
ყოველდღიური რისკი და პასუხისმგებლობა – ასეთია გურჯაანელი ჰამლეტ სადუნიშვილის სამაშველო საქმიანობის რვაწლიანი ისტორია.
სამაშველო სამსახურში 27 წლის ასაკში მივიდა. მას შემდეგ ყოველდღიური საფიქრალ-საზრუნავი სხვა ადამიანების უსაფრთხოება გახდა.
2016 წელს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში მაშველებმა მცირეწლოვანი და-ძმა სიკვდილს გადაარჩინეს.
სწორედ ჰამლეტ სადუნიშვილი იყო ის მაშველი, რომელმაც პატარა, წინანდლელ გოგონას სიცოცხლე შეუნარჩუნა.
პატარა და-ძმის გადარჩენის ამბავი მაშინ მთელმა საქართველომ შეიტყო.
დღეს მეხანძრე-მაშველის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, თავად ჰამლეტ სადუნიშვილი ამ ამბავს ასე იხსენებს:
„გამოძახება შემოვიდა, რომ ერთ-ერთმა საპატრულო ეკიპაჟმა წინანდლის ბაღში წყალში ჩარჩენილი და-ძმა აღმოაჩინა. წყლის ნაწილი ღია იყო, ნაწილი კი გვირაბში შედიოდა და მძლავრმა ნაკადმა ბავშვები სწორედ იქ შეიყვანა”, – ჰყვება მაშველი „პრაიმტაიმთან“.
ჰამლეტ სადუნიშვილი ამბობს, რომ გადაწყვეტილება წუთებში იყო მისაღები და ბავშვების გამოსაყვანად პირდაპირ წყლით გადავსებულ გვირაბში შევიდა.
„ბევრი დრო არ გვქონდა. ბავშვების სიცოცხლე საფრთხეში იყო. შევედი გვირაბში, პატარა გოგონა ავიყვანე და დავიძარი. წყალი ძალიან ძლიერი იყო, თოკით უკვე ძალას მაცლიდა.
გოგონა წინ გადავისროლე, თან ვყვინთავდი და უკან მივყვებოდი. ასე რამდენჯერმე გადავისროლე წინ. მერე რაღაც რკინებზე ჩამოვეკიდე, სხვებიც მომეშველნენ და ბავშვი გადარჩა.
არასოდეს დამავიწყდება შიშით გადარეული მისი თვალები. შემდეგ წყლიდან მისი ძმაც გამოვიყვანეთ,” – იხსენებს მაშველი.
წინანდალში ჩატარებული სამაშველო ოპერაცია ჰამლეტ სადუნიშვილის მეხსიერებას დღემდე შემორჩა, როგორც გმირული და ამავდროულად, დრამატული ისტორია.
მას შემდეგ, ოთხი წელი გავიდა, ძალიან ბევრი ადამიანი ვიხსენით, დავეხმარეთ, ვუშველეთ, მაგრამ ყოველთვის თვალწინ მიდგას პატარა გოგონას თვალები, რომელსაც სიცოცხლე სწყუროდა.
ჰამლეტ სადუნიშვილს უამრავი ჯილდო, მადლობის წერილი და სიგელი აქვს.
მაშველი ამბობს,რომ სწორედ ეს ჯილდოები აკისრებს მას უფრო მეტ პასუხისმგებლობას, ყოველ ახალ შემთხვევას, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდოს.
ახალგაზრდა მაშველი ახლაც გამოძახებაზე მიდის – პროფესიული დღეც ასე გავა, როგორც სხვა დღეები- სხვებზე ზრუნვით, სხვა ადამიანების გადასარჩენად.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი
























