
საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტი, რეჟისორი ბუბა ხოტივარი დღეს გარდაიცვალა. 74 წლის რეჟისორი კოვიდ-19-ით ერთი თვის წინ დაინფიცირდა. როგორც ჩანს, ვირუსმა ფილტვები დააზიანა და ხუთი დღის წინ რეჟისორის კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.
კინოაკადემიის პრეზიდენტად 2019 წლის სექტემბერში აირჩიეს. მისმა წინამორბედმა, რეჟისორმა, ზაზა ურუშაძემ ეს თანამდებობა ხმაურით დატოვა. ზაზა, დეკემბერში, გულის შეტევით გარდაიცვალა. პრეზიდენტობა არც ბუბას დასცალდა… როგორც გიორგი ოვაშვილი ამბობს, უცნაურად დაემთხვა ამ თანამდებობაზე მყოფი ორი რეჟისორის მოულოდნელი გარდაცვალება.
“რაც კინოაკადემია ჩამოყალიბდა, სულ ორი პრეზიდენტი გვყავდა და ორივე მოულოდნელად დაიღუპა. არ მინდა ვთქვა, მაგრამ დაწყევლილი პოზიცია აღმოჩნდა. ვინ მივა პრეზიდენტად, არ ვიცი. მე არ ვუსურვებდი” – ამბობს ოვაშვილი.
უფროს მეგობარზე, პედაგოგსა და კოლეგაზე “პრაიმტაიმს” ირაკლი პაპავა ესაუბრა.
ირაკლი პაპავა: – მიუხედავად იმისა, რომ ხუთი წლით იყო უფროსი, მე და ჩემი მეგობრები, “ბუბა მასწით” მივმართავდით. რამდენიმე ათეული ათასი კილომეტრი ერთად გვაქვს გავლილი. 2002-2003 წლებში აბრეშუმის გზაზე, “ნეოსტუდიის” შეკვეთით, პროექტის – “აბრეშუმის გზის” ეგიდით, რამდენიმე ფილმი გადავიღეთ. ჩინეთის საზღვრიდან ევროპის ჩათვლით გზა რამდენჯერმე გავიარ-გამოვიარეთ. სად არ გვიძინია ერთად, შუა უდაბნოში გაგვითენებია ღამე, ტანკერებზე, სად აღარ. როგორც მამა შვილს, ისე მივლიდა. არა მხოლოდ მე, მთელ გადამღებ ჯგუფს. ისეთი გულისხმიერი კაცი იყო, ყველაფერს თავის თავზე იღებდა. მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით იყო აღსავსე.
როგორც თვითონ ამბობდა, მისი ყველაზე საყვარელი ფილმი “მარკოზის სახარება” (ირაკლი ფარჯიანის ნახატების მიხედვით) იყო, რომელიც ერთად გადავიღეთ. ანდრია პირველწოდებულის მთავარი გრან-პრი აქვს აღებული. ახლა გერმანული და ინგლისური ვარიანტები გავაკეთეთ. გეგმაში გვქონდა ფილმის სპეციფიკურ ფესტივალებზე გაგზავნა.
წელიწადნახევრის წინ კინოაკადემიის პრეზიდენტად იქნა არჩეული და იქ სიტუაცია დაალაგა. ვებერთელა გეგმები ჰქონდა. უკანასკნელად ერთად კულტურის სამინისტროში ვიყავით. მინისტრის მოადგილესთან კინოს პრობლემებზე ვისაუბრეთ.
კლინიკაში რომ მოათავსეს, მივდიოდი, მაგრამ საჭმელს და წერილს შევუგზავნიდი, კონტაქტის საშუალება არ მქონია. რომ მიიყვანეს არ ჰქონდა თითქოს რთული მდგომარეობა. მერე დაეწყო სუნთქვის უკმარისობა და მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს.
ეს სამწუხარო ინფორმაცია გიორგი ოვაშვილმა ჩვენგან გაიგო.
გიორგი ოვაშვილი: – შოკისმომგვრელი ამბავია. ღმერთო ჩემო, ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი. ყოველთვის მეგონა, რომ ბუბა ყოველთვის იქნებოდა.
ჩემი პედაგოგი იყო, მისი გაზრდილი ვარ. სულ მგონია, რომ იმ ასაკშია, პირველ კურსზე რომ ვიყავი. ასაკი არასდროს ეცვლებოდა. მე მქონდა ასეთი განცდა, დროსთან კავშირში არ იყო. ასეთადაც დარჩება ის ჩემს მეხსიერებაში.
ბევრი საუბარი, შეხვედრა, დროის გატარება. მასთან ოჯახში ბევრჯერ ვყოფილვარ, საათობით ვმჯდარვარ და სხვადასხვა თემაზე გვისაუბრია. ეს არ იყო მხოლოდ ოსტატისა და შეგირდის ურთიერთობა. ეს იყო მნიშვნელოვანი ადამიანების კავშირი.
როდესაც ფილმების პრემიერები მქონდა, შენ უნდა თქვა სიტყვა, აბა, სხვა ვინ იტყვის-მეთქი, ვავალებდი. სულ ვეუბნებოდი: მე თუ რამე არ გამომდის, რა ვქნა, ეს შენი ბრალია, იმიტომ რომ შენ ხარ მასწავლებელი-მეთქი. რაც მასწავლე, იმას ვაკეთებ. ისიც ხუმრობით ამბობდა – “მოსაკლავი მე ვარ მხოლოდ, რომ კაცად ვერ გამიზრდიხარო”…
იყო კეთილშობილი. აბალანსებდა კონფლიქტს, ათანასწორებდა, ამშვიდებდა დაპირისპირებულ მხარეებს. სხვა ენაზე ესაუბრებოდა და ადამიანებს აფიქრებდა.
ცხოვრებაში ბევრი რამ მასწავლა, არა მხოლოდ ხელობა. ეს იმაზე მეტი იყო ვიდრე მხოლოდ შეგირდისა და ოსტატის დამოკიდებულება.
საშინელებაა…
დარწმუნებული ვარ მასაც ძალიან ვუყვარდი. ძალიან მიყვარდა ისიც და მისი მთელი ოჯახი. მათთვის ახლობელი ვიყავი. ნახეთ, როგორი გამოვიყვანეო, ჩემზე ამბობდა… მოსწონდა ჩემი ფილმები.

კახა გოგიძე: – მე მისი ბოლო სტუდენტი ვიყავი. სენტიმენტალური ადამიანი არ ვარ, ადამიანების წასვლაც ბევრი მინახავს. ყველასი გულდასაწყვეტია. თუმცა ჩემთვის განსაკუთრებით გულდასაწყვეტია ბატონი ბუბას გარდაცვალება. მე პირადად ძალიან ბევრი დამაკლდება.
მე ჩემი ფილმის გადაღება ბატონი ბუბას “კურთხევით” დავიწყე. იდეა რომ მოვუყევი, “შემაჩვენა”, ამ სცენარით ფილმი რომ არ გადაიღო, დაგწყევლიო. მოვალ, გადაღებასაც დავესწრები და მასალასაც ვნახავო. ამ ფილმს აუცილებლად მის ხსოვნას მივუძღვნი.
თავის ზღვა გამოცდილებას გვიზიარებდა. ლექციების შემდეგ ვრჩებოდით და ვსაუბრობდით. ბევრი რამ ვისწავლე მისგან. გენერალ სიმუსს ვეძახდი.
ბრძენი ადამიანი იყო… ვინც იცნობდა ბევრი დააკლდება ყველას.























