
ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც გუშინ გორთან, ავტობანზე, უმძიმესი ავარიის შედეგად გარდაიცვალნენ 24 წლის გიორგი კაპანაძე და 27 წლის როინი ელბაქიძე არიან.
ისინი ავჭალაში ცხოვრობდნენ. ახალგაზრდები სამსახურიდან მივლინებით ქუთაისში იმყოფებოდნენ. უმძიმესი ავარია სწორედ იმ დროს მოხდა, როდესაც ისინი სახლში, თბილისში ბრუნდებოდნენ.
შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ცხედრებისა და დაშავებულების გადმოსაყვანად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გამოძახება გახდა საჭირო.
რაც შეეხება ავარიის დროს დაშავებულ ორ მამაკაცს, მათი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.
ერთ-ერთი მათგანი, 24 წლის ახალგაზრდაა, რომელსაც მკურნალობა გორში, „გორმედის“ რეანიმაციულ განყოფილებაში უტარდებოდა, თბილისში, კლინიკა ,,ჯერარსში“ გადაიყვანეს.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე უკიდურესად მძიმეა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული გორის საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში, პოლიტრავმით შეიყვანეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს.























