდა. ყოველ შემთხვევაში, ჩემთან ერთხელაც არაფერი დასცდენია. არასდროს არ აფიშირებდა ამ თემით. პირად ტრაგედიაზე არ დაგელაპარაკებოდა. ამ დიდი ტკივილით იცხოვრა.

 

თუმცა იყო ხალისიანი, სევდიან-იუმორიანი. ურთიერთობისას მის მიმართ საოცარი მოკრძალება გქონდა. ხომ თავმდაბალი იყო და მოკრძალებული, ამავდროულად ბუნებრივ დისტანცირებას ახდენდა საზოგადოებისგან. ჰქონდა საოცარი სიდიადე. ამ სიდიადეს კი არასდროს გაგრძნობინებდა, ამას თვითონ გრძნობდი მასთან ურთიერთობისას.

 

რაც მისგან ვისწავლე არის ის, უნდა იყო თავმდაბალი ადამიანი, მოკრძალებული. სამშობლოს სიყვარული და პასუხისმგებლობა უნდა გქონდეს.

 

ას წელიწადში შეიძლება ვერ დაიბადოს მისი მსგავსი და ტოლი ადამიანი. ჩვენი ვალია ის საგანძური, რაც დაგვიტოვა, ბიბლიად გავიხადოთ. “სამოსელი პირველი”, ჩემი აზრით, ჩვენს ენაზე დაწერილი ბიბლიაა. გვასწავლის ამ წუთისოფელში როგორ უნდა ვიცხოვროთ. არასდროს არ ჰქონია მისთვის რაიმე ფასი ამქვეყნიურ მატერიალურს. მისთვის იყო მხოლოდ წიგნები, საბეჭდი მანქანა, ფურცლები, კალამი… და ადამიანები!

 

მის სახლში ვიყავი და ფოტოები გადავუღე მის ნივთებს, სამუშაო ოთახს და უნდა გითხრათ, ისეთი სევდაა მის სახლში…

 

კვირის პალიტრა - გურამ დოჩანაშვილი: "ახლა რუსეთმა ომი არ წამოიწყოს..." ექსკლუზივი

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X