
„… მე თვითონ არ მესმის, იმდენად დიდია დანაშაული თქვენს მიმართ. თქვენი მოქმედება ჩემ მიმართ, იმდენად კანონიერზომიერია, რომ ჩემი პროტესტი თქვენ მიმართ – სიბეცეა. სამწუხაროა, რომ ჩემი დანაშაული ამ კაცის მიმართ, ბოლომდე გაურკვეველი დარჩა“ – „მგზავრი“ ფილმიდან „წკიპურტები“
ქართველი კინორეჟისორის, სცენარისტის, მსახიობის, მხატვარის და პოეტის რეზო ესაძის ერთ-ერთი არაჩვეულებრივი ფილმი „წკიპურტები“(არ მაწყენინე), რომლის მთავარ გმირებს, ორი ლეგენდა – ლეო ანთაძე და ზურაბ ქაფიანიძე ასრულებს, თავისი სტილით, ძალიან განსხვავებული ნამუშევარია, ზოგადად ქართული ფილმებისგან.
რეჟისორის განსხვავებული ხედვა და მანერა, ერთბაშად იქცევს საზოგადოების ყურადღებას. ფილმის სცენარის მიხედვით, ბ-ნი რეზო საზოგადოების „გამოფხიზლებას“ და სტერეოტიპების დამსხვრევას ცდილობს, რასაც სოციალური გარემოს კარიკატურული ხედვითა და იუმორით ახერხებს, რომლის არსი და მიზანი მწვავე, აბსურდული სინამდვილეა.
ყველასათვის საყვარელი, 87 წლის უნიჭიერესი მსახიობი ბ-ნი ლეო ანთაძე „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში იხსენებს, რომ როცა ბ-ნ რეზოს ჰკითხეს, თუ რა არის ფილმის გადაღების მიზანი, უპასუხა, როგორც თქვენ იგრძნობთ, ის არისო:
– როგორ მოხვდით ფილმში – თქვენი პირველი როლი…
ახალგაზრდა ვიყავი, მსახიობობა ახალი დაწყებული მქონდა და მხოლოდ ერთ ფილმში „ყვავილი თოვლზე“ ვმონაწილეობდი. იყო ასეთი პიესა „მკაცრი ქალიშვილები“, სადაც სათვალიანი ენათმეცნიერის როლს ვასრულებდი.
ერთ-ერთ სპექტაკლს, შ. მანაგაძის ვაჟი ესწრებოდა და მამასისს ჩააცივდა, ფილმ „ყვავილი თოვლზე“(1959 წ.) კახაბერის პერსონასთვის, არავინ გასინჯო, ლეო აიყვანეო. რამდენიმე ხანში დამიბარა ბ-მა შოთამ და მართლაც ამიყვანა ფილმზე. ეს იყო ჩემი პირველი როლი (კახაბერი) ფილმში.

ამის შემდეგ, ძალიან დიდი ხანი, კინოში აღარ გადავუღივარ. რუსთავის თეტრის მსახიობი ვიყავი, ერთ-ერთ სპექტაკლში, შ. დადიანის პიესაში „გუშინდელნი“, რომელიც ა. ვასაძემ დადგა, მოხუცი გენერლის როლს ვასრულებდი. რომელსაც ბ-ნი რეზო ესაზეც ესწრებოდა.
სპექტაკლის ბოლოს დამხვდა და მითხრა, ჩემი ფილმის გმირი უნდა გახდე, ძალიან საინტერესო როლიაო. როგორც მსახიობი მოვეწონე, თუ სპექტაკლის გმირს მიმამსგავსა, დღემდე არ ვიცი.
რა თქმა უნდა, მაშინვე დავთანხმდი, თან ფილმში გადაღებაც მინდოდა. გადაღებები, მანგლისთან ახლოს, მდ. ალგეთის ულამაზეს ადგილას მიმდინარეობდა.
ძალიან საინტერესო რეჟისორი გახლდათ ბ-ნი რეზო. ისეთ უცნაურ რამეს დაგავალებდა, ქვეცნობიერად უნდა შემეგრძნო. მაგალითად, – გაზაფხულის დილააა, მზე ანათებს, თბილა, ბუნებაში სავარძელში ზიხარ და ქსოვ. ამ კადრისთვის, ქსოვაც კი ვისწავლე, მაგრამ დამავიწყდა (იცინის).

– და ნამდვილად ქსოვთ ფილმში?
კი აბაა! ფილმის დასაწყისიც, სწორედ ამ სცენით იწყება. მეუბნებოდა, ქსოვის დროს, საოცარ ნეტარებაში უნდა იყოო – თბილი ამინდია, ჩიტები ჭიკჭიკებენ, აყვავებულია მდელო და თან ამ ქსვაში, საოცარი სიამოვნება უნდა ჩააქსოვოო.
ზიხარ სავარძელში, ამ საოცარ ბუნებაში და თან უდიდესი სიამოვნება უნდა მიიღო. ერთხელ მითხრა, იცი რა მინდა, „შუბლით“ რომ გაიღიმოო! მივხვდი რაც უნდოდა! ფიზიკურად კი არა, შინაგანად უნდა ვყოფილიყავი გაბრწინებული, შიგნიდან უნდა გამეღიმა – სრულ ნეტარებაში უნდა ვყოფილიყავი.
– და თქვენც, მართლაც ბრწყინვალედ ასრულებთ ბ-ნი რეზოს ყველა დავალებას…
ეს მაყურებელმა უნდა განსაჯოს! გადაღებების დასაწყისში რეზოს ვთხოვე, მოდი, რთულია ჩხუბის სცენა, მოვიშოროთ თავიდან და გადავიღოთ-მეთქი. რას ამბობ, მაგ სცენას ჯერ ვერ გადავიღებ, ეგ ბოლოს უნდა გადავიღო, იმიტომ რომ, ისეთი კადრი გაქვს გადასაღები, შეიძლება ცოცხალი აღარ დარჩე და ფილმი მაინც დარჩებაო (იცინის).

დადგა ეს „ნანატრი“ დღე. მიდგას წინ ბ-ნი ზურა ქაფიანიძე და ეუბნებიან, დაიწყე ლეოს ცემაო. დამარტყა, მაგრამ რეზოს არ მოეწონა, არ ვარგა, მართლა უნდა ცემოო. რამდენიმე დუბლი გადავიღეთ და ყველა დაგვიწუნა. თუ მართლა არ ცემე, არაფერი გამოვაო.
გაბრაზდა ქაფიანიძე, არც თქვენი ფილმი მინდა და არც თქვენი ფულიო. თავის „ვილისზე“ დაჯდა და გადასაღები მოედნიდან გაიქცა – მე ჩემ ძმაკაცს, ვერ გავლახავო!(იცინის).
გავეკიდეთ ზურას მთელი ჯგუფი და ძლივს დავიყოლიეთ, ყველაზე ბევრს მე ვეხვეწებოდი, მოვათაოთ ეს ჩხუბის სცენა, ჯანდაბას, ერთ ცემას ავიტან-მეთქი.
როგორც იქნა დამთანხმდა! დაიწყო გადაღება, მირტყამს და მირტყამს ზურა, მაგრამ ბ-ნი რეზო მაინც უკმაყოფილო იყო – ყვიროდა, ფეხი ჩაარტყი, დაჭმუჭნე, გახეთქე, გახლიჩე შუაზეო. ძალიან იმოქმედა ზურაზე ამ სიტყვებმა და გამეტებით მირტყა და მირტყა.

– ანუ, ფილმში ნამდვილად გცემთ?
აბა რააა! ბალიშები კი ჩამიდეს, მაგრამ რას მიზამდა – დალეწილი, ნაცემი, ძლივს წამომაყენეს. დილით ძლივს ავდექი ფეხზე. ვურეკავ რეზოს, რა ქენით, რა ხდება-მეთქი.
იცი რა მასალაა, ისეთი მაგარი ფილმი გამოდის, გაგიჟდებიო, მაგრამ იმ კადრზე, სადაც ზურა გირტყამს, ისეთი ნაკაწრებია ფირზე, თავიდან უნდა გადავიღოთო. იღბალი არ გინდა, ყველაფერი კარგი იყო და მაინდამაინს ამ კადრზე იყო ცუდი ფირი (იცინის).

– და თავიდან გადაიღეთ ცემის კადრი?
აბა რა გვექნა! ისე მცემა, კაი ხანი ვეღარ დავდიოდი. სხვათა შორის, ეს ფილმი, კარგა ხანს თაროზე იყო შემოდებული. „ლენფილმის“ დაკვეთით იყო, სადაც საოცარი კონტროლი იყო. რაც უნდა მაღალი დონის შესრულება ყოფილიყო, თუ პრობლემა გამოიკვეთებოდა, არ უშვებდნენ, ეშინოდათ.

ფილმის სცენარზე თქვეს, ადამიანის ძალადობის პროპაგანდაა, რაც საბჭოთა იდეოლოგიას არ ეთანხმება და არ გავაო. რამდენიმე წლის შემდეგ, ბ-ნი რეზო ჩხეიძის თაოსნობით მოხდა, ამ ფილმის გაშვება.
– მართლაც სარკასტული ფილმია, უცნაური სცენარია, მაგრამ უაღრესად საინტერესო – თავად ბ-ნი რეზო რას ამბობდა ფილმზე, რა იყო მისი მიზანი...
პრეზენტაცია, კონოს სახლში შედგა და ფილმის გარჩევის დროს, თეტრმცოდნეებმა და მსახიობებმა ბ-ნ რეზოს, სწორედ ეგ კითხვა დაუსვეს – თქვენ როგორც იგრძნობთ, ის მიზანი არისო, უპასუხა.
სხვადასხვა ინტეპრეტაცია მიცეს ფილმის სცენარს – ზოგმა თქვა, ლეო ანთაძე უფო საშიში პიროვნებაა, ვიდრე ქაფიანიძეო, ზოგმა ფილმი პროპაგანდად აღიქვა – საბჭოთა კავშირის და რუსეთის დამოკიდებულებაა, თავში გირტყამს რუსეთი და შენ უთმობ ყველაფერსო.
ამ სცენარის მიხედვით, ბოლო მოეღება რუსეთსო. არ მჯერა, ამ სცენარის, მაგრამ რა ვიცი რა იქნება – არის ამ სიტყვების რაღაც ნაპერწკალი ფილმში – მოთბინება, მოთბინება და ისევ მოთბინება. ფილმის გმირი (მგზავრი), ყველაფერს საკუთარ თავს აბრალებს.

თეტრალურ ინსტიტუტში გვასწავლიდნენ, სცენაზე უნდა იაზროვნოო, რეზო კი მეუბნებოდა, აზრი „მოშალე“, გაშტერებული და გაოგნებული ადამიანის როლი ითამაშეო. ამ სიტყვებმა, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად საპირისპიროა, კარგად იმუშავა, მართლაც ძალიან ორიგინალური გამოვიდა.
– მივესალმები ბ-ნი რეზოს გადაწყვეტილებას, მართლაც საოცარი სახე შექმენით…
სხვადასხვაგვარად შეიძლება მიიღო, რადგან მრავალწახნაგოვანი ფილმია. ამიტომ არ გასცა რეზომ სრული პასუხი – საფიქრალი და აზროვნების საშუალება მისცა მაყურებელს.

იცით რას მაგონებს ამ ფილმის სცენარი? გალაკტიონ ტაბიძის ლექსების ახსნა, ვინმეს რომ თხოვო, ვერ ახსნის, ეს უნდა იგრძნო შინაგანად – დაახლოებით ასეთია, ფილმის სცენარიც!























