
ქეთათო ირაკლი ჩარკვიანს იხსენებს. ამბობს, რომ ირაკლის, რომელსაც მისი სჯეროდა, იმედი არ უნდა გაუცრუოს. “მთავარის დილაში“ ის ყვება, როგორი იყო ამ დიდ შემოქმედთან ერთად ცხოვრება.
ქეთათო პოპიაშვილი: – ირაკლის ფენომენთან ერთად სამყარო სხვა ფერია, ვიდრე მის გარეშე, მას რომ საერთოდ არ ეარსება. ჭეშმარიტი შემოქმედი იყო ყოველგვარი ფალშის და მაიმუნობის გარეშე.
შეუძლებელია ირაკლის გავლენის ქვეშ არ იყო, ერთხელ მაინც თუ მოგისმენია მისი მუსიკა. მისი შემოქმედება იმდენად ღრმაა, თუ კარგად მოუსმენ, იმდენ რამეს ისწავლი, მტკიცება და დაძაბვა აღარ გჭირდება.
წარმოუდგენელია, როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება ირაკლის რომ არ შევხვედროდი. ირაკლის დაბადებამ ჩემს დაბადებას აზრი მისცა.
ირაკლისთან ერთად ცხოვრება, უბრალოდ ცხოვრება არ იყო. ყოველთვის რასაც ვაკეთებდით, ვიცოდით, რომ ისტორიის ნაწილი ვართ და ისტორიას ვქმნით. ეს ეგოცენტრიზმით კი არ იყო გამოწვეული, ერთმანეთთან ურთიერთობა იმდენად ფასეული და სათუთი იყო, რომ მე ყოველთვის ვიცოდი, რომ ეს არის რაღაც დიდის ნაწილი. ამ ყველაფერს რომ კარგავ, ფაქტობრივად იგივეა, რომ შენც გარდაიცვალო. ყველაფრის დაწყება თავიდან გიწევს.
ერთად იმდენად ბედნიერი და თვითკმარი ვიყავით, მერე მომიწია ხალხთან ურთიერთობა. სიტყვებს თითქოს სულ სხვა მნიშვნელობა აღმოვუჩინე.
“შენ მაგარი ხარ”, “შენ ყველაფერს გაუძლებო”, მეუბნებოდა. რატომღაც ძალიან სჯეროდა ჩემი. ამიტომ უფლება არ მაქვს, მას ეს იმედი გავუცრუო.























