15:38 | 2021-05-12 ავტორი: სალომე ნეფარიძე

„ისრაელი წმინდა მიწაა, ბოლომდე დავიცავთ!“ – ინტერვიუ ქართველ ემიგრანტთან, რომლის 19 წლის შვილიც ისრაელის ჯარში წავიდა

„ისრაელი წმინდა მიწაა, ბოლომდე დავიცავთ!“ – ინტერვიუ ქართველ ემიგრანტთან, რომლის 19 წლის შვილიც ისრაელის ჯარში წავიდა

ისრაელში მყოფი ქართველი ემიგრანტი, ნინო ქურციკიძე „პრაიმტაიმთან“ წმინდა მიწაზე არსებულ მძიმე ვითარებაზე საუბრობს. ემიგრანტი გვიყნება, რომ საჰაერო თავდასხვა ყველასთვის მოულოდნელი იყო.

 

მისივე თქმით, დაძაბულ ვითარებას ისიც ემატება, რომ მისი 19 წლის შვილი, ავთანდილ ნემსაძე ისრაელის ჯარშია.

 

„ვითარება ისრაელში ძალიან დაძაბულია, თითქმის პარალიზებულია ქვეყანა მთლიანად, რადგან გუშინდელი დაბომბვის შედეგად რაკეტებმა და ბომბებმა ცენტრალურ ისრაელში გადმოინაცვლა. შოკი იყო ეს აქ მაცხოვრებლებისთვის. დაიბომბა ისეთი ქალაქები, რომლებიც ისრაელის შუაგულში მდებარეობს. სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყდა, სამსახურებშიც გვთხოვეს, რომ არ მივსულიყავით.ერთი დღით გაჩერდა ქვეყანა.

 

აქ ძალიან ბევრი ქართველია, იმაზე მეტი ვიდრე შეიძლება წარმოიდგინოთ, ყველანი განიცდიან, თითქმის ყველას ოჯახიდან ბავშვები წასულები არიან ჯარში. მშობლები ცდილობენ დაუკავშირდნენ თავიანთ შვილებს და შეძლებისდაგვარად ისინიც გამოდიან ხაზზე.

 

ყველანი განიცდიან, ღამით წვიმასავით, რომ წამოვა რაკეტები შოკისმომგვრელია, თან როდესაც არ ხარ ამისთვის მზად, სამსახურში ხარ ან ბავშვები გყავს სახლში მარტო დატოვებული.

 

ყველა დედასთვის ძალიან რთულია, როდესაც შვილი სამხედრო სამსახურში მსახურობს, მაგრამ როგორც იცით აქ სავალდებულოა, როგორც კი გოგო ან ბიჭი 18 წლის გახდება, ყველა მიდიან ჯარში.

 

ჩემი ბიჭი, „სამხედრო ჯარშია“. გვწერს, რომ კარგად არის 4-5 საათის ინტერვალით გვიკავშირდება ხოლმე, ძალიან ვნერვიულობთ და განვიცდით.

 

ცენტრალურ ქალაქებში არავინ არ ელოდა ასეთ მდგომარეობას, საინფორმაციო საშუალებები ძალიან ხშირად გადმოსცემს რა უნდა გააკეთონ მოქალაქეებმა თავდასაცავად. ისრაელში ყველა შენობას და ბინას აქვს თავშესაფარი. თუ საჭესთან იმყოფები უნდა გადმოხვიდე და დაწვე, უსაფრთხოების წესები მაქსიმალურად არის დაცული. ხოლო ისინი ვინც გარეთ მუშაობენ და ვაჭრობენ, მათთვის უფრო რთულად არის საქმე, ქუჩაში როცა ხარ არ იცი სად წახვიდე რა გააკეთო.

 

ვრჩებით ისრაელში, იმედი გვაქვს, რომ დავუბრუნდებით ჩვეულ ცხოვრებას, ჩემი შვილი ბოლოს 9 საათზე გამოვიდა კონტაქტზე, ორი სიტყვით გვითხრა, რომ კარგად არის, სხვა რამის თქმის უფლება არც აქვს.

 

აქ მყოფი ქართველები ყველანი ერთმანეთს მხარში ვუდგავართ, ვგულშემატკივრობთ გვჯერა, რომ უფლის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება.

 

ისრაელი წმინდა მიწაა, როგორც საქართველო ასევე ისრაელიც ჩვენი სამშობლოა და რა თქმა უნდა ბოლომდე დავიცავთ და გავუფთხილდებით“, – ამბობს ქართველი ემიგრანტი ნინო ქურციკიძე.

 

11 მაისს საღამოს საათებში ისრაელზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანეს. ქვეყნის ტერიტორიის მიმართულებით 1000-მდე რაკეტა გაისროლეს. იერიშებზე პასუხიმგებლობა დაჯგუფებებმა „ჰამასმა“ და „ისლამურმა ჯიჰადმა“ მიიტანეს.

 

საპასუხოდ ისრაელის არმიამ ღაზას სექტორზე 100-მდე წერტილოვანი დარტყმა განახორციელა.

 

როიტერსის“ ინფორმაციით საჰაერო დარტყმების შედეგად ღაზის სექტორში 35, ისრაელის ტერიტორიაზე 5 ადამიანი დაიღუპა.

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X