
რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელში ვრცელდება სხვადასხვა პროფილის ექიმების ტელეფონის ნომრები, ონლაინ კონსულტაციისთვის, რომლის ინიციატორიც ექიმი გივი ხორბალაძეა.
სიაში ნომერი პირველი, კარდიოლოგი ანზორ მელიაა. ამ ფაქტს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი ფეისბუკის პოსტით გამოეხმაურა:
“მიგზავნიან სიას, ექიმების პირად მონაცემებს, მადლობა, მაგრამ სიაში ვინც პირველი წერია, იმ დედამოტ***ლს უნდა დავურეკო დახმარებისთვის? საქართველოს ჰყავს ძალიან ბევრი ჰუმანისტი და ფიცის დამცავი საამაყო ექიმი. არ ჩამოვთვლი და ვერც, რადგან საბედნიეროდ, ძალიან ბევრნი არიან (თუმცა, ამ სიას გამოვაქვეყნებ მალე), მათ შორის, ჩემი სამეგობროდან.
ხალხო, მეგობრებო, იქამდე, სანამ რამეს გადააგზავნით სხვაგან, წაიკითხეთ მაინც, არა მარტო ამ შემთხვევაში, ზოგადადაც… არ გვჭირია ადამიანებს პირველ ნომრად განთესილი, ტერორისტების მოდგმის და მრწამსის კონსულტაციები, რაც უნდა გასაჭირში ვიყოთ,”- დაწერა გოგაშვილმა.
ანზორ მელია, კარდიოლოგი:
– მოგეხსენებათ, ჩემი ასაკის გამო (72 წლის ვარ), დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, აკრძალული მაქვს გარეთ გასვლა. სამსახურში არ დავდივარ და ვზივარ სახლში.
რა უნდა გავაკეთო? „ფეისბუკში“ ვარ შემძვრალი და ვათვალიერებ. ჰოდა, თვალში მომხვდა ჩემი კოლეგის, გივი ხორბალაძის პოსტი, სადაც ის ემიგრანტებს დახმარებას ჰპირდებოდა და ამისთვის ექიმების მობილიზებას ახდენდა.
ისე მოხდა, რომ რამდენიმე წუთის დადებული იყო ეს პოსტი და პირველი აღმოვჩნდი, ვინც მის ინიციატივას ვუპასუხე. ასე აღმოვჩნდი სიაში ნომერ პირველ ადგილზე.
შუა დღის მერე იწყება ზარები უცხოეთიდან, უამრავი ადამიანი მიკავშირდება. გაჭირვებული ადამიანები მირეკავენ იტალიიდან, საბერძნეთიდან, ესპანეთიდან, ინგლისიდან… მადლია მათი დახმარება. სულ არ ვიცოდი, რომ ამას ამხელა აჟიოტაჟი მოჰყვებოდა.
სოსო გოგაშვილმა სასტიკად გამლანძღა, ტერორისტის მამა მიწოდა და მაგინა. როგორც ის ამბობს, არ მქონია უფლება, ვინმეს დახმარება გავუწიო, როგორც ექიმმა.
მე კი ბედნიერი ვარ, რომ ადამიანებს ვეხმარები, მაგრამ ახლა ძალიან დავითრგუნე.
60 წლის ქალბატონმა დამირეკა, მისი ქოშინი ტელეფონში მესმოდა, ფეხები შესიებული მაქვსო, ვერ წვება, იხრჩობა.
სუფთად გამოხატული გულის უკმარისობა აქვს, მაგრამ ძნელია ექიმისთვის, დიაგნოზი დასვა და მკურნალობა დაუნიშნო, რადგან არც კარდიოგრამა გაქვს და არც ანალიზების პასუხები.
თუმცა, გამოცდილება გკარნახობს, რომ დიაგნოზს სწორად სვამ. დავუნიშნე მკურნალობა და სამ დღეში უნდა შემატყობინოს, როგორაა.
4 შვილის დედამ დამირეკა, იტალიიდან. უფროსი შვილი 13 წლის ჰყავს, უმცროსი – 1 წლის და ყველა შვილი იქ ჰყავს. ამავე დროს, ემსახურება სამ მოხუცს, რომლებიც იზოლირებულები არიან და მათთან სახლში არავინ მიდის.
მეუღლე მშობლებთან წამოსულა საქართველოში და ჩარჩა აქ. ეს ქალი მარტოა ამხელა პრობლემის წინაშე და დაეწყო საშინელი ნევროზი.
ცოტა დიდხანს ვილაპარაკეთ, გარდა ჯანმრთელობის პრობლემებისა, მას აქვს ამხელა პრობლემა და ვისაუბრეთ, როგორც მეგობრებმა, დავამშვიდე, დავაწყნარე, ვუთხარი, რომ მას გულის კი არა, ნევროზული პრობლემა აქვს.
ბოლოს მთხოვა, თუ შეიძლება, ხშირად დაგირეკავთო. რა თქმა უნდა, არა ვარ წინააღმდეგი, რომ დამირეკოს. რა ჭირად მინდა ეს გამოცდილება, თუ ადამიანებს არ მოვახმარე?
ძალიან კარგი ინიციატივა იყო და ძალიან კარგი საქმე კეთდება. თუმცა, ბოლო 2 დღეა, უკვე საქართველოში მცხოვრები ადამიანებიც მირეკავენ, დილიდან იწყებენ და გვიანობამდე ვპასუხობ მათ ზარებს.
ამათ ვეუბნები, რომ კარდიოგრამა გადაიღონ და მომაწოდონ, რომ უკეთ დავსვა დიაგნოზი და დავუნიშნო მკურნალობა.
ერთმანეთის გვერდით უნდა დავდგეთ „ნაციც“ და „ქოციც“, ამ პერიოდში ამის გარჩევა არასწორად მიმაჩნია.






















