15:09 | 2020-06-08 ავტორი: Prime Time

ის არ იკმარეს, ერთი ნაკვეთიდან რომ გამომაძევეს, ახლა მეორეს მიადგნენ! – ბოდბის მონასტერთან ისევ ხმაურია

ის არ იკმარეს, ერთი ნაკვეთიდან რომ გამომაძევეს, ახლა მეორეს მიადგნენ! – ბოდბის მონასტერთან ისევ ხმაურია

დაპირისპირება ქედელის დასახლებასა და ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერს შორის კვლავ გრძელდება.

 

ქედელის დასახლების ერთ-ერთი უძველესი მკვიდრის, თამაზ გორელიშვილის ინფორმაციით, დღეს დილით, მონასტრის წარმომადგენლები მის მეორე ნაკვეთშიც შეიჭრნენ და ხეების მოჭრა დაიწყეს.

 

„დღეს დილით, ჩემს მეორე ნაკვეთშიც შესულან და ახალგაზრდა კაკლის ხეებს და უნიკალურ, მსხმოიარე ვაშლის ხეებს ჭრიან. ის არ იკმარეს, ერთი ნაკვეთიდან რომ გამომაძევეს, ახლა მეორეს მიადგნენ.

 

ეს ნაკვეთი პაპამ დამიტოვა, მემკვიდრე მე ვარ და ვერ ვიფორმებ, იღუმენიამ მოგვწეროსო, წარმოგიდგენიათ? გამოვიძახე გარემოს დაცვის ინსპექცია, შეადგინეს ოქმი და ველოდები რეაგირებას“,- განაცხადა თამაზ გორელიშვილმა.

 

ბოდბის სიახლოვეს, ქედელის დასახლებას ბოლო მემკვიდრეები ტოვებენ (?!)
2020-05-07ბოდბის სიახლოვეს, ქედელის დასახლებას ბოლო მემკვიდრეები ტოვებენ (?!)

 

ბოდბის დედათა მონასტრის წარმომადგენელი, დედა სალომე(ნანა მახარობლიძე) ადასტურებს, რომ დაპირისპირება მოსახლეობასთან კვლავ გრძელდება.

 

„დიახ, იყო დღეს პოლიციაც და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის მობილური ჯგუფიც. პოლიცია გაერკვა, რომ აქ კანონის დარღვევით არაფერი ხდება. გარემოს დაცვის დეპარტამენტიც, ალბათ, შემოგვეხმიანება“,- განაცხადა დედა სალომემ.

 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის კახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსის, ბესო შუბითიძის ინფორმაციით, მობილური ჯგუფი გამოძახებაზე ნამდვილად იმყოფებოდა.

 

„ჩვენ ვიყავით გამოძახებაზე, ავიღეთ კოორდინატები. ახლა უნდა გავერკვეთ, სახელმწიფო ტერიტორიაზეა დავა, თუ კერძო საკუთრებაზე. რეაგირებაც ამის მიხედვით მოხდება“,- განაცხადა შუბითიძემ.

 

კონფლიქტი მიწის ნაკვეთების თაობაზე, ქედელის დასახლებასა და ბოდბის მონასტერს შორის ათეული წლებია გრძელდება. დაზარალებული მოსახლეობა, უახლოეს ხანში, მონასტრის წინააღმდეგ, სასამართლო დავას დაიწყებს.

 

ნახეთ დეტალურად: საპატრიარქოს ქონება და ფინანსები – ინფორმაცია, რომელიც ბევრმა შეიძლება არ იცოდეს

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

ავტორი: Prime Time

X