
ის 6 წელია, რაც საქართველოდან ისრაელში მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად დაბრუნდა. ახლა, მისი უფროსი, 20 წლის შვილი ისრაელის სახელმწიფოს პალესტინისგან იცავს და ბრძოლის წინა ხაზზეა. მამა ამაყია, იცის სახელმწიფოსთვის ბრძოლის ფასი, თავად ექიმია და საქართველოში ცხოვრების დროს, საქართველოს სახელმწიფოსთვის უბრძოლია კიდეც, სამხედრო წოდებით, მაიორია. მამის კვალს ახლა, შვილი მისდევს და ის ისრაელისთვის იბრძვის… ოჯახი ყველაზე ცხელ წერტილთან ცხოვრობს, მათგან 12 კილომეტრში ღაზას სექტორია…
რა ხდება ისრაელ-პალესტინას შორის, როგორ ცხოვრობენ სამხედრო დაპირისპირების კვალდაკვალ ებრაელები, რა არის პალესტინური შაჰიდი, როგორ იბრძვიან ისრაელელები აღთქმული მიწისთვის, რა როლს ასრულებს ამაში რუსეთი და რა პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს ამისთვის? – “პრაიმტაიმის” ამ კითხვებს ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაელი მამუკა დავარაშვილი პასუხობს.
“ღაზას სექტორიდან 12 კილომეტრში ვცხოვრობ, ფანჯრებიდან მოჩანს პალესტინაში განვითარებული მოვლენები – შავი კვამლი, ისმის აფეთქებების ხმაც… ჩემი შვილი, მამია დავარაშვილი წინა ხაზზე იბრძვის. ჩვენთვის სახელწიფო და ოჯახი ერთია, ამიტომ ამაყი ვარ, რომ ის ისრაელისთვის იბრძვის.
ჩემს მეგობარს ხუთი შვილი ჰყავს და ხუთივე წინა ხაზზეა, ასეა ომი სახელმწიფოს ინტერესებისთვის, ისინი ქვეყანას იცავენ. ჩემს შვილს 10 წელი ჯარში წასვლა არ ეკუთვნოდა, რადგან საქართველოდან 6 წელია რაც ჩამოვედი მეუღლესთან და ორ ბიჭთან ერთად.
მან თავისი ინიციატივით, უწყებას ორჯერ მიმართა, იმდენად უნდოდა სამხედრო სამსახურის გავლა. მასადის ციხესთან დადო ფიცი და თქვა – “მასადა არასდროს განმეორდება1” პანდემია იყო, გასული წლის აპრილში მოხდა ფიცის დადება და ჩვენ, მშობლებმა პანდემიის გამო ამ ცერემონიას ონლაინ რეჟიმში ვუყურეთ. მან თავისი გადაწყვეტილებით, საბრძოლო ნაწილი აირჩია და ამით ძალიან ამაყი ვარ…
აქ ჯარზე ისეთი დამოკიდებულებაა, რომ ახალგაზრდა ბიჭს, რომელსაც ჯარი გავლილი არ აქვს, სერიოზულად არც დაელაპარაკებიან, განსაკუთრებით – გოგონები, რადგან თავადაც წვრთნებს გადიან. ახლა, ჩემი შვილი ზედ საზღვარზეა, რა თქმა უნდა, ვფორიაქობ, მაგრამ არ მეშინია, არც ის მიიღებს ჩემგან შიშის ემოციას და არც მე დავანახებ მას.
ცხოვრება ისრაელ-პალესტინის საზღვართან
ჩვენთან, ისრაელში სახლის ღირებულება რაც არის მაგალითად, ქალაქ აშკერონში, იგივე ღირებულება აქვს საზღვართანაც (პალესტინა), წარმოიდგინეთ იმ ადგილას უძრავი ქონება საკმაოდ ძვირია, სადაც შეიძლება ესროლონ სნაიპერებმა საკუთარ სახლში მყოფს და იცით ეს რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ ებრაელები თუ არ დავსახლდით, სხვა მოვა და ის დასახლდება, ასე ვფიქრობთ ებრაელები…

პალესტინაში კი, რუსული მენტალიტეტი აქვთ – იგივენაირი ჰიბრიდული ომის მეთოდები. ღაზას რადიოში ისეთივე სისულელეები ისმის, როგორსაც რუსული არხები გადმოსცემენ, იქ ივანოვია, აქ – მუჰამედი, განსხვავება მხოლოდ სახელ-გვარებშია…
წარმოიდგინეთ, როცა CNN, BBC და სხვა გავლენიანი მედია საშუალებები გადასცემენ კადრებს, პალესტინაში როგორ მოკვდა ისრაელის “თავდასხმით” ბავშვი და მიასვენებენ სამგლოვიარო პროცესიით, გლოვით, ამ დროს ამბობენ, რომ ის მოკლეს ებრაელთა მიერ შეტევის დროს. სინამდვილეში კი, ის მოზარდი ავტოკატასტროფას ემსხვერპლა. ასე ამახინჯებენ ინფორმაციებს და ავრცელებენ მსოფლიოს მასშტაბით…
რკინის გუმბათის შესაძლებლობები და ისრაელელების უსაფრთხოება

ისრაელის სახელმწიფოს რკინის გუმბათის მეშვეობით მოგერიებული 5 გასროლა 20 000-დან 30 000 დოლარამდე უჯდება, ერთ დღეში 608 ცალი გაისროლეს. წარმოიდგინეთ, რა კოლოსალურ თანხებზეა საუბარი და რამდენი უღირს სახელმწიფოს ერთი ადამიანის გადარჩენა და სიცოცხლე.
ჩვენ, ებრაელებს მიგვაჩნია, რომ ის ადამიანები, რომლებიც დაიღუპნენ, ყველას მოგვიკვდა. უამრავი მოწოდების წერილი მივიღე ჩემთვის უცნობი ადამიანებისგან, წუთიერი დუმილი რომ მივაგოთ და მთელმა ისრაელმა ვიგლოვოთ…
რუსული იარაღი პალესტინელების ხელში

ისრაელის ტერიტორიაზე მანქანას ტანკსაწინააღმდეგო მასალა ესროლეს, რომელსაც “კორვეტი” ჰქვია. ეს რუსეთში უახლესი შეიარაღებიდანაა. ჩნდება კითხვა – როგორ მოხვდა რუსული უახლესი საბრძოლო მასალა პალესტინელების ხელში, ისინი თელ-ავავის დაბომბვას ვერც გაბედავდნენ მხარდაჭერის გარეშე და ვერც შეძლებდნენ, რადგან ამის რესურსი არ ჰქონდათ…
რუსეთი მსოფლიო ბოროტებაა, ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ საქართველოა ოკუპირებული და ამას ქართველები წაიკითხავენ, მართლა ასე ვფიქრობ ნებისმიერ სახელმწიფოსთან მიმართებაში რუსეთის არსებობაზე.
ჩვენი პრეზიდენტი დაიმუქრა კიდეც – ყველაფერი ცნობილია ჩვენთვის, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან და მიიღებენ პასუხსო, ალბათ წარმოუდგენელი მოვლენები დატრიალდება სირიაში.
რა იდეას ემსახურებიან პალესტინელები და რატომ უწოდებენ მათ ტერორისტებს

პალესტინელებს 10 ებრაელის მოკვლისთვის 8 000 შეკელს აძლევს პრეზიდენტი, თუ დაჭრიან ებრაელს, მაშინ – 5 000 შეკელს, ხოლო თუ პალესტინელმა მოკლა ებრაელი და მერე ისიც მოკლეს, ოჯახს გადასცემენ 15 000 შეკელს, ამიტომ, ბიზნესად აქციეს ეს “წახალისება”. ამ “ბიზნესით” ძირითადად, მრავალშვილიანი ოჯახები სარგებლობენ, 8-9 შვილიდან რომელიმეს უშვებენ ებრაელის მოსაკლავად. ამას შაჰიდი ჰქვია და ძალიან დიდი ბოროტებაა კაცობრიობისთვის.






















