
ბატონი ივერი მელაშვილის განცხადებას, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ბატონი ივერი მელაშვილის განცხადება დავით გარეჯზე მისი კიდევ ერთი შეცდომაა, – ამის შესახებ „ქრონიკასთან“ არქიმანდრიტმა ილარიონ ჭიღლაძემ განაცხადა.
„ძალიან დიდი შეცდომაა, როცა იმეორებს იმ დანაშაულებრივ ფრაზას და აზრს, რასაც ავითარებენ ეგენი, რომ ეს არაა საქართველოს ტერიტორია. ეს ადგილები, რომელზეცაა საუბარი, საქართველოს ტერიტორიაა“, – განაცხადა არქიმანდრიტმა ილარიონმა.
შეგახსენებთ, სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ,დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილი „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში მივიდა და სადაო საქმის შესახებ ისაუბრა.
ივერი მელაშვილმა განაცხადა, რომ დავით გარეჯის კომპლექსის საქართველოსთვის კუთვნილების საფუძველი არ არსებობს.
„როდესაც ხაზს უსვამ და წვეტ, რომ გინდა თუ არა ეს ჩემია, როგორ არის შენი, როცა არ არის შენი. ამისი საფუძველი არ გაქვს და იქ ვიღაცის, ბერი იქნება, ერის წარმომადგენელი თუ კელიებთან მივა ზოგი და პოზირებას დაიწყებს, ამის გამო ეუბნები, რომ ჩემია. არ არის სწორი, არ არის შენი და არ დაგითმობს არასოდეს. ის მოლაპარაკება და საშუალება რაც აქამდე გვქონდა, ყველაფერ ამას აფუჭებს და ხაზს უსვამ და მტრულად განაწყობ შენს პარტნიორ ქვეყანას.“ – განაცხადა ივერი მელაშვილმა გადაცემა „რეაქციაში“.
13 იანვარს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის მიმართ გამოძიება დაასრულა, საქმის არსებითი განხილვა უკვე სასამართლოში გაგრძელდება. 21 იანვარს პროკურატურამ ამავე საქმეზე მოპოვებული ფარული ვიდეო და აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნა.
ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.






















