
მკლავჭიდის ფედერაციის მწვრთნელების განცხადებით, ფედერაციის პრეზიდენტს, სოსო ჯაჭვლიანს აქამდე პრემიებს უნაწულებდნენ, თუმცა იმის გამო, რომ ახლა ამ თანხას აღარ აძლევენ, ის მათ ჩანაცვლებას აპირებს. ამის შესახებ მწვრთნელებმა „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში ისაუბრეს.
საქართველოს მკლავჭიდის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, გენადი კვიკვინიას თქმით თავიდან, როცა ჯაჭვლიანი ფედერაციის პრეზიდენტად დაინიშნა, თავის საქმეს კარგად აკეთებდა, ამიტომ მწვრთნელებმა გადაწყვიტეს, თავიანთი წილი საკუთარი კეთილი ნებით ჯაჭვლიანისთვის გაეყოთ.
ბოლო დროს კი, კვიკვინიას თქმით, სოსო ჯაჭვლიანს ფედერაციისთვის არაფერი გაუკეთებია და კორონავირუსის პერიოდშიც არ დაინტერესებულა, რა მდგომარეობა აქვთ სპორტსმენებს.
„ჩვენი დღევანდელი შეკრების მიზანი არის ფედერაციაში არსებული პრობლემები. პრობლემა კი როგორც ყოველთვის უკავშირდება სოსო ჯაჭვლიანს. ხვალ ჯაჭვლიანმა დაგვიბარა გამგეობის სხდომაზე, სადაც დიდი ალბათობით ჩვენს ჩანაცვლებაზე იქნება საუბარი.
აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ ვისაუბროთ ფედერაციაში არსებულ პრობლემებზე.იყო პერიოდი, როცა ჩვენ მეგობრულად გვერდში დავუდექით, როგორც ფედერაციის პრეზიდენტს.
პრემიების აღების პერიოდში თანხის რაღაც ნაწილი მას მივუტანეთ, მაგრამ სოსო ჯაჭვლიანის მხრიდან არანაირ ქმედებას, დაინტერესებას, ბიუჯეტის მიზნობრივ ხარჯვას, ყურადღებას არ ჰქონია ადგილი.
ფედერაციაში არსებობს ძალიან დიდი პრობლემა, სახელმწიფომ დაგვინიშნა მწვრთნელებს პრემია, რომელიც არის კონკრეტულად ჩემი და სხვა მწვრთნელების, სპორტსმენის მიერ დადებული შედეგის 50%. აღნიშნულ თანხას, როგორ განვაგებთ ეს არის ჩვენი საქმე, შესაძლოა მე ავდგე და მეგობარს ვაჩუქო გარკვეული რაოდენობის თანხა, მაგრამ, როცა ხდება ესე, რომ ფედერაციის პრეზიდენტი არ ასრულებს თავის მოვალეობას, ბოლო პრემიობაზე ჩვენ ყურადღება არ მივაქციეთ სოსო ჯაჭვლიანს.
აქედან გამომდინარე ეს ადამიანი საერთოდ დაიკარგა, როგორც მანამდე არ ჩანდა. ბოლოს მოგვმართა წერილობით, რომ პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემების გამო უნდა შევიკრიბოთ და რაღაცა გადაწყვეტილებები მივიღოთ, ამასთან წერილში არის მითითება მწვრთნელების ჩანაცვლებასთან დაკავშირებით.
ჩვენი პოზიცია არის შემდეგი, რომ ჩვენ ჩასანაცვლებელი ხალხი არ ვართ, ვართ წარმატებული მწვრთნელები, ვზრდით მომავალ თაობასაც. ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ სოსო ჯაჭვლიანს ის ეწყინა, რომ ბოლო პრემიობის დროს უბრალოდ თანხა არ მივუტანეთ“, – განაცხადა გენადი კვიკვინიამ.
R
⭕Live: საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის მწვრთნელების განცხადება
⭕Live: საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის მწვრთნელების განცხადება
Posted by Prime Time on პარასკევი, 11 სექტემბერი, 2020






















