
„ნიჭიერის“ ახალ სეზონს, უკვე 3 ოქროს ღილაკის მფლობელი ჰყავს. შეგახსენებთ, რომ ყველაზე გრანდიოზული მეგაპროექტ „ნიჭიერის“ ახალი X სეზონის პრემიერა, რომელიც მაყურებელს საინტერესო, გასაოცარ და გასართობ ნომრებს სთავაზობს, 19 ოქტომბერს, სამშაბათს„რუსთავი 2“ -ის ეთერში, 22:00 საათზე გაიმართა.
მეგაპროექტის ერთ-ერთმა მონაწილე – 5 წლის ანა მარჩილაშვილმა, რომელიც „ნიჭიერის“ სცენაზე ძმასთან, ვაკოსთან ერთად იმყოფებოდა, სასწაული მოახდინა და რუბიკის კუბის აწყობა 2,57 წუთში, მისი პატარა ფეხებით შეძლო. ჟიური და მაყურებელი ემოციებს ვერ ფარავდა.
ანა მსოფლიო რეკორდის და ოქროს ღილაკის მფლობელი გახდა. პატარა რეკორდსმენი და მისი ძმა ვაკო „პრაიმტაიმს“ ექსკლუზიურად ესაუბრა და სამომავლო გეგმებზე საინტერესო ინფორმაცია გაანდო:
ეს ანას პირველი გამოსვლა იყო სცენაზე, არასდროს მიუღია მონაწილეობა. ამ ასაკის „გინესის“ რეკორდსმენი, ჯერ არ ჰყოლია მსოფლიოს.
პირადად მე, 4 წლის წინ მივიღე მონაწილეობა „ნიჭიერის“ კონკურსზე, ნახევარფინალში მქონდა ნომერი, სადაც რუბიკის კუბი, წყალქვეშ უნდა ამეწყო.
ამის შემდეგ, დამებადა იდეა, მომეხსნა მსოფლიო რეკორდი – ერთი ჩასუნთქვით, 6 რუბიკის კუბი წყალქვეშ უნდა ამეწყო. მომდევნო წელს, მონაწილეობა მივიღე და მსოფლიო რეკორდი მოვხსენი.

6 რუბიკის კუბი, ერთი ჩასუნთქვით – 1, 44 წამში ავაწყვე. შემდეგ წელს, კიდევ ერთი რეკორდი მოვხსენი – თავდაყირა მდგომარეობაში ავაწყვე სტანდარტული რუბიკის კუბი. მესამე რეკორდი კი, ხელით და ფეხით აწყობაში მაქვს დამყარებული.
– ანას შენ ასწავლე ფეხით აწყობა?
მე ვასწავლე, მაგრამ ანა უკეთ აწყობს, ვიდრე მე. ჩემზე სწრაფად აწყობს, მის ასაკთან შედარებით, ძალიან სწრაფია.
– შენ რა ასაკში ააწყვე პირველად?
დაახლოებით 12 წლის ასაკში, ჩემმა მეგობარმა სკოლაში მოიტანა და მეც გამიჩნდა სურვილი, რომ ამეწყო, მანამდე, ნანახიც არ მქონდა. ამის შემდეგ, ერთმანეთს ვეჯიბრებოდით და დიდ წარმატებასაც მივაღწიეთ.

იმ პერიოდში, რუბიკის კუბიკის შესახებ, ინტერნეტში ინფორმაციები არ არსებობდა და თვითონ ვიგონებდით ფორმულებს, რაც დღეს უკვე კარგად არის განვითარებული და ყველასთვის ხელმისაწვდომია. თავიდან 3 წუთში ვაწყობდი, შემდეგ 2, და ბოლოს ერთ წუთში.

დაახლოებით, 15-16 წამზე რომ ჩამოვედი, საქართველოს ჩემპიონი გავხდი – დღემდე მოქმედი ჩემპიონი ვარ. პირველი ვარ ასევე ჩვენ მეზობელ ქვეყნებში – სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი.
– ანამ რა ასაკში დაიწყო კუბის აწყობა?
პატრა რომ იყო ვერიდებოდი, არ ვრისკავდი. არ ვიცოდი, რამდენად მიზანშეწონილი იქნებოდა 3-4 წლის ბავშვისთვის. რამდენიმე ხანია, რაც სწავლა დავიწყეთ, მაგრამ ფეხით აწყობა, მხოლოდ 3 თვეა ისწავლა და უკვე შედეგსაც მივაღწიეთ.
– როგორც უკვე შემდგარი ადამიანი და მსოფლიო ჩემპიონი, რა საფეხურები გაიარე, სანამ ჩემპიონი გახდებოდი?
მუსიკალურ სკოლაში ვსწავლობდი და კონსერვატორიაში ვაპირებდი სწავლის გაგძელებას. 12 წლის ასაკში, როცა პირველად დავინახე რუბიკის კუბი, ყველაფერი შეიცვალა ჩემ ცხოვრებაში.კონსერვატორიის ნაცვლად, ფიზიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე.
მივხვდი, რომ ეს უფრო მომწონდა, ჩემში ტექნიკური მხარე აღმოვაჩინე. ძალიან მიყვარს ისტორია, მხატვრული ლიტერატურა, მაგრამ ტექნოლოგიამ გადაძალა. ეს ის პროფესიაა, რასაც შემიძლია მთელი ცხოვრება დავუთმო. ამჟამად, სამედიცინო ფიზიკის და რადიაციული უსაფრთხოების განხრით, მეოთხე კურსის სტუდენტი ვარ.
– შენგან განსხვავებით, ვინც კუბი გამოიგონა, პროფესიით არქიტექტორი იყო…
1974 წელს გამოიგონა, სხვათა შორის, ერთი წლის განმავლობაში ცდილობდა, თავისი გამოგონილი კუბი, თვითონ აეწყო და გიჟდებოდა, ჩემ გამოგოილ ნივთს, როგორ ვერ ვაწყობო. როცა აწყობის სხვადასხვა მეთოდები და ფორმულები შეიმუშავა, უკვე ერთ წუთში აწყობდა.
– ასეთი ნიჭიერი და-ძმა ხართ, ეს გენეტიკაში გაქვთ?
ბაბუას (მათემატიკოსი, ბიზნესმენი) და მამას უფრო მეტად ტექნიკური მხარე ჰქონდათ გამოკვეთილი. სავარაუდოდ, მე და ანასაც მათი ნიჭი გამოგვყვა.
– რა სეფეხურებია გასავლელი, სანამ მიხვდები, რომ განსაკუთრებული ნიჭით ხარ დაჯილდოვებული?
როცა კუბის აწყობა დავიწყე და 20 წამზე ჩამოვედი, მაშინ მივიღე პირველად მონაწილეობა საქართველოს ჩემპიონატზე. მოხდა ისე, რომ ნახევარფინალში, ვერ შევძელი რუბიკის კუბის აწყობა, და ბოლო ადგილზე გავედი, ყველაზე ცუდი შედეგი ვაჩვენე.

ეს ჩემთვის ძალიან ცუდი გრძნობა იყო, მაგრამ ახლა კარგად მახსენდება, რადგან ეს წაგება გახდა მოტივაცია, რომ პირველობისთვის მებრძოლა.
– როგორც ანას მასწავლებელი, რას გამოარჩევდი ანას უნარებიდან?
სანამ ანას ვასწავლიდი კუბის აწყობას, ძალიან ბევრი მოსწავლე მყავდა, აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი გამოცდილებაც შევიძინე. დიდი მნიშვნელობა აქვს პედაგოგს, როგორ გასწავლის.

ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, ადვილად უნდა შეგეძლოს, დაინახო ადამიანების სუსტი და ძლიერი მხარე. შევამჩნიე, რომ ადვილად შეეძლო დამახსოვრება, შეიძლება ძალიან ცელქია, მაგრამ საოცრად ნიჭიერი ბავშვია. თვალის, გონების და ხელის გამორჩეული სისწრაფე აქვს.
როცა რუბიკის კუბს აწყობ, ყველაზე მნიშვნელოვანია ეს სამი კომპონენტი, იმისთვის, რომ საუკეთესო შედეგი დადო. ანას სამივე კომპონენტი მაღალ დონეზე ჰქონდა განვითარებული. ეს ისეთი ნიჭია, რასაც ვერასდროს ისწავლი.
– სხვა რა ნიჭით არის დაჯილდოვებული, ან სამომავლოდ, რა ინტერესი აქვს…
ანას უნდა, რომ ექიმი გამოვიდეს.
– ეს უამრავი ბავშვის ოცნებაა?
გეთანხმებით, ამ საკში ბევრი ბავშვი ამბობს, რომ სურვილი აქვს პოლიციელი, ან ექიმი გამოვიდეს, მაგრამ მისი მხრიდან, ეს გადაწყვეტილება, ბავშვური არ არის. ვერ გეტყვით როგორ, მაგრამ აშკარად გააზრებულად ამბობს.
სურვილი აქვს, რომ იყოს ბავშვების ექიმი, ანუ ამ ეტაპზე პედიატრობა უნდა, პატარებს რომ დაეხმაროს ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებაში. დაკავებულია ასევე ტანვარჯიშით.
– მისი ფეხების ელასტიურობა, სავარაუდოდ, ტანვარჯიშის დამსახურებაც არის…
ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ შეიძლება ამანაც შეუწყო ხელი. მე ფეხით, ასე სწრაფად ვერ ვაწყობ. „ნიჭიერში“ ანამ რუბიკის კუბი – 2,57 წამში ააწყო. ამაზე სწრაფადაც აუწყვიათ, მაგრამ არა ამ ასაკის ბავშვს.

ბევრჯერ აუწყვია 2 წუთშიც, მაგრამ ხშირად ნერვიულობის ფაქტორიც გაბნევს. როცა ანა „ნიჭიერის“ სცენაზე იდგა, დაახლოვებით, 2000 -მდე ადამიანი უყურებდა და სავარაუდოდ, ცოტას ნერვიულობდა კიდეც, მაგრამ საბედნიეროდ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, კარგად იყო მობილიზებული და არც ჟიურის დანახვამ დააბნია.

ეს ყველაფერი გავლილი მაქვს და ვიცი, რომ პუბლიკის წინაშე გამოსვლა, საკმაოდ რთულია. როცა თან გარშემო ხმაურია, კონცენტრაციას კარგავ. როგორც ჩანს, ანას ეს ნიჭიც აღმოაჩნდა.

– რა შეცვალა შენ ცხოვრებაში ანას დაბადებამ?
მისმა დაბადებამ, ჩემი ცხოვრება გაამრავალფეროვნა, მეტი ხალისი შემმატა. მინდა ბავშვობიდანვე მეტი მოტავაცია მივცე, საკუთარი მიზნები ჰქონდეს.
არ აქვს მნიშვნელობა რა პროფესიას აირჩევს, მთავარია, არ იყოს ზარმაცი, რაც ანას არ ახასიათებს. მისთვის სამაგალითო ადამიანი ვარ, ხშირად ამბობს, მინდა შენსავით წარმატებული ვიყოო.
– როგორც ვხვდები, ძალიან კარგად უგებთ ერთმანეთს…
ერთმანეთს ყველაფერში ვუგებთ, მგონი მე და ანა უფრო ვეწყობით, ვიდრე დედა. ყველაფერს მიყვება, მათ შორის ბაღის ამბებსაც.

– რა უნარებით იყო გამორჩეული?
ხშირად სვამდა უცნაურ შეკითხვებს, რამდენიმე თვის წინ, დედაჩემს ღმერთის შესახებ ესაუბრებოდა და ეკითხებოდა, რამდენი წლის არისო. ძალიან ინტერესიანი ბავშვია.
ანა მარჩილაშვილი:
– პირველად იდექი სცენაზე, არ გეშინოდა?
არა, რისი უნდა შემშინებოდა. იცი რა გავაკეთე? ფეხით ავაწყვე რუბიკის კუბი და გავიმარჯვე. ჟიურის წევრებმა მითხრეს, კარგი გოგო ხარო!
– რა უნდა გამოხვიდე მომავალში?
როცა გავიზრდები, ექიმი და მზარეული უნდა გამოვიდე.
– როგორ შეხვდნენ საბავშვო ბაღში შენ წარმატებას?
მომეხვივნენ და ჩემეხუტნენ, მასწავლებელმა მითხრა, ყოჩაღ რა კარგად ააწყვეო!
– როგორი ძმაა ვაკო?
კარგი ძამიკო მყავს, ძალიან მიყვარს.

– როგორ ისწავლე რუბიკის კუბის აწყობა?
სპეციალური ფორმულებით მასწავლა ვაკომ – იცი, რა მალე ვისწავლე?
ანას დედა – ნატო გიუნაშვილი:
სამი შვილის დედა ვარ, უფროსი 24 წლის არის, რომელიც უკვე 2 წელია, გერმანიაში ოჯახთან ერთად ცხოვრობს, რომელიც განათლებით იურისტია.

ანა და ჩემი შვილიშვილი, თითქმის ტოლები არიან. ანა 41 წლის ასაკში შეგვეძინა. ჩემი მეუღლე პროფესიით ეკონომისტია, მე უცხო ენების სპაციალისტი.
– მოგვიყევით ანა ბავშვობზე?
ყველა ასაკში გამორჩეულად ნიჭიერი, მაგრამ ამავე დროს ძალიან ცელქი ბავშვი იყო. კარგად ხატავდა, მღეროდა. ერთი წლის უკვე ლაპარაკობდა, თავის გვარს და სახელსაც, თავისუფლად ამბობდა. წლის და 3 თვის ასაკში, უკვე 10-მდე თვლა იცოდა.

ძალიან კარგი სმენა აქვს და კარგად მღერის. გენეტიკურად მოგვდევს, ორივე მხრიდან, ბევრი მუსიკოსი გვყავდა. სულ მოძრაობაშია, 6 თვეა ტანვარჯიშზე დადის.

.- რა სიახლეს სთავაზობს ანა ნახევარფინალში „ნიჭიერის“ მაყურებელს და რით გააკვირვებს საზოგადოებას?
ყველას აჩვენებს, რომ რუბიკის კუბის გარდა, სხვა მრავალი ნიჭი აქვს, დეტალებს კი, სიურპრიზად დავიტოვებთ!























