18:27 | 2020-03-24 ავტორი: თამთა თორდია

რაც გუშინ მარნეულში მოხდა, სამარცხვინოა – ვახტანგ გომელაური 

რაც გუშინ მარნეულში მოხდა, სამარცხვინოა – ვახტანგ გომელაური 

შს მინისტრი ვახტანგ გომელაური მარნეულში ჩავიდა. მინისტრი ადგილზე არსებულ ვითარებას ეცნობა.

 

მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ის რაც მარნეულში გუშინ მოხდა, მისთვის სამწუხარო და სამარცხვინოა.

 

„ის ინციდენტი, რაც მოხდა გუშინ, საკმაოდ სამწუხაროა და სამარცხვინოა ჩემთვის, მძიმეა საუბარი ნამდვილად. ადამიანები, რომლებიც ღამის 2 საათზე ადგნენ და ჩატვირთეს ეს კარვები, რომ არ გასჭირვებოდა მარნეულის მოსახლეობას და დახმარებოდნენ, მთელი ღამით იმუშავეს და შემდეგ რაც მოხდა, კი ნახეთ.

 

შეურაცხყოფა მიაყენეს, ხელით შეეხნენ. დავაკავეთ ორი პიროვნება, კიდევ ვმუშაობთ. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება, თუ მსგავსი ფაქტი განმეორდა, ყველა დაისჯება“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 

ვახტანგ გომელაური ადგილზე გაეცნო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების, პოლიციისა და სამხედროების მუშაობას. მან ასევე კარვები დაათვალიერა, რომლებშიც პაციენტებს საჭიროების შემთხვევაში განათავსებენ.

 

მინისტრი ასევე იმყოფებოდა მართვის ცენტრის კარავშიც და მუშაობის პროცესს დააკვირდა. ამის შემდეგ ვახტანგ გომელაური ერთ-ერთ სპეციალურ საგუშაგოზე მივიდა, სადაც პოლიციელებსა და სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა. ასევე პირადად დააკვირდა დრონით მუშაობის პროცესს.

ავტორი: თამთა თორდია

X