
“თუ გვსურს, 2030 წლისთვის შევქმნათ თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი მომავალი, მაშინ ჩვენ სრულად უნდა ჩავანაცვლოთ ტრადიციული სიგარეტი და ხელი შევუწყოთ მწეველებს, თავი დაანებონ მოწევას ან გადავიდნენ თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების მოხმარებაზე”, – წერია დიდი ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალურ განცხადებაში.
თამბაქოს უკვამლო პროდუქტები, როგორებიც არის ელექტრონული სიგარეტები და თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობები, ზიანის შემცირების სტრატეგიის მთავარ ინსტრუმენტს წარმოადგენს. მათი მეშვეობით, მილიონობით მწეველმა დაანება თავი ტრადიციული თამბაქოს და გადავიდა შემცირებული რისკის მქონე მოწყობილობების მოხმარებაზე.
მიუხედავად ამისა, სხვადასხვა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, როგორიც არის Bloomberg Philantrophies და Smoke-Free Kids, ეწინააღმდეგება თამბაქოს უკვამლო მოწყობილობებსა და ზიანის შემცირების სტრატეგიას. ისინი აქტიურად ერევიან განვითარებადი ქვეყნების საკანონმდებლო ინიციატივების მიღებისა და იმპლემენტაციის პროცესსში.
მათ მთავარ იარაღს კი დეზინფორმაცია და თამბაქოს ელექტრონული მოწყობილობების წინააღმდეგ მიმართული, რამდენიმე მილიონიანი კამპანიები წარმოადგენს. ბლუმბერგის ძალისხმევა, მოახდინოს უკვამლო მოწყობილობების მოხმარების პრევენცია, საფრთხის ქვეშ აყენებს მილიონობით მწეველის სიცოცხლეს – ამბობენ ჯანდაცვის ექსპერტები.
“ბლუმბერგის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების მხრიდან თამბაქოს ზიანის შემცირების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები და კამპანიები ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს აზია-ოკეანეთის რეგიონში. მაიკლ ბლუმბერგი თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობების წინააღმდეგ მიმართული ქმედებებს ღიად ახორციელებს, რაც ნეგატიურად მოქმედებს თამბაქოს ზიანის შემცირებაზე”, – ამბობს ნატალია ტოროპოვა.
მისივე თქმით, უკრაინის დედაქალაქში, კიევში, გავრცელებული იყო თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობების წინააღმდეგ მიმართული პოსტერები და ბანერები, რომლებიც თამბაქოს ალტერნატიულ მოწყობილობებს თამბაქოს ტრადიციულ სიგარეტთან აიგივებდა.
2021 წელს გამართულ “ნიკოტინის გლობალურ ფორუმზე” ჯანდაცვის ექსპერტებმა იმ დამაბრკოლებელ ფაქტორებზე ისაუბრეს, რომელიც ხელს უშლის დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიის იმპლემენტაციას.
“ინდოეთში არ არსებობს პოლიტიკური ნება იმისა, რომ საკანონმდებლო ან ჯანდაცვის ორგანიზაციებმა დახმარება გაუწიონ 300 მილიონ მწეველს, თავი დაანებონ ტრადიციულ მოწევას და გადავიდნენ თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობების მოხმარებაზე”, – ამბობს ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი შრი სუჩარიტჰა (Sucharitha).
პოლიტიკური ნების არარსებობის პარალელურად, თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიის იმპლემენტაციის პროცესს ხელს უშლის სანდო, სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციის ნაკლებობა.
“თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობებზე ხელმისაწვდომობისა და ინფორმაციის ნაკლებობა მწეველთათვის დაკარგულ შესაძლებლობას წარმოადგენს”, – ამბობს სუჩარიტჰა .
ზიანის შემცირების სტრატეგიის მნიშვნელობაზე უკრაინელი ჯანდაცვის ექსპერტი, ნატალია ტოროპოვა საუბრობს. რომელიც აღნიშნავს, რომ რუსეთში, თამბაქოს მოხმარების შედეგად, ყოველწლიურად 220 000 ადამიანი იღუპება.
“მიუხედავად ამისა, რეგიონში თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგია არ არსებობს. ამის მთავარი მიზეზი კი არის ის, რომ კანონმდებლებს არ აქვთ ხელმისაწვდომობა სანდო, მეცნიერულად დადასტურებულ ინფორმაციაზე”, – ამბობს ნატალია ტოროპოვა.
მისივე განმარტებით, დამაბრკოლებელ ფაქტორს ნდობის ნაკლებობაც წარმოადგენს. როგორც ექსპერტი აღნიშნავს, 2016 წლიდან რუსეთში, ყაზახეთში, უკრაინასა და საქართველოში თამბაქოს ელექტრონული მოწყობილობებისა და ტრადიციული სიგარეტების გაიგივება ხდებოდა, რაც ნიშნავს იმას, რომ საკანონმდებლო ორგანოები არ ითვალისწინებენ მოწყობილობების შესაძლო უპირატესობას თამბაქოს ზიანის შემცირების პროცესში.
მსგავსი მიდგომა კი საფრთხეს უქმნის მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს და არ აძლევს მათ შესაძლებლობას, მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება უკეთესი ალტერნატივების შესახებ.
“თამბაქოს ზიანის შემცირების პროცესში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევას ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის მხრიდან ალტერნატიული მოწყობილობების წინააღმდეგ მიმართული ქმედებებია”, – ამბობს ჯოზეფ მაგერო, ჯანდაცვის ექსპერტი.
მისივე განცხადებით, ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორიც არის Bloomberg Initiative და Campaign for Tobacco-Free Kids, ზეწოლას ახდენენ საკანონმდებლო უწყებებზე.
მსგავსი ჩარევა დაფიქსირდა ინდოეთში, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები ზეგავლენას ახდენდნენ ჯანდაცვის ექსპერტების გადაწყვეტილებებსა და საკანონმდებლო ინიციატივებზე. ჯანდაცვის ექსპერტების განცხადებით, მაშინ როდესაც განვითარებული ქვეყნები ახდენენ თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიის იმპლემენტაციას, დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში მისი დისკრედიტაცია მიმდინარეობს.
თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობების პოტენციური უპირატესობების შესახებ ქართველი ჯანდაცვის ექსპერტებიც საუბრობენ.
“ზიანის შემცირების სტრატეგია ისეთ მიდგომებს აერთიანებს, რომლებიც მიზნად ისახავს ადამიანების ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებების, მათ შორის თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული ნეგატიური შედეგების მინიმალიზაციას”, – ამბობს ჯანდაცვის სპეციალისტი ანდრია ურუშაძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში 800 000 მწეველია, თამბაქოს მოხმარების შედეგად კი ყოველწლიურად 11 000 ადამიანი იღუპება. მიუხედავად ამისა, მთავრობა არ ითვალისწინებს თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიის შესაძლო სარგებელს და თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობების რეგულირებას ტრადიციული სიგარეტების მსგავსად ახდენს.
საქართველოში ბლუმბერგის პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციას “თამბაქოს კონტროლის ალიანსი” წარმოადგენს, რომელიც ბლუმბერგის ფონდის გრანტების მნიშვნელოვანი ბენეფიციარია. ალიანსის აქტიური ჩართულობის შედეგად, საკანონმდებლო ორგანოები თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობების შესაძლო სარგებელის უგულებელყოფას ახდენენ.
მიუხედავად ამისა, საყოველთაო კეთილდღეობის მიღწევის პროცესში ჯანდაცვის ექსპერტები მოწყობილობების შესაძლო სარგებელზე ამახვილებენ ყურადღებას.
“თუ არსებობს რამე გზა იმისა, რომ ადამიანმა თავი დაანებოს ტრადიციული სიგარეტის მოხმარებას და არსებობს ამის მეცნიერული საფუძვლები, მაშინ ეს პროდუქტი შეიძლება იქცეს კომუნიკაციისა და მსჯელობის საგნად”, – ამბობს ანდრია ურუშაძე.






















