10:30 | 2020-10-01 ავტორი: მარი ჯაფარიძე

ჯერ გახდება ავადმყოფი და მერე შეიძლება მოკვდეს – რას ფიქრობენ ბავშვები COVID-19-სა სა ახალ სასწავლო წელზე

ჯერ გახდება ავადმყოფი და მერე შეიძლება მოკვდეს – რას ფიქრობენ ბავშვები COVID-19-სა სა ახალ სასწავლო წელზე

მსოფლიოში არსებული პანდემიური სიტუაციის გამო ახალი სასწავლო წელი საქართველოს დიდ ქალაქებსა და სოფლების ნაწილში ონლაინ რეჟიმში დაიწყო.

დღეს, 1-ელ ოქტომბერს, I-VI კლასელებისთვის კი სკოლის კარი გაიღო და მათ უკვე შეუძლიათ სწავლა საკლასო ოთახებში გააგრძელონ.

 

ახალი სასწავლო წელი მშობლების და მოსწავლეებისთვის საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა.

 

„პრაიმტაიმი“ მოსწავლეებსა და სტუდენტებს გაესაუბრა: აი, როგორი განწყობა აქვთ მათ და რას ფიქრობენ კორონავირუსის გამო შექმნილ მდგომარეობაზე.

 

იოანე ჟვანია, ჩხოროწყუს პირველი საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლე:

 

 

– დილით ჩვეულებრივ მივედით სკოლაში. ჩვენ პირბადეები არ გვეკეთა, მხოლოდ მასწავლებლებს ეკეთათ. სკოლის დერეფანში, კედელზე იყო დაკიდებული სადეზინფექციო სხნარი და მასწავლებელმა გვითხრა, რომ ყოველ შესვენებაზე ხელებზე უნდა დაგვესხურებინა. მასწავლებლის მითითებებს ვასრულებდით. დერეფანში ისრები იყო დახატული, როგორ უნდა გვემოძრავა ბავშვებს და ადრე რომ ვთამაშობდით და ერთმანეთს ვეჭიდავებოდით, ახლა ასე აღარ ვიქცეოდით, დისტანციას ვიცავდით.

 

– იცი, COVID-19 რა არის?

 

– დიახ, ვიცი, ეს არის ვირუსი და თუ ვინმეს შეხვდა, ჯერ გახდება ავადმყოფი და მერე შეიძლება მოკვდეს.

 

– გინდოდა სკოლაში სიარული თუ დისტანციურად გერჩივნა სწავლა?

– დიახ, ძალიან მინდოდა სკოლაში მისვლა. გაზაფხულზე ონლაინ გაკვეთილები რომ გვიტარდებოდა, ეგ არ მომწონდა, ბავშვებთან მინდოდა და ახლა გამიხარდა, რომ სკოლაში უნდა ვიარო.

 

 

მარიამ ლომუაშვილი, ხაშურის საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლე:

 

 

– დღეს სკოლაში რომ მივედით, სიცხე გაგვიზომეს და ხუთ-ხუთი ბავშვი შეგვიშვეს. ბავშვები ვცდილობდით, რომ დისტანცია დაგვეცვა და მასწავლებელმა რაც გვითხრა, ყველა მოთხოვნა შეგვესრულებინა.

 

სკოლაში იყო დეზობარიერიც და სადეზინფექციო სითხეც.

არ მინდოდა, რომ დისტანციურად გვესწავლა, სკოლაში სიარული მირჩევნია.

 

„კოვიდის“ შესახებ ის ვიცი, რომ არის ვირუსი და საშიშია, რადგან იწვევს სუნთქვის გაძნელებას, ფილტვების პრობლემას და ადამიანს აქვს მაღალი სიცხე.

 

 

 

 

 

 

 

 

საბა ლაბაძე, ლაგოდეხის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე:

 

 

 

– სკოლაში გავიარეთ თერმოსკრინინგი. მასწავლებლები პირბადეებით იყვნენ, კლასში გვაქვს დეზინფექციის საშუალებები.

 

ბავშვები ვიცავთ დისტანციას. წინა წელთან შედარებით ის განსხვავებაა, რომ მასწავლებლები ჩვენთან ახლოს არარ მოდიან და მშობლებს სკოლის შენობაში არ უშვებენ.

 

 

გვაქვს მკაცრი კონტროლი, მაგრამ მაინც კარგია, რომ სკოლაში დავდივართ და დისტანციურად არ ვსწავლობთ, რადგან დისტანციური სწავლება არაფრის მომტანია.

 

ქრისტინე ხაბეიშვილი, ბათუმის მე-16 საჯარო სკოლა, XII კლასი:
– როცა გავიგე, რომ კვლავ ონლაინ სწავლებაზე გადავდივართ, არ მესიამოვნა. ვიაზრებ ქვეყანაში არსებულ დიდ პრობლემას, მაგრამ ჩემთვის მაინც მიუღებელია სწავლის ეს მეთოდი, რადგან მოსწავლეები ძირითადად, არ ერთვებიან საგაკვეთილო პროცესში.
ხან სახლში არ არიან, ხან ტექნიკური ხარვეზია და უამრავი მიზეზი მოიძებნება, რითიც შეძლებენ, რომ ონლაინ საგაკვეთილო პროცესი თავიდან აირიდონ.
მე პირადად, ამ მეთოდს პლუსს მხოლოდ იმიტომ დავუწერდი, რომ სახლში ბევრად უსაფრთხოდ ვგრძნობთ თავს კოვიდთან მიმართებაში, თუმცა დანარჩენი კი „საპლუსო“ არაფერია ჩემთვის, რადგან დავკარგეთ პასუხისმგებლობა, გადავეჩვიეთ ერთად მსჯელობას, არ ვუთმობთ საკმარის დროს განათლების მიღებას და ზოგიერთი მასწავლებელიც არ არის ისე განწყობილი, როგორც უნდა იყოს.
საბოლოო ჯამში, მგონია, რომ მხოლოდ და მხოლოდ უარყოფითად მოქმედებს ონლაინ სწავლება ჩვენზე. თითოეული ჩვენთაგანი ისეთი სერიოზულობით არ აღიქვამს ამ ყველაფერს, რგოორც საჭიროა. 
ჩვენს შემთვევაში, არ ხერხდებოდა მყარი კომუნიკაცია მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის. ყველა მოდუნებულია, მასწავლებელიც და მოსწავლეც.
ავტორი: მარი ჯაფარიძე

X