
ცნობილი ირანელი მოჭიდავე, რომელიც 2018 წელს ანტისამთავრობო დემონსტრაციებში მონაწილეობდა, სიკვდილით დღეს დასაჯეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ირანის სახელმწიფო მედია.
ნავიდ აფკარი აქციებზე ადამიანის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით 27 წლის სპორტსმენი ქვეყნის უზენაესი ლიდერის შეურაცხყოფაშიც დაადანაშაულეს.
აფკარის სიკვდილით დასჯის ორი განაჩენი გამოუტანეს 2 წლის წინ ირანში გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისა და ქალაქ შირაზში აქციის დროს დაცვის თანამშრომლის მოკვლის გამო.
არსებობს მისი აღიარებითი ჩვენებაც, თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ჩანაწერი ციხიდან, რომელშიც აფკარი ამბობს, რომ აწამეს. ოჯახის წევრები და აქტივისტები აფკარის სიტყვებზე დაყრდნობით ამბობენ, რომ იგი აწამეს, რათა ეღიარებინა დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია. მისი ადვოკატი ამბობს, რომ მისი ბრალეულობის დამადასტურებელი საბუთი არ არსებობს.
„აფკარი სიკვდილით დასაჯეს ამ დილით მას შემდეგ, რაც სამართლებრივი პროცედურები ჩატარდა მსხვერპლის მშობლებისა და ოჯახის დაჟინებული მოთხოვნით.“ – თქვა სამხრეთ ფარსის პროვინციაში იუსტიციის დეპარტამენტის უფროსმა, კაზემ მოუსავიმ.
აგვისტოს ბოლოს ირანის უზენაესმა სასამართლომ უარყო საქმის ხელახალი განხილვა.
8 სექტემბერს გლობალურმა გაერთიანებამ, რომელიც 85 000 ათლეტს წარმოადგენს, განაცხადა, რომ, იმ შემთხვევაში, თუ ირანი აფკარს სიკვდილით დასჯის, ისინი ირანის მსოფლიო სპორტიდან გაგდებას მოითხოვენ.
დაკავებულები არიან აფკარის ძმებიც ვაჰიდი და ჰაბიბი. მათ 54- და 27-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ.























