
„კრიტიკულ პაციენტზე ჩვენ ერთხელ გამოვიყენეთ გამოჯანმრთელებული პაციენტის პლაზმა“ – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.
თენგიზ ცერცვაძის თქმით, გამოჯანმრთელებული პაციენტის პლაზმა 83 წლის ქალბატონზე იქნა გამოყენებული, რომლის მდგომარეობაც კრიტიკულად მძიმედ ფასდებოდა.
მისივე განმარტებით, პლაზმის გამოყენების შემდეგ, პაციენტის მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა, თუმცა ვითარება მაინც მძიმედ ფასდება.
„ჯერ არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ რახან შეკითხვა დასვით ვალდებული ვარ გიპასუხოთ. დიახ, კრიტიკულ პაციენტზე ჩვენ ერთხელ გამოვიყენეთ გამოჯანმრთელებული პაციენტის პლაზმა.
ხშირად გესმოდათ, რომ ინფექციურ საავადმყოფოში წევს ერთი კრიტიკული პაციენტი, 83 წლის ქალბატონი, რომელსაც ჰქონდა მძიმე პნევმონია, გიპერტონული დაავადება და შაქრიანი დიაბეტი აქვს.
ის ჩვენს კლინიკაშიც და მთელ ქვეყანაში იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პაციენტი. ის ჟანგბადდამოკიდებულიც იყო, მართალია ინტუბირებული არ იყო, მაგრამ სისტემატურად სჭირდებოდა ჟანგბადის მიწოდება. ჩვენ გამოვიყენეთ პლაზმის გადასხმა ორჯერ და ასევე გამოვიყენეთ ძლიერმოქმედი მედიკამენტი ტოცილიზუბაბი.
ამაზე მოვაწყობთ სპეციალურ ბრიფინგს, მაგრამ ჯერ არ გვინდოდა ამის გაკეთება, რადგან ჯერ არ ითვლება, რომ გამოვიდა კრიტიკული მდგომარეობიდან, თუმცა კრიტიკულობის პიკმა გაიარა. ჯერ ეს პაციენტი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში.
უფრო ზუსტად ამ პაციენტზე ინფორმაციას მოგაწვდით ორ-სამ დღეში, როცა ან კრიტიკული პერიოდი გაივლის და ის გამოჯანმრთელდება, ან შედეგი იქნება არასასურველი, რისი დაშვებაც არ მინდა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ამ დროის მონაცემებით, ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 638 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 317 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 11 კი გარდაიცვალა.






















