
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ევროკავშირის ინსტიტუტების, წევრი ქვეყნებისა და პარტნიორი სახელმწიფოების ლიდერებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტში, რომელიც დღეს ბრიუსელში გაიმართა.

მთავრობის მეთაურმა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს ევროპული მისწრაფებისა და ევროპული არჩევანის სიმტკიცეს, ასევე ისაუბრა ასოცირებული ტრიოს შესახებ და აღნიშნა, რომ ეს ფორმატი პარტნიორობის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპის – დიფერენციაციის ნათელი გამოხატულებაა.

ირაკლი ღარიბაშვილმა, სამიტზე სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება გაამახვილა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე და ხაზი გაუსვა ევროკავშირის გაძლიერებული ჩართულობის აუცილებლობას კონფლიქტის გადაწყვეტის პროცესში, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად განხორციელების მიმართულებით.

ლიდერებმა კვლავ გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა პარტნიორი ქვეყნების სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში ტერიტორიული მთლიანობისადმი. ყურადღება გამახვილდა რეგიონში უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ სიტუაციაზე და აღინიშნა, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევები სერიოზულ საფრთხეს უქმნის მშვიდობას ევროპაში. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა რეგიონის კონფლიქტების დარეგულირების მიმართულებით განახლებული ძალისხმევის აუცილებლობას, რაც ევროკავშირის ძლიერ ჩართულობასაც გულისხმობს.

სამიტის მონაწილეებმა დაადასტურეს მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპის – დიფერენციაციის მიმართ, რომლის საფუძველზეც ხდება პარტნიორობის ქვეყნებისთვის ევროკავშირთან ინტეგრაციის ინსტრუმენტების ინდივიდუალურად მინიჭება. ამ კონტექსტში განიხილება „ასოცირებული ტრიოსთვის” ევროკავშირის ერთიან ბაზარზე თანდათანობით ინტეგრაცია.

სამიტზე ლიდერებმა მიიღეს პოლიტიკური დეკლარაცია, რომელშიც დაფიქსირებულია მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში აქტუალური პრიორიტეტული საკითხების მიმართ. დეკლარაციის ნაწილია ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალი დღის წესრიგი, რომლის შემუშავებაშიც ევროკავშირსა და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, აქტიურად იყო ჩართული საქართველო. შედეგად განისაზღვრა ამბიციური დღის წესრიგი, რომელიც ხელს შეუწყობს პარტნიორი ქვეყნების უსაფრთხოების, ეკონომიკების, ინსტიტუტების, გარემოსდაცვითი და ციფრული ტრანსფორმაციის მექანიზმების გაძლიერებას.























