
ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის მკურნალობის სახელმწიფო სტანდარტი დაამტკიცა.
დამტკიცებული 37-გვერდიანი დოკუმენტი ეყრდნობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის, ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის, ჩინეთის ეროვნული ჯანმრთელობის კომისიისა და ტრადიციული ჩინური მედიცინის სახელმწიფო ადმინისტრაციის, იტალიის ინფექციურ და ტროპიკულ დაავადებათა საზოგადოების მიერ შემუშავებული კორონავირუსის კლინიკური მართვის პროტოკოლებს და რეკომენდაციებს, ასევე, და სხვადასხვა გავლენიან ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიებს.
პროტოკოლის მიხედვით, ახალი კორონავირუსის სპეციფიკური ანტივირუსული მკურნალობა ჯერჯერობით ოფიციალურად დამტკიცებული არ არის, თუმცა შესწავლის სტადიაშია დაახლოებით 11-12 მედიკამენტი. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ზოგიერთი მკვლევრის და ექსპერტის აზრით, ეს მედიკამენტები ვერ უზრუნველყოფს კორონავირუსისგან განკურნებას, მაგრამ ამსუბუქებს დაავადების მიმდინარეობას და ამცირებს ლეტალობის მაჩვენებელს.
დოკუმენტში ასევე, სხვადასხვა კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, წერს, რომ კორონავირუსის ყველაზე ეფექტიან სამკურნალო მედიკამენტად ჰიდროქსიქლოროქინი (პლაქვენილი) ითვლება. ამასთან ერთად, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ პროტოკოლში აღნიშნულია, რომ ე.წ. უსიმპტომო პაციენტები ჰიდროქსიქლოროქინით მკურნალობას არ საჭიროებენ, ხოლო მსუბუქი მიმდინარეობის პირობებში ჰიდროქსიქლოროქინით მკურნალობის საკითხი უნდა გადაწყდეს ინდივიდუალურად.]
პროტოკოლში ასევე აღნიშნულია, რომ პლაქვენილი გამოიყენება მხოლოდ კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების დროს და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. შესაბამისად, კატეგორიულად დაუშვებელია ამ მედიკამენტის გამოყენება პროფილაქტიკის მიზნით, ვინაიდან მისმა არამიზნობრივმა გამოყენებამ შესაძლოა, სერიოზული ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას.
გარდა პლაქვენილისა, პროტოკოლის თანახმად, კორონავირუსის მკურნალობის პროცესში, ასევე შესაძლებელია გამოყენებული იყოს 9 დასახელების მედიკამენტი, მათ შორის, რემდესივირი, რომელიც ამერიკულმა კომპანია Gilead Science-მა თავის დროზე შექმნა ებოლას ცხელების სამკურნალოდ, თუმცა, ამ დაავადების ბრძოლის კუთხით ის ეფექტიანი არ აღმოჩნდა.






















