18:04 | 2020-08-08 ავტორი: Prime Time

„ისეთი სევდიანი თვალები გამომაყოლა… ზუსტად ეგრე ჰქონდა თვალები მკვდარსაც…“ – გმირის დედის სულის შემძვრელი ნაამბობი

„ისეთი სევდიანი თვალები გამომაყოლა… ზუსტად ეგრე ჰქონდა თვალები მკვდარსაც…“ – გმირის დედის სულის შემძვრელი ნაამბობი
ივანე ელიკაშვილი, დაიბადა 1987 წელს – კაპრალი – მედალი მხედრული მამაცობისთვის

 

სოფელი იცლებოდა, გორის სატანკო ბატალიონის დაბომბვისას დაღუპულ 21 წლის ივანე ელიკაშვილს რომ კრძალავდნენ, დილაუთენია, 9 საათზე. დედამ მანამდეც ბევრჯერ მოითხოვა კუბოსთვის თავის ახდა, ჩასვენების წინ კი – საბოლოოდ და კატეგორიულად. წინააღმდეგობა ვეღარ გაუწიეს.

 

დედა: „რომ მიდიოდა, ძროხას ვწველიდი, იქიდან გამოვძახე, მიდიხარ-მეთქი? მივდივარო. ფეხმძიმე მეუღლე ჰყავდა წასაყვანი თბილისში, ექიმთან იყვნენ დაბარებულები. რომ ამოვალ, მერე წავალთო, მაგრამ აღარ მოსულა… იმ ღამეს უკვე საშინელი სროლები დაიწყო. ვანიკო გორში მეგულებოდა. გიორგის, ვიცოდი, გორში არ გააჩერებდნენ, უფროსს ატარებდა, მძღოლი იყო და უფროსს გორში არავინ დატოვებდა. ასეც იყო, მამამისს ელაპარაკა და უთხრა, წასულები ვართო, მაგრამ კონკრეტულ ადგილს არ ეუბნებოდა. ცხინვალში იყო.

 

ნაწილში რომ მივვარდი, მითხრეს, ვანიკო აქაა, მაგრამ ვერ გამოვაო. გორის თავზე უკვე თვითმფრინავები დაფრინავდნენ. ქუჩებში აღარავინ იყო, რეალობის შეგრძნება დავკარგე, მეგონა, რასაც ვუყურებდი, კინო იყო. საღამოს ისევ ავედი ნაწილში და ძლივს ვნახე ჩემი შვილი. ველაპარაკე, ვუთხარი, რომ მისი მეუღლე და და თბილისში იყვნენ. იცოდა კიდეც.

 

სასოწარკვეთილი ვამშვიდებდი, ნუ გეშინია, დედა, ამაღამ გორში ვარ, აქა ვარ-მეთქი. ის აქეთ მამშვიდებდა. უჭირდა ლაპარაკი. ვამხნევებდი, მაგრად იყავი-მეთქი. კი მითხრა: არა, მე არაფრის არ მეშინიაო, მაგრამ, რომ მოვდიოდი, უცებ მივიხედე და ისეთი სევდიანი თვალები გამომაყოლა… ზუსტად ეგრე ჰქონდა თვალები მკვდარსაც… თითქოს ღიმილი დასთამაშებდა, სიმწრის ღიმილი, კბილები მოუჩანდა, ვინ იცის, რა თქვა ბოლო სიტყვები…

 

9 აგვისტო რომ გათენდა, სოფელში დავაპირე წასვლა.დაბომბვა დაიწყო, უკან გამოვიქეცით. მოვრბოდით და… სატანკო ბატალიონის თავზე რომ შავი ბოლი დავინახე, გულმა მიგრძნო, რომ უბედურება ტრიალებდა ჩემს თავს. მაინც იმედს ვიტოვებდი, იქნებ მოასწრო დამალვა, იქნებ გადარჩა… თავზარდაცემული გავვარდი, ნათესავი მაკავებდა, ცოტა ხანს მოიცადე, ჯერ სკდება რაღაცებიო, როგორც იქნა, ავაღწიე იმ უბედურებაში ნაწილში, იქვე კორპუსებს ცეცხლი ეკიდა. მივვარდი ნაწილში, ბიჭები იდგნენ, ვანიკო სად არის ელიკაშვილი-მეთქი. აქ არ არისო. როგორ არ არის, წუხელ ვნახე, აქ იყო-მეთქი. მერე მითხრეს, წადით, დეიდა, ჰოსპიტალში მოძებნეთო.

 

ჩამოვვარდი ჰოსპიტალში, აუარებელი ხალხი ირეოდა, ჩემი მეუღლე დავინახე, იდგა კედელთან და ტიროდა. თურმე იცოდა ყველაფერი… ვანიკოსთან დაურეკავს, დაბომბვის ამბავი რომ გაიგო, და ვანიკოს ტელეფონი ვიღაცას აუღია სასწრაფოში, ვინ კითხულობს, ვანიკო დაიღუპა, დაგვეღუპნენ ბიჭებიო…

 

რატომ ტირი, რა გატირებს-მეთქი, – ვკითხე ჩემს მეუღლეს. რა, არ მაქვს სატირლად საქმეო? ჩემმა მეუღლემ მითხრა, დაღუპულია, ცოცხალი აღარ არისო…

 

სოფელში რომ მივასვენეთ, შუქები უკვე აღარ იყო. „დვიჟოკი“ ჩავრთეთ მარტო იმ ოთახში, სადაც გვესვენა, ფანჯრებზე „ადეალები“ ჩამოვაფარეთ, სინათლე რომ არ გასულიყო. იბომბებოდა. სოფლიდან გარბოდა ყველა.

 

9 საათზე დავკრძალეთ. კუბოს არ გვახსნევინებდნენ, მაგრამ დასაფლავებისას მოვითხოვე, ახადეთ თავი, მანახეთ-მეთქი. ახადეს და ვნახე, რომ ნამდვილად ჩემი შვილი იყო, რომ არ მენახა, ვერც დავიჯერებდი… საფეთქელში ჰქონდა მოხვედრილი… თვალები ღია დარჩენოდა… ტანზეც ჰქონდა ჭრილობები, სულ „ასკოლკებით“ იყო დამწვარი.

 

მეუბნებიან, როცა ნაწილში ნახე, რატომ არ უთხარი, წამოდიო. მე ვერც შევბედე ამის თქმა, რომ ან წამოსულიყო ან რაღაც…

 

თორემ რა ედგათ წინ, გააღებდნენ კარს და გაიქცეოდნენ. ყველა წავიდოდა ნაწილიდან. მაგრამ არ უღალატეს, არც სამშობლოს და არც ერთმანეთს. იდგნენ, იცოდნენ, ხედავდნენ, რომ იბომბებოდა გორი, ალბათ, ელოდნენ კიდეც, რომ მათაც დაბომბავდნენ, მაგრამ ფეხი არ მოუცვლიათ. არ იზამდა მაგას. ძმა ცხინვალში ჰყავდა და თვითონ იქიდან გაიპარებოდა?..“ – იხსენებს გმირის დედა.

 

2009 წლის 13 იანვარს, პატარა ანი დაიბადა…

 

წიგნი „გმირი“

ავტორი: Prime Time

X